ზვიგენები იენს ბიორნებუ
ზვიგენები იენს ბიორნებუ

ხანდახან, ისე მარტივად იციან ხოლმე საოცარ-საოცარი ამბების გაშიფრვა, ამათ, ლიტ. მიმომხილველებმა და კრიტიკოსებმა და კიდევ სხვა დანარჩენმა ლიტერატურულმა ექსტრასენსებმა. იტყვიან, ჰოო, ავტორმა ამაში ის იგულისხმა და ბასტა, ეგაა, ეგ უგულისხმია. არადა, ჩიბუხი ხან მხოლოდ ჩიბუხია და ხან კი ფსიქომოტორული მაიმუნი. რას გაიგებ! არადა ეგეთი ამბავია, იენს ბიორნებუ არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ევროპელი მწერალი, ნორვეგიელი, სახელდობრ. მრავალმხრივი, თავისი ატმოსფეროს მქონე, განსაკუთრებული ხედვით და ვიზუალური ფილოსოფიით. რა გასაკვირია, მხატვარიც იყო. ის კი არა, ბევრი მხატვრად უფრო იცნობს, მაგრამ ფაქტია, ეგ კაცი წერდა და თანაც – მაგრად! ბოლოს კიდე „ზვიგენები“ დაწერა, რომანი, რომელზეც, აი, რაო:

ეგო, მსოფლიოს მოდელიაო, ანდა დედამიწისო.. არა, მოიცა, მოიცა, თავიდან დავიწყოთ.. ამ „ზვიგენებში“ იენსმა საინტერესო ამბავს მოყვა.. მოკლედ, გემია, ოკეანეში მიცურავს და გარშემო მთელი ცურვისას ზვიგენები მიყვებიან, კაი ძვირიანი ესკორტივით, მიყვებიან, მიყვებიან და უცებ ბახ! შტორმი! გემი იძირება, არადა გარშემო ზვიგენები.. თან რა გემია ეს გემი, რაღაც უბრალო ტიტანიკი-ბრიტანიკი კი არა, უჰ, კოსმოგონიური გემია, ტრანსცენდენტული გემია, რამეუცნაურინტელექტუალურტერმინული გემია.. ზედ ყველა ჯურის ადამიანს მოუყრია თავი, ისეთებს, ასეთებს, მოისეთოებს და მოასეთოებს.. ჰოდა, სადაც კი ამ წიგნზე მიმოხილვას წაიკითხავთ, ყველა იმას უბნობს, რომე ეს გემი დედამიწის, კერძოდ – კაცობრიობის სიმბოლოა, რომელიც ტალღებს მიაპობს შეუპოვრადო, ეს ზვიგენები კიდე ადამიანური დემონები არიან, რომელიც ჩვენს ევოლუციას თან სდევენ მარადჟამსო, მერე კიდე უცნაური ამბები ხდება, ჩვენი პერსონაჟები გადარჩებიან და რაღაც კუნძულზე გაირიყებიან, არა, ყველა კი არ გადარჩება, მარტო ისინი, ჩვენები ვისაც ჰქვიათ მართლა.. იმ კუნძულზე მინიანარქისტული მოდელი იქმნება თავისთავად, რაც არცაა გასაკვირი იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იენს ბიორნებუ თავადაც ანარქისტული მისწრაფებების ადამიანი იყო.. მერე კიდე რა მოხდება აღარ გეტყვით ეხლა, მაგრამ რისი თქმა მინდა:

სინამდვილეში „ზვიგენები“ ძაან მაგარი წიგნია და არც ასე ერთი ახსნით შემოიფარგლება! სინამდვილეში ე მაგ წიგნში ბევრად დიდი ამბები ხდება ვიდრე უბრალოდ კაცობრიობის მოდელის მარტივი პარალელია. ეგ ზვიგენები კიდე, ზოგი მკითხველისთვის შიდა, მოუსვენარი დემონებია, ზოგისთვის – ანგელოზები, ზოგისთვის კიდე – ადამიანები. მაგ ზვიგენებს თავისი სილამაზეც აქვთ და ცდუნებათ, საფრთხეებიც არიან და შიშებიც. ის გემი, ჩემის მოკლე ჭკუით, კი, კაცობრიობაცაა, მაგრამ არამხოლოდ.. სივრცეცაა და დროც.. უჰ, მერედა ისეთი ხელწერა აქვს ბიორნებუს, სისხლის გამყინავი, ნორვეგიული ფიორდებიდან წყალში გადავარდნილი კაცის გულისცემასავით, ცივი და ამავდროულად – ღრმა.. ჩრდილოეთის ზღვის ჰავა მოაქვს, არქტიკული ზიზილ-პიპილებითა.

წაიკითხეთ რა, არის ქართულად, როგორც ჩვენი მამაპაპანი იტყოდნენ, თავს ნუ მასპოილებინებთ, თქვენით წაიკითხეთ და იმოგზაურეთ პედერ იენსენთან ერთად, რომლის პროტოტიპიც, როგორც ამბობენ თავად იენს ბიორნებუაო. თუგინდ აჯანყდით და თუგინდ ზვიგენებს შეებრძოლეთ, მაგრამ ჰქენით ეგა ისე, როგორადაც გენებოთ.