101-ე მატჩი საქართველოს ნაკრებში - გურამ კაშია „ჯვაროსნების“ რეკორდსმენია #1TVSPORT
101-ე მატჩი საქართველოს ნაკრებში - გურამ კაშია „ჯვაროსნების“ რეკორდსმენია #1TVSPORT

გურამ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია – „ჯვაროსნების“ კაპიტანმა მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში, ეროვნული გუნდის ფორმა 101-ედ მოირგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

გურამ კაშია მესამე მოთამაშეა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. პირველად ეს ლევან კობიაშვილმა მოახერხა, შემდეგ ჯაბა კანკავამ, მაგრამ ორივემ ამის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა, კაშია კი ნაკრებში თამაშს განაგრძობს.

გურამ კაშიას სანაკრებო კარიერა 2009 წელს დაიწყო. „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ითამაშა, (10 მატჩი, 2 გოლი), შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მისი სანაკრებო დებიუტი 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა.

კაშია ორჯერ, 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. მე-100 სანაკრებო მატჩი ერთა ლიგაში, გიბრალტარის წინააღმდეგ 2022 წლის 26 სექტემბერს ჩაატარა. ამ პერიოდში კაშიამ 3 გოლი გაიტანა.