ნაომი ოსაკას პირველ რაუნდში სამი სეტის თამაში დასჭირდა - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე
ნაომი ოსაკას პირველ რაუნდში სამი სეტის თამაში დასჭირდა - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე

რთული სტარტი აიღო აშშ-ის ღია პირველობაზე ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ნაომი ოსაკამ. იაპონელი პირველ წრეში თავის თანამემამულე მისაკი დოის ხვდებოდა და სამი სეტის ჩატარება დასჭირდა შემდეგ რაუნდში გასასვლელად – 6:2, 5:7, 6:2. თამაში ორი საათი და შვიდი წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ცინცინატის ტურნირზე ოსაკამ ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ ტრავმის გამო არ ითამაშა და ტიტული უბრძოლველად ჩააბარა ბელარუს ვიქტორია აზარენკას. ამიტომაც, ყველას აინტერესებდა ფავორიტის სათამაშო და ფიზიკური ფორმა.

პირველ სეტში ოსაკამ ორი ბრეიკი შეასრულა ისე, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა. მეორე სეტში დოის ჰქონდა უპირატესობა, პარტიის სტარტზე შეასრულა ბრეიკი, თუმცა, პირველ ჯერზე სეტზე ვერ ჩააწოდა, რადგან ოსაკამ უკუბრეიკი შეასრულა. მე-11 გეიმში დოიმ სამი დაფარული მატჩბოლი მოიგერია და მე-12 გეიმში შესრულებული ბრეიკით სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ოსაკამ დაიბრუნა ინიციატივა. პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რასაც მეორე გეიმში დოის გაბრძოლება მოჰყვა – მან ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა. ამის შემდეგ, ოსაკამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მეორე წრის საგზური მოიპოვა. იაპონელის მომდევნო მეტოქე ყოველთვის სახიფათო იტალიელი კამილა ჯორჯი იქნება.

დატოვე კომენტარი