ნიკა ჩხენკელი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!
ნიკა ჩხენკელი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!

ოპტიმისტი: მე ქართველი ვარ და ქართველობა მეამაყება! “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი” – ამ სიტყვებზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ და გამკვირვებია. ქართველობაზე უფრო საამაყო რა უნდა გვქონდეს? ჩვენს ისტორიაზე უფრო დიდებული და ჩვენს სამშობლოზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? ევროპელების მისაბაძი რა გვაქვს? მე ამ ფრაზას არ ვეთანხმები, რადგან ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები, ჩვენ ქართველები ვართ! ჩვენ კავკასიის მთების შვილები ვართ და ჩვენი ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. კავკასიელს ევროპელი არასოდეს ერქმევა! აქედან გამომდინარე, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ კავკასიელი!

პესიმისტი: ჩემო მეგობარო, შენ პატრიოტი კი ხარ, მაგრამ ზრდილობა უკვე სადღაა, კულტურასაც, ისტორიასაცა და დამწერლობასაც ვივიწყებთ. ზოგან ძმაკაცობაც არ იციან. ჩვენი ერიცა და ჩვენი ხალხიც მხოლოდ ჭიქასთან გვახსენდება. უკვე იმდენად ვიგინებით, რომ თავად გინებაც კი აღშფოთებული რჩება. ადრე კი ჩვენი საყვარელი სიტყვები სხვაგვარი იყო: “დილა მშვიდობისა, მეგობარო!”, “ღმერთს ებარებოდე!”, “ღმერთი შეგეწიოს!”, “გამარჯობა!”, “საღამო მშვიდობისა!”, “ღმერთმა ხელი მოგიმართოს!”, “ნახვამდის, ძმაო!”, ახლა კი ჩვენს ლექსიკაში ეს სიტყვები ჟღერს: “ზდაროვა, ბრატ!”, “პრივეტ!”, “პაკა!”, “ოკეი!”… კაროჩე, მამაპაპური აღარაფერი დარჩა. რეალობას უნდა შეეგუო.. თუ ამას არ მიიღებ, მსოფლიო შენ არ მიგიღებს.

ოპტიმისტი: მამაპაპური როგორ არ დარჩა? ჩვენი მიწა-წყალი, კულტურა, ხელოვნება, დამწერლობა… რა თქმა უნდა, საქართველოში ევროპული ცხოვრების წესის დამკვიდრებას მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ქართული ტრადიციებისა და ისტორიის დავიწყებას ვგმობ. საქართველო, რომელიც წინაპართა სისხლით შეღებილია… საქართველო, რომელიც აღმაშენებელმა და თამარმა გვიანდერძა და საქართველო, რომელსაც ჯერ ღმერთმა სული ჩაჰბერა და მერე ფარნავაზმა.
ამასთანავე შეგახსენებ, რომ უფლებების დაცვა საქართველოში პრობლემა არასდროს ყოფილა. ქართველო, ჩვენ ევროპის მისაბაძი არაფერი გვჭირს. ჩვენ ევროპას ვეტოლებით, როცა ბევრად ძლიერი და სულიერი ერი ვართ, ჩვენი რწმენა, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული… საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, ქართლის სამეფო, ანუ “დიაოხისა და კოლხას შერწყმა” სათავეს ძვ. წ. III საუკუნიდან იღებს.

პესიმისტი: საკუთარ თავს მაინც წარსულით იმართლებ, ჭკუა ასაკში კი არა, თავშია. ბევრმა განსაკუთრებულმა სიტყვამ ფასი დაკარგა, გაუფასურდა, გაუბრალოვდა. 27 წელი გასულა, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და თითქმის არაფერი შეცვლილა. ამ მდგომარეობაში რატომ ვიმყოფებით მითხარი.

ოპტიმისტი: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ბრალია: ეს იმას ნიშნავს, რომ არაკაცობაზე არაკაცობის დარქმევას გვიკრძალავენ, ცოდვაზე – ცოდვის და ა.შ. ამ საზიზღარმა კანონმა აფხაზეთს უფრო დაგვაშორა და ღმერთი განარისხა.
ჩემი აზრით, ანტიდისკრიმინაციულ კანონამდე, ქვეყანაში ბევრი რამ მოსაწესრიგებელი იყო.
ასევე ჩვენი წინამძღვრის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლი და დაუღალავი შრომა მინდა აღვნიშნო. ჩვენი სამშობლო ბრძოლის ველია, სადაც პატრიარქი იბრძვის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უწმინდესის მეთაურობით საქართველოში ძლიერი ეკლესია ჩამოყალიბდა!

პესიმისტი: ძალიან მიკვირს, რომ აქამდე რამ მოგვიყვანა?! ჩვენ ირგვლივ ქაოსია, ნაგავს ქალაქიცა და სოფელიც მიაქვს.

ოპტიმისტი: ვინ გითხრა? ვინ მოგატყუა? მთელ ერს შეურაცხყოფას რატომ აყენებ? ეს პატარა ერი აქამდე რამ მოგვიყვანა, თუ არა ქართულმა სულმა და გენმა?! ქართველების დამოკიდებულება თავისუფლებისადმი მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების ნაშრომებში ჩანს. ჩვენი ეროვნული ჰიმნიც კი თავისუფლებას უმღერის! ქართველისთვის უბედურება არ არსებობს, თუ ის თავისუფალია…
ჩვენმა სამშობლომ დაარსებიდან დღემდე რთული გზა განვლო, რამაც ღირსეულ ერად წარმოაჩინა. ბევრი დამპყრობელი გვყავდა, მაგრამ ქართველები ქართველობას არ იშლიდნენ!
1801 წელს რუსეთის ქართლ-კახეთის ანექსიამ ქართველი ერის გადაშენება სცადა. უმეტესობის საზრუნავი არა სამშობლო, არამედ რუსეთის იმპერია გახდა, შემდეგ კი – საბჭოთა კავშირი. რთული პერიოდი იყო, რადგან ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალები დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერანაირ შედეგს იღებდნენ. მაგრამ ღმერთმა სამშობლოსათვის გულანთებული ქართველების ლოცვა ისმინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა (1991).

პესიმისტი: სიტყვები, სიტყვები.. ბევრს არ ვეთანხმები. ცარიელი სიტყვებია. სიჯიუტით გამოირჩევი. წარსულში ცხოვრობ, წარსულზე მხოლოდ ფიქრი შეიძლება. თუ წარსულს ინატრებ და მომავალს მისტირი, დღევანდელ დღეს დაკარგავ. მოკლედ, ჩვენს განსაკუთრებულობასა და ერთადერთობაზე რა რიხიანად ლაპარაკობ?! საქართველო ნაცარქექია ერია!

ოპტიმისტი: ბოდიში, მაგრამ შენი სიტყვები უცოდინრობით სავსეა. ყველა პიროვნებას წყალი შეასხი. და ფიქრი ძალიან მაგარი რაღაცაა. ჩვენი წინაპრები საკუთარ თავებზე არ ფიქრობდნენ, ისინი ჩვენზე ფიქრობდნენ. მსგავსი სიმამაცის მქონე ხალხი მსოფლიოში არავის შეხვედრია, ასეთი არაადამიანობა, ასეთი გმირობა, ასეთი სასტიკი მოპყრობა ადამიანის სიცოცხლის მიმართ ცხოვრებაში არავის უნახავს… სხვა ნებისმიერ ერზე მეტი რითი ვართ აშკარად არ იცი.

პესიმისტი: სხვა ნებისმიერ ერზე მეტი რითი ვართ, აბა, მითხარი.

ოპტიმისტი: კაცობით, გაგებით, ნიჭით, დისციპლინით, ერთმანეთის გატანა-თანადგომით, ეროვნული იდეის ქონა-გააზრებით..
ვისზე მეტი გვიომია?! ვისზე მეტი გვიშენებია?! ვისზე მეტი გვიკეთებია?!
ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

პესიმისტი: ეგ ძალიან ქართულს ჰგავს, პროვინციალიზმია. ეგ ფაქტი კი არა, უბრალოდ შენი აზრია.

ოპტიმისტი: როცა საქართველოს, საკუთარ სამშობლოს დასცინიან და აგინებენ, ვღიზიანდები! მე მგონია რომ “ვეფხისტყაოსანი” წაკითხული არ გაქვს, ვაჟას, რჩეულიშვილს, იოსელიანს, ჭილაძეს, დოჩანაშვილს, ქარჩხაძეს, ჩოხელს არ კითხულობ, აქედან გამომდინარე, ნაკითხი არ ხარ! საქართველოს ისტორია საერთოდ იცი?

პესიმისტი: ფანტაზიებში ცხოვრობ. ქართველობა ბევრს სხვანაირად ესმის, ქართველობა ზოგს მხოლოდ მოქალაქეობა ჰგონიათ.

ოპტიმისტი: მე მაგას ვეთანხმები. რომ დავამტკიცო, მაგალითს ამერიკაზე მოვიყვან. რას დავაკვირდი იცი? იმას, ვისაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს, ანუ ვინც მხოლოდ კანონით ამერიკის მოქალაქეა, იმაზე ამერიკელიაო იტყვიან. მაგრამ ქართველობა სულ სხვაა… ადამიანზე, ვისაც ქართველი მხოლოდ კანონით ჰქვია, საქართველოს მოქალაქეაო იტყვიან და ქართველობას “არ აბრალებენ”, ანუ ადამიანს ქართველი რომ ერქვას, უფრო ბევრ მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს და მისი ქართველობისთვის მხოლოდ იურიდიული საბუთი საკმარისი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საქართველოს მოქალაქე ერქმევა და არა ქართველი. მაშასადამე, ადამიანის ქართველობას მარტო იურიდიული საბუთი ვერ დაამტკიცებს! შეიძლება ეს აზრი ვერ გაიგო და უაზრო აზრად აღიქვა, მაგრამ თუ ჩემს გულისთქმას მიმიხვდები, კარგი იქნება…

პესიმისტი: ხალხს ქართულად წერა აღარ უნდა. თუ არ გჯერა, სოციალურ ქსელში კომენტარებს გადახედე, თითქმის ყველა ლათინურად წერს.

ოპტიმისტი: ჩვენი ქართული ანბანი სიგიჟემდე მიყვარს. მისი არსებობა სიამოვნებას მანიჭებს. ორიგინალური და განუმეორებელია. ჩვენნაირი დამწერლობა და ისტორია არავის აქვს. საქართველოდან “ოღონდაც” წამსვლელების” პოსტები უკვე აუტანელია, სადაც აწერენ, რომ საქართველოში არაფერი არის ან ამერიკის ფოტოებს აზიარებენ და ზედ აწერენ: “საქართველო 200 წლის მერე”
რა კაცი ხარ თუ იმ მხარეს არ ეტრფი, სადაც დაიბადე და რომლის წინაშეც უსირცხვილოდ სცოდავ?
ჯერ ერთი საქართველოს თუ ის უნდოდა, რომ მის მიწაზე დაბადებულიყავი?
უბრალოდ ქართული მიწის ნება ის არაა, თუ ვინ სად დაიბადება, ეს ღვთის ნებაა. თუ ამ დღიდან ანტიეროვნულ პოსტებსა და ტექსტებს არ ვნახავ, რაც საქართველოდან “ოღონდაც” წასვლას შეეხება, მოხარული ვიქნები…

პესიმისტი: ახლა პატრიოტიზმს აზრი არ აქვს, მაინც რა შედეგს მოგვიტანს?

ოპტიმისტი: ვინ გითხრა? ვინ მოგატყუა? პატრიოტი რატომ ვარ გითხრა? პატრიოტიზმში საზოგადოების საფუძველი ერი და სამშობლოა. პატრიოტიზმში ერისა და სამშობლოს ინტერესები პირველ ადგილზეა. პატრიოტიზმი ქვეყანას, როცა საჭიროა, სახელმწიფოს, მაგრამ ძირითადად სამშობლოს უწოდებს. პატრიოტიზმის მიზანია ქვეყნის განვითარება ყველა დარგში. მას განვითარებაში მთავარი მიზანი არ გააჩნია, რადგან განვითარება ყველა დარგში საჭიროა. მას მთავარი ამოცანა აქვს – სამშობლო მსოფლიოს ნებისმიერ ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინოს, მაგრამ ამასთანავე მისი ეროვნული ღირებულებები დაიცვას და ისინი შთამომავლობას უცვლელად გადასცეს. მისი მთავარი ფორმა მამულიშვილობაა. განა შეიძლება ის იდეოლოგია მცდარი იყოს, რომელსაც დიდი ილია და ჩვენი ეროვნული გმირები მისდევდა?! არა, არ შეიძლება!

პესიმისტი: საქართველოში განსაკუთრებული მაინც რა არის?

ოპტიმისტი: როგორ გეკადრება. ხელოვნებიდან დავიწყოთ. ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, გელათის ფერწერა, ვარძია, ბეთანია და იყალთო იტალიურ რენესანს უსწრებდა. მაგას რომ იძახი, წუღრუღაშენის ნატიფი და უდახვეწილესი გუმბათი აშკარად არ გინახავს. ფიტარეთი არ დაგითვალიერებია. გერგეთზე არ ყოფილხარ. ნიკო ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ავთანდილ ვარაზი რა შედევრებს ქმნიდნენ იცი? მერაბ ბერძენიშვილის ფენომენალური ქანდაკებები, ფალიაშვილისა და ყანჩელის კომპოზიციები, ჯანსუღ კახიძისა და გოგი დოლიძის სიმღერები, ეროსი მანჯგალაძის სპექტაკლები, თენგიზ აბულაძე და რევაზ გაბრიაძე, ჰამლეტ გონაშვილის განუმეორებელი ხმა, ჩაკრულო და კრიმანჭული.

პესიმისტი: ახლა სპორტი ავიღოთ! ოქროს ბურთი არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მიუღია.

ოპტიმისტი: როგორც ჩანს, ბორის პაიჭაძეზე, მიხეილ მესხზე, ვიტალი დარასელიაზე, დავით ყიფიანზე… არაფერი გსმენია. რომ მათ ოქროს ბურთი ვერ აუღიათ, სრული უსამართლობაა. ტიტანი ფეხბურთელები ცოტა ხნის წინაც გვყავდნენ: გიორგი ქინქლაძე, არველაძეები… მხოლოდ ფეხბურთში რატომ? ჭიდაობაშიც, ძიუდოშიც, კალათბურთშიცა და რაგბშიც მაგრები ვართ…

პესიმისტი: შენი სიტყვები პროვინციალზმია. ქართველების გარდა, ქართულ ღირებულებებს მსოფლიოში თითქმის არავინ აქებს. ჩვენ ამპარტავნები კი არა, ამაყიანები ვართ. მაგრამ ზედმეტი სიამაყის გამო, უმეცრებად გადავიქეცით. უცხოეთში არასდროს ყოფილხარ. როცა ევროპაში წახვალ, ისეთი შეგრძნება გექნება, რომ აქ დაბრუნება აღარ მოგინდება. და თუ დაბრუნდები, აი, მერე ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთს შევადაროთ.

ოპტიმისტი: რა პროვინციალიზმი?! ფაქტებს გეუბნები. სიამაყე ჩვენი იარაღია. სიამაყე – ხმალი, რომელიც მტრების წინააღმდეგ გამოიყენება. ჩვენი რასა მსოფლიო რუკიდან ვერასდროს გაქრება. ეგ კიდევ არასწორი შემოთავაზებაა. “ოღონდაც აქედან წამიყვანეთ” კი არა! ისტორიის წიგნი აიღე, გადაშალე და წაიკითხე; შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს შენ რომ ოღონდაც მოსულიყავი! ყველაფერი რატომ უნდა მივატოვო? ამ საქმეს, საქართველოს გადარჩენას ერთიანად მივხედოთ!

პესიმისტი: წარსულზე ბევრი ვილაპარაკეთ, ამიტომ ახლა აწმყოსა და მომავალზე ვიმსჯელოთ. რათა ამ მდგომარეობიდან გამოვძვრეთ, ქართველ ერს რას ურჩევ?

ოპტიმისტი: 1. ლიფტსა და სადარბაზოში არ გადავაფურთხოთ!
2. მოძრაობის წესები არ დავარღვიოთ!
3. ტრანსპორტში ადგილი დავუთმოთ!
4. ნაგავი ურნას მიღმა არ გადავაგდოთ!
5. ჩვენს ისტორიას, კულტურასა და სხვა ეროვნების ნიშნებს პატივი ვცეთ!
…და თავადაც ვერ შევამჩნევთ, თუ ცივილიზებულ ქვეყანაში როგორ აღვმოჩნდებით. თუ გინდათ ამ ქვეყანას რაიმე წვლილი დაუტოვოთ, ღირსეულები იყავით და მოთმინებას ნუ დაკარგავთ და თუ მაინც დაკარგავთ, საკუთარ სახელს ბილწსიტყვაობით მაინც ნუ დასვრით, ვინაიდან სიტყვა წარმავალია, ხოლო საქმეები რჩება!..

პესიმისტი: ტვინი ვინ გაგირეცხა? ეგვიპტესა და საბერძნეთს ძალიან მდიდარი კულტურა და ისტორია ჰქონდათ, მაგრამ ნელ-ნელა თავისი კულტურა დაკარგეს და უისტორიო ქვეყნები გახდნენ და დღეს მსოფლიოს არანაირ იდეას აწვდიან. ანალოგიური საქართველოცაა. და სიტყვა წარმავალი რანაირადაა? სიტყვით შეგიძლია ადამიანი აწყენინო, გააბრაზო, გაახარო, ცხოვრება შეუცვალო… სიტყვაზე ძლიერი არაფერია.

ოპტიმისტი: და შენ ვინ გაგირეცხა? როგორც ჩანს, კლასიკური ლიტერატურის წაკითხვას ჰოლივუდის ფილმების ყურება გირჩევნია. რანაირი არგუმენტები მოგაქვს? და პესიმისტური აზრები რატომ გაქვს?

პესიმისტი: ფაქტია, რომ “ქართული” აღარ ფასობს, კაცობა აღარ ფასობს და სიტყვა აღარ ფასობს, იმ მუშტს წინ რა ვუთხარი, რომ სიტყვა არ ურევია და იმ კაცობას რა ვუთხარი, სადაც წინ “კაცური” ერთვის. კაცი ის წოდებაა, სადაც მის უკან დიდი ტკივილი და მოვალეობაა, სადაც ქალ-ვაჟური ფასობს. იმ ტრადიციას არ უნდა ვუღალატოთ, რომელიც მილიონი კაცის სიცოცხლის თავდადებითა და თავგანწირვით დღემდე მოღწეულია და იმ ქართულს არ უნდა ვუღალატოთ, სადაც კაცისთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე დიდი მონაპოვარი ქალია, მანდილოსანი, რომელიც განძია და მის ერთობლივ სილამაზეში ზრდილობა, პატივისცემა და თავმოყვარეობა მძივივით აკინძულია, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი მივიწყებულია, იმიტომ, რომ ღირებულებები და სიყვარული გაუფასურდა, არც ერთმანეთს ვაფასებთ და იმ “ძველ ქართულს” აბუჩად ვიგდებთ, სადაც დასავლურიცა და აღმოსავლურიც შერეულია, მაგრამ ეს ყველაფერი ქართულ ფესვებზე, სუფრაც, ღვინის კულტურაცა და ტრადიციაც გავაუფასურეთ, რომელიც საუკუნეებს უძლებდა და აწმყოს არასდროს ჩამოუვარდებოდა. გვტკიოდეს რომ ქართული დავკარგეთ და რაც დღესდღეობით შემოგვრჩენია, მხოლოდ ენაა. სიბრძნის მთქმელს აბუჩად ვიგდებთ და არც კი ვაფასებთ ვინ ჭკვიანურს ამბობს თუ ვინ აბსურდს. ის რომ დღითიდღე იმ საზოგადოების ხვედრითი წილი იზრდება, სადაც არა მარტო ქართული, არამედ ადამიანურიც უფასურდება, შიგნიდან მჭამს… ჩვენი ძველი ქართული გავანახლოთ და მას მეტი ახალი და მეტი ლამაზი შევმატოთ, როგორიც ეკუთვნის. ამის მერე რას იტყვი?

ოპტიმისტი: იმას ვიტყვი, რომ მე კაი ყმა ვარ, რომელსაც სჯერა რომ დედამიწაზე ყველაზე გმირი, ყველაზე პატიოსანი და ყველაზე ღირსეული არსება ქართველი მამაკაცია. კაი ყმა, რომელსაც სჯერა რომ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი, პატიოსანი, ერთგული და თავმდაბალი არსება ქართველი ქალია, ყველა ერს შორის. კაი ყმა, რომელსაც სჯერა რომ ქართველი ჯარისკაცი პატიოსანი და გმირი ადამიანია. კაი ყმა, რომელსაც სჯერა რომ ჩვენ ნათელი მომავალი გველოდება. და ქართველო ამხანაგო, საუკუნეების მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ ერის ნამდვილი შვილები არიან. ქვეყანას ზუსტად ისინი იცავდნენ, როცა გაპარტახებული იყო. ეს ბრძოლა ჩვენც გვიწევს. ბრძოლა ნათელი მომავლისათვის, ქართული ღირებულებებისა და საერთოდ ჩვენი ერისთვის. ჩვენ ზუსტად ის ძრავა ვართ, რომლებმაც ეს სიტუაცია ხელში უნდა აიღოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ბოლოს, ისტორიაში შევალთ, როგორც მებრძოლი ერი.

პესიმისტი: მაგ სიტყვის მიზანი რა არის?

ოპტიმისტი: იმის თქმა მსურს, რომ ქართველებისადმი ეს შეკითხვაცა და მოწოდებაცაა, რომ გამოვფხიზლდეთ და ნამდვილი მამულიშვილის მისია გავიხსენოთ. სამშობლოს მხსნელი, ეროვნული გმირი სჭირდება, რომელიც მამულს ძველი დიდების დღეებს დაუბრუნებს. ავსტრიელი პოეტის, ჰუგო ჰუპერტის მაგარ სიტყვებს ვიტყვი: “თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.”                                                                                                               დასასრულისათვის: “სამშობლო, როგორც დედაი, ერთია ქვეყანაზედა…”

პესიმისტი: დაიცა, დაიცა.. ადრე ქართველის ყოველთვის ეშინოდათ და შიშის ზარი სცემდათ. იმის მიუხედავად, რომ ბევრმა დამპყრობელმა აგვაოხრა და აგვაწიოკა, ჩვენ მაინც ფეხზე ვიდექით. მაგრამ ახლა?! ახლა რანი ვართ? სად მივდივართ? რა გვსურს? ბოლოს და ბოლოს, ამ კითხვებზე პასუხი როდის გაიცემა? რომ ჰკითხო, მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ყველას მოენატრა. დღეს მე ჩემს საქართველოს ასე ვხედავ: უუნარო, დაბეჩავებული, გაოგნებული და ბრმა ბრბო გავხდით. ქსენოფობიური აზრები რატომ გაქვს?

ოპტიმისტი: კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ შენი სიტყვები ისევ უცოდინრობით სავსეა. შენი “ლოგიკა” ასეთია: თუ ჩვენი წინაპრების იდეოლოგიებს მივყვებით, რასისტები, ფაშისტები, ნაცისტები, შოვინისტები, ქსენოფობები, ანტიჰუმანისტები ვყოფილვართ… და თუ პატრიოტიზმი სისულელეა, მაშინ ამ სისულელით ვამაყობ! ახლა უნდა მიგატოვო, რადგან სამშობლო მეძახის!.. ეროვნულ საქმეში ვარ! იქ მივდივარ, სადაც ჩემი ერი და ბერი დგას!

ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი