ნიკა ცაბაძე - წითელი სიკვდილი
ნიკა ცაბაძე - წითელი სიკვდილი

“…კომუნიზმი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელსაც უნდა ვეთაყვანოთ, სხვა დანარჩენი უგუნურთა მიერ შეთხზული, სიმართლისგან დაშორებული ამბებია, კიდევ უფრო არარეალური ღვთაებებით და ღმერთებით”— სადღაც შორს მამალმა სამჯერ დაიყივლა—”გაუმარჯოს კომუნიზმს…”

გამოსვლა სტალინმა ჩვეული ფორმით დაასრულა. ხალხის ოვაციების თანხლებით, იოსებმა უკან დაიხია და ნაცრისფერ ოთახში გაუჩინარდა. კიდევ 5 წუთს გასტანა აჟიოტაჟმა.

პალტოებში გამოწყობილი წითლები გარეთ გამოვიდნენ. ბერია უკან მიჰყვებოდა დიდ ბელადს. მკაცრი სახეებით “ЗИС-115”-ში მოკალათდნენ.

– გამოსვლა მართლაც რომ შთამაგონებელი იყო—წამოიწყო დიალოგი ბერიამ

– დიახ, ასეა— უხასიათოდ უპასუხა სტალინმა.

ბერიამ შეამჩნია, რომ უაზრო დიალოგის წამოწყება ფუჭი აღმოჩნდა. კრემლამდე ხმა არავის ამოუღია. ასევე ხმისამოუღებლივ გადმოვიდნენ მანქანიდან. ცივი ჰაერი მათ ფილტვებში სწრაფად შევარდა. სტალინი თავისი ოთახისკენ გაემართა. უცნაურად იქცეოდა იმ დღეს.

ბნელ ოთახში წითლად შეანათა დიდმა ბელადმა. კარი სწრაფად მოხურა და საგულდაგულოდ ჩარაზა.

როგორც კი კართან თავისი საქმე დაასრულა, გრძელი მაგიდისკენ გაეშურა. ტყავის სკამზე გულდამძიმებული დაეშვა. ამოიხვნეშა…

უჯრა, სადაც თავისი საყვარელი სიგარეტი ეგულებოდა, აუჩქარებლად გამოაღო. ერთი ღერი “ჰერცოგოვინა ფლორი” ხელის კანკალით, ძლივს ამოიღო. ორიღა დარჩა…

ისევ ამოიხვნეშა…

ახლა რომ დაგენახათ დიდი ბელადი მიხვდებოდით, რომ ის ისეთი დიდი არ იყო ,როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. სიგარეტი ბოლომდე რომ ჩაიყვანა, ფურცელი ამოიღო, ფანქარი პალტოს გარეთა გულის ჯიბიდან ამოაძრო და რაღაცის წერა დაიწყო.

” მე… იოსებ ჯუღაშვილი, ვარ ცოდვილი. მკვლელი დიქტატორი. დიდი ბელადი… ”

მხოლოდ ამის დაწერა მოასწრო, სანამ ხელებში გრძნობა არ წაერთვა. თითქოს თავს შეუძახაო, თავისი თავის გამხნევებას მოჰყვა. ამჯერად სკამი შეატრიალა და სახით კედლის პირისპირ წარსდგა. ქვევით დაიხარა და ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთი აგური, რომელზეც ურო და ნამგალი საგულდაგულოდ ამოეკვეთათ, ნელა გამოაცალა კედელს. რაღაც უსახელო წიგნი გამოიღო. ხელები ისევ უკანკალებდა…

შავყდიანი წიგნი მაგიდაზე დადო და აუჩქარებლად გადაშალა.

28 გვერდი…

” თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც – თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას – იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა – და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა – ღირსებას. ”

თითი ენით დაისველა და ახალ გვერდზე გადავიდა.

29 გვერდი…

“ღმერთი ჩვენი შემოქმედია, ამიტომ მას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ნორმები …”

თითი ისევ დაისველა და ბოლოჯერ გადაშალა ფურცელი.

30 გვერდი…

სანთლის დამრეცი სხივები ვერცხლისფრად აჩენდნენ ასოებს. ყველაზე უფრო ძლიერად ციფრი ოცდაათი აკიაფდა. დიდ ბელადს უჩვეულო გრძნობა დაეუფლა. ძლიერად ტკიოდა გული. უცნარი ის იყო, რომ ამით მან შვება იგრძნო. თითქოს დიდი ხნის ლოდი მოეხსნა გულიდანო. არც შიში, არც გაკვირვება არ გამოკრთოდა მის სახეზე. ისევ ტკიოდა, ამჯერად უფრო ძლიერ.

” მზად ვარ “- ამის თქმა მოასწრო მხოლოდ. ტკივილი საბოლოოდ გაქრა. პირველად იყო დიდი ბელადი, რეალურად დიდი.

მზის წითელმა სხივებმა შემოანათეს სტალინის ოთახში. სანთელი დიდი ხანია ბოლომდე ჩამწვარიყო. იოსებს თავი ბიბლიაზე უსულოდ ედო. მის გვერდზე ორი ღერი სიგარეტი უსწორმასწოროდ ეყარა. მკვდარი სხეულის წინ კი ბერიას მომღიმარი სახე გამოკრთოდა.

ქალაქი: ქუთაისი

სკოლა: 13-ე საჯარო

კლასი: 10

სახელი: ნიკა ცაბაძე