თამუნა ჯინჭველეიშვილი - გარიყულა
თამუნა ჯინჭველეიშვილი - გარიყულა

ჭიშკარი გაიღო. ფართოდ გახელილი ფანჯრებიდან სიცარიელემ გამოიჭყიტა. მაშინვე იცნო სახლმა მავანი. ფოსტალიონი იყო. ჩვეული, დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა სახლის კარებს და წერილი შეაცურა. ფოსტალიონს საკვამურიდან ამოსული მარტოსულობის კვამლი სულს აუშლიდა ხოლმე და იქაური სევდაც თავბრუს ახვევდა. მაგრამ თავის სამუშაოს მაინც ასრულებდა, თანაც პირნათლად.

წლებია ასე გრძელდება. უფრო  ზუსტად კი 1975 წლიდან, მას შემდეგ რაც მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს ჰაერში დაშორდნენ. მოწაფემ გაუმხილა თავის მასწავლებელს, რომ ამ ცათმფრენზე აღარ დაედგომებოდა, გულს მიწისქვეშა საიდუმლოებები უფორიაქებდა და ქვეგრიალას აზსრსაც ისე შეეპყრო, როგორც თავის, დროზე მასწავლებელი ‘გიგანტური ქათმის’ იდეას. დამშვიდობების ნიშნად  ორივემ საჩვენებელი თითი შუბლთან მიიტანა და ჰორიზონტის ოთხივე მხარეს, ყველას გასაგონად შესძახა: ,,აქედან ვერ ამოშლი!“

ერთაოზი გულის ჯიბეში ჩადებული, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი მთავარი, ფორმულით (რომელიც ნებისმიერ სამეცნიერო ფანტასტიკას რეალობის ელფერს სძენს და რომლის მიხედვითაც სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი) გზას გაუდგა. პირველი გაჩერება სატრფოს სახლი იყო, სადაც საბოლოოდ მიხვდა ენთუზიასტი ჭაბუკი, რომ  ბიძია-ბაბუას ფილოსოფიაც კი წელში ტყდება ქალის ფსიქიკასთან…

მარგარიტას შავი დედალი ერთაოზის გაფრენიდან ორ დღეში დაუკლავს.

კიდევ კარგი, კუპიდონის ისრით მხოლოდ ფეხში იყო დაჭრილი და მალევე განიკურნა. დაივიწყა პორფირე და თავი თავისივე დიდ იდეების მიუძღვნა. ყველა სამცნიერო ნაშრომს მასწავლებელს წერილებად სწერდა და იმ ერთადერთ მისამართზე აგზავნიდა, სადაც ქრისტეფორე ეგულებოდა, მისსავე სოფელში, გარიყულაში. სწერდა ქვეგრიალას ეფექტიანობის შესახებ, სწერდა, თუ როგორი მოწონებით სარგებლობდა მისი სამეცნიერო ნაშრომები ძუკნურსა და მის შემოგარენში, სწერდა მისი კარიერული წინსვლის შესახებ: საუცხოო ხმის პატრონი ერთაოზი Pink Floyd-ის წევრიც კი გამხდარა ოთხმოციან წლებში; ხოლო, მისმა ცნობილმა მოძრაობებმა ცეკვის ახალ მიმდინარეობას ჰიპ-ჰოპს ჩაუყარა საფუძველი.

ერთაოზმა  დღემდე არ იცის რომ ბიძია-ბაბუა გარიყულაში არ დაბრუნებულა( განა შეეძლო შეცნობილი აუცილებლობისაკენ მსწრაფველ სულს, რომელსაც სიყვარული ამოძრავებდა უკან გარიყულაში დაბრუნებაა?!) მისი პირველი და უკანასკნელი გაჩერება თამუნიას საფლავი აღმოჩნდა. ერთაოზის წერილები ადრესატს კვლავაც არ იცვლიან. წერილებს ხან ტბების გადალახვა უწევთ, ხან ზღვების და ხანაც ოკეანეების, რათა ბიძია-ბაბუას სახლში საბოლოო ადგილი დაიმკვიდრონ. მართლაც დიდი ამბავია, სადღაც გარიყულაში ერთი შერეკილის სახლი, მეორე შერეკილის წერილებით წლებია ივსება და სიყვითლეშეპარულ კონვერტებს მხსნელად არავინ ჰყავს. მალე 1999 წელიც მიიწურება და ახალ საუკუნეში ისე გადავდგამთ არც თუ ისე მყარ და არც თუ ისე დამაჯერებელ ნაბიჯს, რომ შეუფასებელ განძს წინა საუკუნეში ხელუხლებელს დავტოვებთ.