ნონა ბუჟღულაშვილი - არანაირი არაფერი
ნონა ბუჟღულაშვილი - არანაირი არაფერი

ყოველ დილას ერთი კითხვით ვიღვიძებ. ვარ თუ არა დარწმუნებული.  მაგრამ რაში უნდა ვიყო დარწმუნებული, ჯერ ვერ გამიგია.

რუტინა მკლავს.

მამცირებს.

არადა თითქოს  არაფერია დამამცირებელი.

გაიღვიძე. ადექი. მოწესრიგდი. ჭამე. გადი გარეთ. საქმეები. დაბრუნდი სახლში. მოწესრიგდი. ჭამე. დაიძინე.

და ასე, წრიულად. ყოველ დღე.

დღეს გავიღვიძე.  არ მოვწესრიგდი. არც ვჭამე.  გარეთ გავედი და უკვე თითქმის სხვა ადამიანი ვარ.  მეზობელმა ვერ მიცნო,  ან უბრალოდ მოსალმება დაეზარა.

ღამით უწვიმია.

მე კი რა თქმა უნდა ტყლაპოს ვემსხვერპლე. მგონი ჰობად  მექცა.

ტყლაპოში, სადაც მთელი ქალაქი თავდაყირა არის მოქცეული, კარგად ამოვისვარე, მაგრამ თავი უფრო სუფთა და მტვერჩამორეცხილი მეგონა, ვიდრე რამდენიმე წამით ადრე.

თუ გგონიათ, რომ სახლში გავბრუნდი, ცდებით.

აუღელვებლად განვაგრძე სიარული.

გზად კი ჩემი ბაღელი შემხვდა,  ბოლოს 14 წლის წინ რომ ვნახე.

გაგიკვირდებათ და ვიცანი.  ხალხი ადვილად მამახსოვრდება, მითუმეტეს ვარცხნილობას თუ არ იცვლიან. უცებ მისასალმებლად მოვემზადე, მაგრამ მერე მივხვდი  რომ არ ვემახსოვრებოდი, მითუმეტეს ასეთი. ხოდა მეც ჩვეულებრივ ჩავუარე, დიდი ამბავი.

ესე ვიარე კაი ხანი. მერე მომბეზრდა და უკან გავბრუნდი.

სახლისაკენ მივაბიჯებ და ვხვდები, რომ ჩემ გარშემო ყველა დღითიდღე იცვლება და ნელ-ნელა მათში ყველაფერი ძველი ახლით ნაცვლდება.

მე კი ვაგრძელებ სიარულს და  ჯერაც ვგრძნობ ფეხსაცმლის ძირზე მიწეპებულ საღეჭ რეზინს.

 

 

ნონა ბუჟღულაშვილი , 18 წლის