თეკლა გოცაძე - უკანასკნელად როცა მოვედი
თეკლა გოცაძე - უკანასკნელად როცა მოვედი

მას სჯეროდა, რომ ოდესღაც თამარ მეფის კაბის კალთა ეჭირა ხელში. სჯეროდა, რომ ბალზაკთან სადილი გაუზიარებია, რომ სტალინისთვის ულვაში შეუკრიჭავს, რომ ანდების თავზე უფრინავს, რომ ტყეში საკუთრი ფლოქვების თქარუნით უნავარდია, რომ ავსტრალიური ბაობაბის ტოტზე დაუძინია, რომ დედამიწაზე პირველი ცეცხლი მას დაუნთია და ა. შ. მაგრამ არა ამ ცხოვრებაში! არა! ამ ცხოვრების გარდა კიდევ მრავალჯერ უცხოვრია გარდა კიდევ მრავალჯერ უცხოვრია. ასე სჯეროდა მას!

-სულ რამდენი ცხოვრება გქონდა, ხატია?

-ოცდათორმეტი. მე მხოლოდ ოცდათორმეტი მახსოვს, მაგრამ სხვებსაც გავიხსენებ.

ამ პასუხს უფრო ხშირად სიცილი მოსდევდა ხოლმე, სიცილს ხატიაც აყვებოდა. გულს რომ იჯერებდნენ, ახალი კითხვა იბადებოდა:

-ყველაე მეტად რომელი ცხოვრება მოგწონს, ხატია?

-ახლანდელი.-თვალებიდან მხიარულ ნაპერწკლებს აკვესებდა გოგონა,

-რატომ?-უკვირდათ სხვებს.-განა ჯუნგლებში ცხოვრება არ გიჯობდა?

-არა. ეს ბოლოა, ბოლო რომაა, იმიტომაც მიყვარს. თანამოსაუბრე გაკვირვებით თვალებს დააჭყეტდა:

-რა იცი, რომ ბოლოა?

-იმიტომ, რომ სხვა ყველა ცხოვრება მახსოვს.-არ დაიზარებდა პასუხს ხატია.

ამიტომ ყველას გიჟი ეგონა იგი.

ერთხელ დედამ ფსიქოლოგთანაც კი წაიყვანა, მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და მხოლოდ ოთხი ცხოვრება ასოვდა. ფსიქოლოგი ხან ასე მიუდგა, ხან ისე… ათასი ხერხით შეეცადა მის გადარწმუნებას. ხატია კი უბრალოდ ლაპარაკობდა. ლაპარაკის დროს იღმოდა და არასოდეს ბრაზდებოდა, თუკი მისი არ სჯეროდათ. ბოლოს, როცა ფსიქოლოგმა ყოველგვარი იმედი გადაიწურა, რომ რამეს გახდებოდა, ამოიგმინა. ხატიამ უთხრა:

-არაუშავს, თუ ჩემი არ გჯერათ, მეც არ მჯერა, რომ თავად მიატოვეთ თქვენი ყოფილი ქმარი. -სკამიდან გაჭირვებით ჩამოძვრა და  მას შემდეგ ექიმის კაბინეტში ფეხი აღარ შეუდგამს.

ავად არასოდეს ხდებოდა. მისი თქმით, ბოლო ცხოვრებაში ავად არ ხდებიან. ამ ცხოვრებაში ყველა დანარჩენს აჯამებ და მერე კვდები.

-რომ მოკვდები, სად წახვალ?- ჰკითხავდნენ ხოლმე. ამაზე ხატია წარბებს მაღლა ასწევდა, ღიმილს სახიდან ჩამოირეცხავდა და გაკვირვებით ეტყოდა:

-აბა, მე რა ვიცი?!-მერე დაამატებდა:-გიჟი ხომ არა ხარ?!

ხატია არასოდეს ამტკიცებდა, რომ ოდესღაც კოალას სხეულში უცხოვრია. უბრალოდ, ყველაფერს ისე დარწმუნებით ყვებოდა, შეკამათებას არავინ ფიქრობდა. არც უჯერებდა ბოლომდე ვინმე, მაგრამ ყველაზე ფანატიკოსი ბერიც კი დაეჭვდებოდა თავის სარწმუნოებაში მისი მოსმენის შემდეგ.

-როგორ გახსენდება ხოლმე ძველი სიცოცხლეები?

ეს კითხვა ხატიას ყველაზე მეტად უყვარდა. მასზე პასუხისას მოსაუბრეებისკენ გადაიხრებოდა, ხელებს მუხლებზე დაიწყობდა და თითქმის ჩურჩულით ეუბნებოდა:

-მესიზმრება! ყველაფერს სიზმრებში ვხედავ!

შემდეგ პაუზა.

მონუსხულ ცნობისმოყვარეს ახალი კითხვა უჩნდებოდა:

-და როგორ არჩევ ნამდვილსა და შემთხვევით დასიზმრებულს?

ამაზე ხატია წკრიალა ხმით გაიცინებდა და თავდაჯერებით უპასუხებდა:

-მაგის ვერ-გარჩევა არ შეიძლება! შენც გაარჩევ, დრო რომ მოგივა!

ხატიას ზურგს უკან ბევრი დასცინოდა. მისი მშვენიერებით შურით აღვსილი და მისი უცნაურბით გაღიზიანებული თანატოლები მუდამ ეკლიანი ჭორებით უფენდნენ ხოლმე ბილიკს, რომელიც გოგონას შიშველი ფეხებით უნდა გაევლო.

-ხატია, ჩემო ლამაზო, ასეთ რამეებს ნუ ლაპარაკობ, გულს ნუ მიხეთქავ! -ცრემლიანი თვალებით ეხვეწებოდა დედა.

-ჩემი არ გჯერა და იმიტომ გავჩუმდე?-ბრაზდებოდა იგი.

დედას გული უკვდებოდა, ამას რომ ისმენდა. თავს გამოიდებდა, როგორ არ მჯერაო! ცოტას რომ დაწყნარდებოდა, ხელახლა დაიწყებდა ლაპარაკს:

-მე კი მჯერა, მაგრამ სხვებს სჯერათ?

-და თუ არც სჯერათ, რა!-წამოიძახებდა უჩვეულო სიფიცხლით.

-ხატია! ჩემო ხატია! დიდი ხარ, უკვე დიდი ხარ და მომისმინე, ჩემო გოგო! ხალხს არ უყვარს უცნაურები. ხალხს ჰგონია, რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს… გაგაწამებენ, დედი, ცხოვრებას გაგიმწარებენ! მიხვდებიან, სხვანაირი რომ ხარ და არ მოგასვენებენ!

ხატია თავის გაქნევით მოიშორებდა თავიდან და აღარ უსმენდა.

-ეს ბოლოა, დედა! რა მნიშვნელობა აქვს, ბოლო სიცოცხლე როგორი მექნება?-მაგრამ სიტყვას როგორც კი დაამთავრებდამ გაიფიქრებდა, სინამდვილეში მხოლოდ ბოლო ცხოვრება ნიშნავს რამეო.

ჭორები არ ადარდებდა ხატიას. არც ერთ რისკს არ ერიდებოდა და თითქოს ყველანაირი პრობლემა წვრილმანი იყო მისთვის. იცოდა, მხოლოდ მაშინ მოკვდებოდა, როცა ყველა ცხოვრებას გაიხსენებდა, ამიტომ არაფერზე დარდობდა, დინებას მიჰყვებოდა და საათებს მხოლოდ ფიქრში ატარებდა.

ხშირად, როცა მეგობარი დაიწუწუნებდა, როგორ ცივაო, ხატია ენერგიულად მიუგებდა:

-შენ სამხრეთ პოლუსზე უნდა ნახო რა ხდება!

-აა, მანდ რომელ ცხოვრებაში იყავი?-მობეზრებით გადაატრიალებდა თვალებს მეგობარი.

-მეთორმეტე… თუ მეცამეტე?..

ხანდახან, ქუჩაში სიარულისას, გაჩერდებოდა, ხეს მივარდებოდა და ჩაეხუტებოდა.

-წინა ცხოვრებაში მისი ძმა ვიყავი. გვერდი-გვერდ ვიდექით და საათობით ვეჩურჩულებოდით ერთმანეთს… მერე მომჭრეს…-თავის საქციელს ხსნიდა მოგვიანებით.

ერთხელ ლაბორატორიიდან საცდელი ცხოველები გამოაპარა. ამის გამო ქეჩოში ხელი წაავლეს და გისოსებს მიღმა უკრეს თავი. დედამისმა ღაწვების ხოკვა დაიწყო. ხომ გეუბნებოდიო, გაიძახოდა. ხატიას წარბი არ შეუხრია, ისე მიაშურა საკანს. იქ საინტერესო კამპანია ელოდა.

რამდენიმე თვე დაჰყო ციხეში. თავის ოცდათორმეტი ცხოვრების ისტორია უკლებლივ მოუყვა პატიმრებს. იქ ყოფნისას კიდევ ორი გაიხსენა.

-სულელი ხარ!-წამოიძახა ერთხელ მისმა თანამესაკნემ, რომელიც შუახანს გადაცილებული უშნო დედაკაცი იყო, რომლის სახის კუნთებსაც ღიმილის მაგვარი მოძრაობა წლების მანძილზე არ განეცადათ.-ერთია ეს ცხოვრება! ერთია და წამებაა! სულელი!

ხატია ფეხზე წამოდგა, წარბი შეკრა და მკაცრად უპასუხა.

-შენ სხვა სამყაროში ცხოვრობ. შენტან როგორაა, არ ვიცი, მაგრამ ჩემს სამყაროში მე 34-ჯერ მოვედი.

ქალი გაჩუმდა, სახეზე გაოცება გამოეხატა, ვერ გაეგო, რას ეუბნებოდნენ.

-რაებს ბოდავ! სამყაროც ერთია!

ხატიამ უფრო დაკვირვებით შეხედა.

-თუ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, მაშ შენ უბედური რატომ ხარ და მე-ბედნიერი?

საკანში სიჩუმე ჩამოწვა, პატიმრები გაიტრუნნენ.

-ჩემი სამყარო ისაა, რისიც მჯერა. მე იმის მჯერა, რომ სამყარომ უკვე 34 შესაძლებლობა მომცა, რომ სრულყოფილი ვყოფილიყავი. და სიკვდილის წინ მივაღწევ კიდეც ამ სრულყოფილებას! ჩემი სამყარო კეთილია, იმიტომ, რომ სიკეთის მწამს. მე 34-ჯერ ვიცხოვრე იმიტომ, რომ ასე მჯერა.

სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ საკნის იატაკზე ჩაიკეცა. სუნთქვა შეეკრა, თვალები ბოლოჯერ გაახილა, ტუჩები აამოძრავა და ჩუმად ამოთქვა:

-მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ამ ბედნიერების მწამს. -და თვალები დახუჭა. იგი იატაკზე იწვა, უსულო და სრულიად სრულყოფილი.

თეკლა გოცაძე, 15 წლის.

175-ე საჯარო სკოლა.