11 ოქტომბერს, აბუ დაბიში ორი ქართველი იბრძოლებს - ილია თოფურია სადებიუტო ბრძოლას იუსუფ ზალალის წინააღმდეგ გამართავს
11 ოქტომბერს, აბუ დაბიში ორი ქართველი იბრძოლებს - ილია თოფურია სადებიუტო ბრძოლას იუსუფ ზალალის წინააღმდეგ გამართავს

23 წლის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 11 ოქტომბერს აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე მაროკოელი იუსუფ ზალალი იქნება. „მაროკოელ ეშმაკს“ UFC-ში დებიუტი 8 თებერვალს, UFC 247-ზე ჰქონდა, სადაც ამერიკელ ოსტინ ლინგოს სძლია. მიმდინარე წელს მან კიდევ ორჯერ იბრძოლა და ორივე დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.

თოფურია ქვემსუბუქი (featherweight) წონის წარმომადგენელია. მას 100%-იანი ვადამდელი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. შვიდი ორთაბრძოლა ილიამ პირველივე რაუნდში დაასრულა, ხოლო ერთში მეორე რაუნდში გაიმარჯვა.

თოფურია გერმანიაში დაიბადა, მაგრამ საქართველოსა და ესპანეთის სახელით ასპარეზობდა. UFC-ში ის მხოლოდ საქართველოს სახელით გამოვა. თოფურია სტოკჰოლმში გურამ ქუთათელაძესთან ერთად ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ქარდზე UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება გიგა ჭიკაძე, რომლის მეტოქე ომარ მორალესი იქნება.