0:3 წაგება და 5 მატჩი უმაყურებლოდ - „ტორპედო“ და „დინამო“ ჩაშლილი მატჩისთვის დასაჯეს #1TVSPORT
0:3 წაგება და 5 მატჩი უმაყურებლოდ - „ტორპედო“ და „დინამო“ ჩაშლილი მატჩისთვის დასაჯეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ ჩაშლილი მატჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია – ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი, 2022 წლის 29 აპრილს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, დამატებულ დროში შეწყდა, რადგან მოედანზე გულშემატკივრები შევარდნენ და დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, „თბილისის დინამოს“ 2 400 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ქუთაისის „ტორპედოს“ ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 „დინამოს“ სასარგებლოდ და ქუთაისელები მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავენ. ამას გარდა, ქუთაისის „ტორპედოს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით.

ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა „დინამოს თბილისის“ ორ ფეხბურთელს – გიორგი პაპავას (3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია) და დიმიტრი ანტილევსკის (4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია). ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა „დინამო თბილისის“ მეკარეების მწვრთნელს, ევგენი ტაიკევიჩს.

ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებს – ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე მწვრთნელის ასისტენტს, შოთა ბაბუნაშვილს. ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელს – თეიმურაზ ჯანაშიას.