11 ტურია, „ლოკომოტივს“ ქულაც არ აუღია - „სამგურალი“ მოგებით დაწინაურდა #1TVSPORT
11 ტურია, „ლოკომოტივს“ ქულაც არ აუღია - „სამგურალი“ მოგებით დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა – „ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულა ამჯერადაც ვერ მოიპოვა.

წყალტუბოელებმა მატჩი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს და ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. დემურ ჩიხლაძის გადაცემით, 39-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ „სამგურალმა“ მეტოქის კარი მეორედაც აიღო. საკუთარ საჯარიმოში თბილისელთა მცველმა, ანდრო გიორგაძემ სტუმართა შემტევი ირაკლი რუხაძე მოცელა და „ლოკომოტივის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუხაძემ თავად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 „სამგურალის“ სასარგებლოდ.

მე-11 მატჩში მე-11 მარცხი – ასეთია ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „ლოკომოტივის“ სამწუხარო შედეგი მიმდინარე სეზონში და კლუბი ბოლო ადგილზეა. სამწუხაროდ, ფინანსურმა პრობლემებმა გუნდი საგრძნობლად დაასუსტა. წყალტუბოს „სამგურალმა“ კი 17 ქულა დააგროვა, „თელავს“ (16) გადაასწრო და მე-5 პოზიციაზე დაწინაურდა.

თ ქ

1. დინამო ბთ 11 24

2. დილა 11 22

3. დინამო თბ 11 19

4. საბურთალო 11 18

5. სამგურალი 11 17

6. თელავი 11 16

7. გაგრა 11 14

8. ტორპედო 11 11

9. სიონი 11 10

10. ლოკო 11 0