1 აპრილი რობერტ შავლაყაძის დაბადების დღეა
1 აპრილი რობერტ შავლაყაძის დაბადების დღეა

1933 წლის 1 აპრილს ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე დაიბადა.

რომის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით 1960 წლის ოლიმპიური თამაშები განსხვავებული იყო. მაშინ იტალიელებმა იდეა, რომ ანტიკური გარემო თანამედროვე სპორტს მორგებოდა წარმატებით შეასრულეს.

რომის ოლიმპიადა იყო პირველი, რომლის ტელერეპორტაჟებიც ფართოდ გადაიცა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და მას თვალს ადევნებდა მილიონობით გულშემატკივარი. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიამდე ოლიმპიადის მონაწილეები მუსლიმებისა და ბუდისტების ჩათვლით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეიკრიბნენ, რათა რომის პაპის, იოანე XXIII-ის კურთხევა მიეღოთ. მათ შორის არ იყვნენ მხოლოდ სსრ კავშირის ოლიმპიური დელეგაციის წევრები.

რომში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და ამერიკელთა ჰეგემონია დაამხო ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა რობერტ შავლაყაძემ. მან დაძაბულ ბრძოლაში უდავო ფავორიტად მიჩნეული ამერიკელი ჯონ თომასი და თანაგუნდელი ვალერი ბრუმელი დაამარცხა. თომასმა საბოლოოდ 214 სანტიმეტრი დაძლია, შავლაყაძემ და ბრუმელმა კი – 216, რაც ოლიმპიური რეკორდიც იყო. რეკორდსმენად ორივე მძლეოსანი აღიარეს, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გახდა, რადგან მან სარეკორდო სიმაღლე ნაკლები ცდით აიღო.

რომის ოლიმპიურ სტადიონზე მოპოვებული გამარჯვება რობერტ შავლაყაძისათვის შემთხვევითი არ იყო.

1959 წელს აშშ-ის და საბჭოთა კავშირის მძლეოსანთა ტრადიციული „გიგანტთა მატჩი“ გაიმართა. ტურნირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელებმა სიამაყით განაცხადეს, რომ სიმაღლეზე ხტომა ჩვენი სახეობაა და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩებაო. მაშინ ამერიკელთა ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი (214 სმ) ჩარლზ დიუმასი იცავდა. მართალია შედეგი მოკრძალებული იყო 208 სმ. მაგრამ რობერტ შავლაყაძემ პირველობა არავის დაუთმო, მაშინ ამერიკელებმა ეს ყველაფერი შემთხვევითობას მიაწერეს და საბჭოთა მძლეოსნებს ამერიკაში შეხვედრის იმედად დაემშვიდობნენ.

60 წლის წინ მარადიული ქალაქის „ფორო იტალიკოზე“ ქართველმა მძლეოსანმა მაყურებელთა სრული მხარდაჭერის სანაცვლოდ სამყაროს გაოცება შეძლო. მეორე დღეს იტალიურ პრესაში წერდნენ:- „რობერტ შავლაყაძე რომის XVII ოლიმპიადის ჭეშმარიტი გმირია. ამ 27 წლის შავგვრემანმა ულვაშა სპორტსმენმა, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს იტალიელს, შეუძლებელი შეძლოო“… „სიმაღლეზე ხტომის ოქროს წიგნში დღემდე არ იყო არც ერთი ევროპელის სახელი. თბილისელმა რობერტ შავლაყაძემ ამ მატიანეში ახალი ფურცელი ჩაწერაო”.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ თურმე შვედეთის რადიოს კომენტატორი ჟურნალისტ ნიკოლაი ოზეროვს კაბინაში შეჭრია და აღფრთოვანებულს უთქვამს: „ჩვენ მივეჩვიეთ, რომ თქვენ შესანიშნავ წარმატებებს აღწევთ კოსმოსში, რაც დღეს რომის სტადიონზეც დადასტურდა. ოლიმპიურ სარბიელზე მართლაც უშეღავათო ბრძოლა იყო კოსმოსისთვის, ოღონდ სიმაღლეზე ხტომაში“.

ქართველი მძლეოსანი 1962 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე იყო, ორი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მსოფლიოს 6-გზის რეკორდსმენი ვალერი ბრუმელი დაამარცხა. სოციალისტური ქვეყნების თამაშებზე რობერტ შავლაყაძემ შვიდჯერ ოქროს მედალი დაიმსახურა. ერთხელ ბრუმელს უთქვამს, სადაც შავლაყაძე მონაწილეობს იქ გამარჯვება მიჭირსო. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რობერტ შავლაყაძე მეხუთე ადგილზე გავიდა.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ის კონგოს მძლეოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და მისი შვიდი შეგირდი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა.

ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე 2020 წლის 4 მარტს გარდაიცვალა.