თბილისი. ქალაქი, რომელიც ზოგში სიყვარულს აღძრავს, ზოგში ზიზღს, ზოგში კი ამ ორ გრძნობას ერთად მოუყრია თავი და გარკვეული სახელი ქვია, მოდი მე შევარქმევ ამ გრძნობას სახელს და ვუწოდებ: ,,კურსიკუსს’’.
ამ ქალაქში თითქმის ყველა კორპუსის სადარბაზოს გვერდით აქვს პატარა ადგილი, რომელიც ადრე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. ახლა კარი ჩამოუკიდებიათ და დიდი ბოქლომით დაუკეტავთ, თითქოს განძს მალავდნენო. ზოგან უბრალოდ გამოუყენებელი ავეჯი, კარდონის ყუთები, ან ძველი რუსული წიგნები ეყარა. აი ჩემს კორპუსში ერთ-ერთ ასეთ ,,დაწესებულებაში’’ ადამიანი ცხოვრობს და ვაი ამ ცხოვრებას. ზამთარ-ზაფხულ, სითბოსა და სიცივეში, საშინელ პირობებში ერთი თხელი ლეიბისა და თითქმის დაგლეჯილი საბნის ამარა, არსებობისათვის იბრძვის. დილას დგება თუ შუაღამეს, როდის ძინავს და როდის ღვიძავს კაცმა არ იცის, ან საერთოდ მიდის თუ არა თავის საცხოვრებელში. ვერასოდეს ვერ ვხედავ სკოლაში წასვლის ხანს.
პირველად რომ შევნიშნე, კალათბურთის გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი, გზად რაღა თქმა უნდა ამ ადგილსაც გამოვივლიდი, სწორედ ამ დროს დავინახე, რომ შიგნით ვიღაც იწვა. უფრო სწორად რომ ვთქვა, არ ვიცი ეძინა თუ ცუდად იყო. დიდხანს ვაკვირდებოდი, გამეგო მაინც თუ სუნთქავდა, ახლოს მისვლა კი ვერ გავბედე. ღრმა ამოსუნთქვის ხმამ ორ მეტრზეც მოაღწია, გვერდით გადაბრუნდა, მოკალათდა და გააგრძელა ისევ ძილი. კიბეები სირბილით ავირბინე, ლიფტის საოცარი შიში მქონდა. კარებზე დავაბრახუნე, გაღებას არავის ვაცადე, სახელური ჩამოვწიე და გიჟივით შევვარდი. მაშინვე დედას მოვუყევი ნანახი და სწორედ მისგან გავიგე, რომ უკვე დიდი ხანია რაც ეს კაცი ამ ადგილას ცხოვრობდა. როგორც გაირკვა, მეც ხშირად მყავდა ნანახი და ვიცნობდი, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიხსენე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
გავიდა დრო. უცნობი აღარც კი შემინიშნავს. არც მისი ვინაობის გამორკვევას ჩავძიებივარ, ის ისევე უცებ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა.
ეზოში ვსეირნობდი ბავშვებთან ერთად, როცა შევნიშნე, ძაღლს კბილებით დაეთრია კაცის ისედაც დაგლეჯილი საგანი, ის კი ცდილობდა ძაღლისთვის საგნის წარმთევას, ხვეწნითა და მუდარით, მაგრამ გაავებული ძაღლი არაფრად აგდებდა მის თხოვნას. ბავშვებმა მისვლა ვერ გავბედეთ, შორიდან ვაკვირდებოდით. ზოგი იცინოდა. როგორი ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი, მეც ვერ გავბედე მისვლა, მაგრამ ერთმა ჩემმა მეზობელმა გამბედაობა გამოიჩინა, ხელში დიდი ჯოხი ეჭირა, ალბათ გაიფიქრა ერთი-ორს მოვუქნევ ამ ძაღლს და შეეშინდებაო. ჯოხს კენჭებიც მიაშველა და როგორც იქნა შეძლო ცხოველის გაგდება. მისიის შესრულების შემდეგ უკან დაბრუნდა, ვითომც არაფერი არ მომხდარაო, უცნობის ნათქვამ მადლობას ზურგი დაახვედრა და ისე წავიდა, უკან არც კი მოუხედავს. მეც სწორედ მაშინ დავინახე უცნობის სახე და გამახსენდა კაცი, რომელიც სკოლიდან დაბრუნებისას გზად ყოველთვის მხვდება, თავს მიკრავს და თბილად მესალმება, თუ გამარჯობის თქმას დავასწრებ, უცნაურად შეიშმუშნება და თავს დაბლა ხრის. ასე გრძელდება დიდი ხანია და მე არასდროს დავფიქრებულვარ, რომ უცნობი შეიძლება ეს კაცი ყოფილიყო. არაფერი უთქვამს, მოწყენილმა მოავლო თვალი არემარეს, ალბათ მეც შემნიშნა, თავი დახარა როგორც ჩვევია, საბანს ხელი დაავლო, მიწიდან აიღო და დიდი მონდომებით დაუწყო გასწორება.
თითქოს ამ კაცს თვალებში ის ამოუცნობი გრძნობა შევნიშნე, მე რომ სახელად ,,კურსიკუსი’’ შევარქვი.
ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის ნომერ მე-6 საჯარო სკოლა.