ნონა ბუჟღულაშვილი - მარტოსულობის (არ)არსებული უპირატესობანი
ნონა ბუჟღულაშვილი - მარტოსულობის (არ)არსებული უპირატესობანი

არ მიყვარს უსაქმურობა. მაგრამ არა იმიტომ, რომ უაზროდ გაფლანგული დრო მენანება. არა, პირიქით – ზოგჯერ (და საკმაოდ ხშირად) მჭირდება ყოველდღიური უაზროდ მოყაყანე პრობლემები მტვერივით ჩამოვიფერთხო და თავში გამეფებული სიჩუმით დავტკბე. მაგრამ საკმარისია სიმშვიდემ დაისადგუროს, რომ აბეზარი ფიქრებიც მშიერი სისიხლისსუნნაკრავი მგლების ხროვასავით წამში თავის მსხვერპლთან (ამ შემთხვევაში ჩემ გონებაში) გაჩნდებიან და იქაურობას გადააქოთებენ. ერთი სიტყვით, სიმშვიდე ჩემთვის მართლაც უცხო ხილია. თავად განსაჯეთ, რატომ უნდა ვფიქრობდე დასვენებისას მაგალითად ყოფნა-არყოფნის მარადიულ კითხვაზე?! ყველაფერი ამ ბოროტი ფიქრების ბრალია. წარმოიდგინეთ, ზიხართ ავტობუსში და სკოლის (ან უნივერსიტეტის, ან სამსახურის) შემდეგ დაღლილი მიდიხართ სახლში. ალბათ ამ დროს ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებულ სახლებს ან სულაც ახლად ჩამოკიდებულ საახალწლო დეკორაციებს დაათვალიერებთ. მე კი ამ დროს ვზივარ, რომელიმე ბანერს ვაკვირდები და მიკვირს რამდენი კბილი შეიძლება უჩანდეს მსახიობს პირდაპირი მნიშვნელობით თვალისმომჭრელი ღიმილისას.

უცნაურია, მაგრამ ამ დროს საშინელი მარტოობის განცდა შემომეპარება ხოლმე (არადა, ავტობუსში ყოველთვის ბევრი ხალხია). წარმოვიდგენ იმ მიზეზებს, რის გამოც ოდესმე მეც შეიძლება ასე გავიღიმო, მაგრამ თავში არაფერი მომდის და აბეზარი ფიქრებიც მოწიწებით გზას უთმობენ მათ ახალ მეფეს-მარტოსულობას. “დრამის დედოფალია რა” – ალბათ ბევრმა გაიფიქრეთ- “მეტი სიმარტოვე ხომ მეტ თავისუფლებასაც ნიშნავს! გამომივიდა ესეც მეორე ესქილე, დიდის ამბით რომ გვესაუბრება ცხოვრების ტრაგიზმზე!” მე კი ამ აღშფოთებაზე საპასუხო არაფერი მაქვს, რადგან თავადაც არ ვიცი საიდან მოვიდა ეს… ალბათ მელანქოლია. ყველაფერი იმ თვალისმომჭრელი ღიმილიდან იწყება, რომელიც რა თქმა უნდა ყალბია. აბა როგორ შეიძლება ზამთრის საბურავებმა ასე გაგაბედნიეროს?! იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ ზამთრის საბურავების რეკლამაში ათასობით დოლარსაც (დოლარსაც!) კი შოულობ. და მაინც, ყველა სული მარტოსულობისთვისაა გაჩენილი. ზოგს სიყვარული უხალისებს ცხოვრებას, ზოგს მუსიკა, ზოგს მეგობრები, ზოგს ფული, მოკლედ რა ვიცი… მე კი ისევ ვზივარ და ვფიქრობ მარტოსულობის (არ)არსებულ უპირატესობებზე…