გოგა ბითაძის 5 წუთი, ინდიანას მარცხი

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „მაიამის“ წინააღმდეგ ითამაშა და 92:114 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ მესამე პერიოდში შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაიამელები ამ მეოთხედში 18 ქულით დაწინაურდნენ (85:67), რაც „ინდიანას“ თამაშის გათვალისწინებით აღმოუფხვრელი ჰანდიკაპი იყო.

მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა გოგა ბითაძე მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ამ მოკლე დროში ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო. სამქულიანი არ უსვრია, 2 ორქულიანიდან კი ერთი გამოიყენა. „პეისერსში“ ყველაზე მეტი, 14 ქულა ვიქტორ ოლადიპომ მოაგროვა.

„მაიამი ჰიტის“ გამარჯვება ჯიმი ბატლერისა და დერიკ ჯონსის კარგმა თამაშმა განაპირობა. პირველმა 19 ქულა (10 მოხსნა) ჩააგდო, მეორემ – 18.

44 მოგებით (27 წაგება) მაიამელები აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზე არიან, ერთით ნაკლები გამარჯვება აქვს და მეხუთე პოზიციაზეა „ინდიანა“. პლეი ოფშიც, დიდი ალბათობით, ამ ორ გუნდს მოუწევს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში.

„პეისერსს“ მომდევნო შეხვედრა 13 აგვისტოს „ჰიუსტონ როკეტსის“ წინააღმდეგ ელის.

დატოვე კომენტარი