რეზი ჭითანავა - ბოლო კონსერვი პოსტ აპოკალიფსურ სამყაროში
რეზი ჭითანავა - ბოლო კონსერვი პოსტ აპოკალიფსურ სამყაროში

„ვინ დაგვიკრიფა,სად დაგვიკრიფა ოცი წლის წინ

ზღვის კომბოსტო?

და მერე ვინ დაგვიკონსერვა?

და მერე ვინ შეისყიდა დიდი პარტია ამ კონსერვისა

ჩვენს ქალაქში შემოსატანად?“

                                                                

შოთა იათაშვილი.

„ოდა ზღვის კომბოსტოს კონსერვს“

 

კონსერვის რიგში ვდგავართ მე და მამაჩემი,

ეს ბოლო კონსერვია,რომელიც დარჩა მთელ სამყაროში

ჩვენ კი ვდგავართ ბოლო მაღაზიაში,

რომელიც შემორჩა ამქვეყნად.

საიდან ვიცით,რომ ბოლოა…იკითხავთ თქვენ.

ჩვენ კი გიპასუხებთ,რომ აქ არავინაა და არც რიგი არსებობს

უბრალოდ ვდგავართ მე და მამაჩემი

ვუყურებთ ბოლო კონსერვს,რომელიც შემორჩა

პოსტ აპოკალიფსურ სამყაროში.

როდესაც შევჭამთ უკანასკნელად,რა იქნება შემდეგ?

-არ ვიცი შვილო,მპასუხობს მამა.-ალბათ მოვკვდებით.

-მე არ მინდა სიკვდილი მამა…

-არც მე მინდა შვილო.

-მე არ მინდა ასეთი სიცოცხლე მამა…

-არც მე მინდა შვილო.

მე და მამა ვიღებთ კონსერვს,ვხსნით

და ვიწყებთ ჭამას.

ნელა ვაქუცმაცებთ ლუკმას,რომ წამები მოვიგოთ.

ჩვენ ხომ უკანასკნელნი ვართ ამ ქვეყნად,

მაგრამ ჩვენ არ გვსურდა ეს ხვედრი გვრგებოდა წილად.

ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და…

ვტირით.

ჩვენ არ გვსურდა გვეტირა,მაგრამ ვტირით

ეს ჩვენი ბოლო ტირილია პოსტ აპოკალიპფსურ სამყაროში,

რადგან ამის შემდეგ ჩვენ გავქრებით,

აღარ ვიქნებით,აღარ იარსებებს არცერთი ადამიანი ამქვეყნად.

ლუკმა ყელში მეჩხირება,მახრჩობს და მკლავს.

და მამა?-იკითხავთ თქვენ.

მკვდარი ვარ,ვერაფერს ვიტყვი.

მკვდრები არ საუბრობენ,

ისინი

ხანდახან

ტირიან.