„ოთახი“ ოთახში
„ოთახი“ ოთახში

2008 წლის აპრილში ელიზაბეტ ფრიტზლმა პოლიციას განუცხადა, რომ მამამისს, ჯოსეფ ფრიტზლს 24 წლის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდა ოთახში და სექსუალურად ძალადობდა მასზე. საქმე სწრაფადვე გამოიძიეს და ჯოსეფ ფრიტზლი დააპატიმრეს, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, საქმის ირგვლის კი დიდი ამბავი ატყდა, ეს უჩვეულო ისტორია არც კანადელ ავტორს, ემა დონაჰიუს გამოჰპარვია და 2010 წელს გამოსცა წიგნი სახელად „ოთახი“, რომელიც ზემოთ მოყვანილ ისტორიაზეა დაფუძნებული.

ემა დონაჰიუ თავის რომანში დედა-შვილის ისტორიას გვიყვება, 19 წლის გოგონას ბებერი ნიკი იტაცებს და ოთახში კეტავს, რამდენიმე წელში ქალი შვილს აჩენს და ჯეკს არქმევს, სწორედ 5 წლის ჯეკი გვევლინება მთხრობელად,  ნაწარმოები იწყება ჯეკის დაბადების დღით და ჯეკი გვიამბობს, როგორია ცხოვრება ოთახში, რა უყვარს, რა უხარია, რას აკეთებს დედასთან ერთად, გვიზიარებს თავის მოგონებებს, მთელი სამყარო ჯეკისთვის ერთი პატარა ოთახია და სინამდვილეში, ძალიან კომფროტულად გრძნობს თავს, რადგან სხვა სამყარო მას ჯერ არ უნახავს და არც წარმოდგენა აქვს, რომ ოთხი კედლის იქეთ რამე არსებობს, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა დედა და შვილი გადაწყვეტენ ოთახს თავი დააღწიონ.

„ოთახი“ ერთი შეხედვით შეიძლება ჩვეულებრივ რომანად მივიჩნიოთ, რომელსაც საინტერესო სიუჟეტი აქვს, კარგი განვითარება და მარტივად იკითხება, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეს არის, ძალიან ცოტა წიგნი შემხვედრია, სადაც ასე კარგად არის აღწერილი, ბავშვის განცდები, ემოციები, საერთოდ რას ნიშნავს სამყაროს შემეცნება, როგორ ვიწყებთ ცხოვრებას, რა გვეხმარება იმაში, რომ უფრო კარგი ადამიანები გავხდეთ, რა გვჭირდება განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ აქვს რომანს უამრავი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, წიგნი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერიც იყო და უამრავ ენაზეც ითარგმნა. რამდენიმე წლის წინ ფილმიც გადაიღეს, სადაც ბრი ლარსონი მონაწილეობს, ახალგაზრდა მსახიობმა ოსკარიც კი დაიმსახურა დედის როლის შესრულებისთვის.

ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ოთხი კედელიც გასანგრევია, თუ ფიქრობთ რომ აღარ შეგიძლიათ ამ საშინელი ჰაერის სუნთქვა, თუ გინდათ რომ უკეთესი ცხოვრება ნახოთ, უფრო მეტი ემოცია მიიღოთ, მოიაროთ სამყარო, გიყვარდეთ, უყვარდეთ, ისეირნოთ წვიმიან ამინდში, წაიკითხოთ ახალი წიგნები, უყუროთ კინოს დიდ ეკრანზე, ჩაწვეთ ჰამაკში, გყავდეთ ძაღლი სახელად ლაკი, მაშინ ეს წიგნი თქვენზეც არის და სწორედ ამიტომ გირჩევთ რომ წაიკითხოთ.

დატოვე კომენტარი