კარგა ხნის გათენებული იყო, როდესაც გავიღვიძე. ფანჯარა ოდნავ შეღებულია, ლურჯი ფარდა კი ხან გაიშლება, ხან შეიკუმშება. გამახსენდა უამრავი სამეცადინო მქონდა, მე ხომ წინა დღეს ჩემს თავს პირობა მივეცი დილიდანვე ვიმეცადინებ-მეთქი, მაგრამ სულ მეცადინეობა, სულ წიგნებში კირკიტი და ფიზიკა-მათემატიკის ფორმულების გააზრება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია.
როგორი საქმეა! ირგვლივ ყველაფერი იღვიძებს, ძალას იკრებს, ყვავილობს, მწვანდება, ამღერებული სული ჩიტებთან ერთად ჟღურტულს და სიოსავით ნავარდს ითხოვს. მე კი ყველაფერ ამაზე თვალი უნდა დავხუჭო, მივუჯდე მაგიდას და ვიმეცადინო. ნუ რას ვიზამთ „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო“ უთქვამს გურამიშვილს. ეჰ, დავით, დავით მეტი არ მინდა კენწეროში არ გატკბილდეს და შაქარივით არ მომედოს. თითქოს დამინახავდა, თვალები დავაწვრილე, ირონიულად გავიღიმე და თავი გავაქნიე. ეხ! როგორ მეზარება ადგომა, ხოდა არც ავდგები, აი, ეგრე! ვითომ ახლა რა ვქენი ჩემს ქვეცნობიერს დავუწყე ჯინიანობა? ეჰ, მგონი სულ გავრეკე ამდენი ფიზიკით. თვალები დავხუჭე, ხელისგულები ოდნავ მივიჭირე და გამოჩნდა ლამაზი სამყარო, უცაბედად განათებული ფერებითა და სხვადასხვა ფიგურებით, რომლებიც თითქოს მიკროსკოპში დანახულ უჯრედებს ჰგავს. თვალებიდან ხელები მოვიშორე და ჭერს მზერა გავუშტერე, როგორც მჩვევია ჩავფიქრდი და სულ აღარ მესმოდა ჩიტების ცოტა შემაწუხებელი და გაბმული ჭიკჭიკი. ნეტავ, ადამიანად რომ არ გავჩენილიყავი, რად ვისურვებდი ამ ქვეყნად მოსვლას? ჩავფიქრდი, ხან ძაღლზე ვიფიქრე, ხან ხეზე, ხან ოკეანესა და ხანაც მდინარეზე. სტოპ! სტოპ! აი, ზუსტადაც მდინარედ ყოფნას ვინატრებდი, მხოლოდ და მხოლოდ, მდინარედ! ისიც ჩვენნაირად სულ პატარა (პაწაწკინტელა) ჩნდება. სათავიდან ისიც ხომ სუფთაა, სუსტი, შემდეგ კი ნელ-ნელა იკრებს ძალას და სიცოცხლის სამსახურში დგება. არც გაჭუჭყიანება აკლია, მაგრამ მაინც სიცოცხლის სადარაჯოზეა.
მე რომ მდინარე ვიყო (ვაუ, რა საინტერესო იქნებნოდა). ალბათ, მინდვრის ლამაზმანებს- ხასხასა ბალახს, ფერად-ფერად ყვავილებს ჩემს მადლს არ მოვაკლებდი, წყურვილს მოვუკლავდი ყველა არსებას; მდინარესავით მუხლჩაუხრელი გეგულებათ ვინმე? მე არა! (ეს არაც სრულიად საკმარისია, ჩემი აზრის განსამტკისებლად).
კიდევ რა მომწონს იცით? მიუხედავად იმისა, რომ, ბევრის მოწმეა, წარსულზე არ კვნესის, არ მისტირის მას და მხოლოდ ხვალინდელ დღეს ეგებება. იგი ასე აგრძელებს ბოლომდე, სანამ გრანდიოზულს არ შეუვსებს სიცოცხლეს.
აბა, ჩვენ ადამიანები ვიქცევით სწორად? ან ვამაყობთ წარსულით, ან გამუდმებით მივტირით მას. დღევანდელი ყოფით, ასე თუ ისე, ვკმაყოფილდებით და მომავალზე ფიქრს ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობთ; ზუსტად ამიტომაცაა აბსურდული რეალობა რომ გვაქვს და ირაკლი ლომაურიძის მოთხრობა „შემთხვევის“ გმირიც სწორედ ამას რომ აკეთებს. იგი გაურბის რეალობას. მერე რა, რომ მაშინ საბჭოური პერიოდი იყო, ჩემი აზრით, არც ახლაა დიდი ბედენა ცხოვრება.
მე კი მინდა მდინარესავით ვიყო, არ მინდა უკვე ჩავლილზე ვიწუწუნო ან დღევანდელით ვისიამოვნო. წინ, მხოლოდ წინ მინდა სიარული, თან ისე, რომ ჩემი შხეფებით სხვებს სიცოცხლის სურვილი ჩავბერო. მდინარის პატარა ტალღებით გავწმინდო ისინი ცხოვრებისეული ჭუჭყისგან.
როგორ მესმის ჩვენი კლასიკოსი პოეტების დამოკიდებულება ამ თემისადმი! მაგრამ არ მაქვს პრეტენზია, რომ ვიყო არაგვი, მტკვარი, ალაზანი. მე ნაკადულად ყოფნაც მეყოფა, ოღონდ გრძელი გზა მინდა რომ მქონდეს. ოღონდ არ უნდა დავშრე სულ უნდა ვიყო (ღმერთო ჩემო, რა პრეტენზიები მაქვს).
-ძინავს?
-კი.
-ამდნეი ხანი ძილი რა უბედურებაა, მოკლედ ეს ახალგაზრდები.
-აცადე ქალო ძილი, ბავშვმა ძლივს ცოტა ხანი წიგნებს მოაშორა თვალი.
-ოჰ, არაფერი არ უჭირს თუ დაჯდება და იმეცადინებს, იმას გამოადგება, მე კი არა.
მესმოდა ბებოს და ბაბუს დიალოგი. ოთახიდან გავძახე უკმაყოფილომ.
-ვდგები, მღვიძავს. ბებო, შენ კიდევ მოეშვი ამ ახალგზარდების ლანძღვას.
პასუხი არ დაუბრუნებია, ალბათ, ვერ გაიგონა, თორემ გურული ენაკვიმატი ქალი „ხელათ მეიფიქრებდა“ საჭირო არგუმენტს.
ზლაზვნით წამოვდექი და თავს საშუალება მივეცი ფიქრების ლაბირინთებისგან გათავისუფლებულიყო, როგორც ყოველთვის.
ნატალია მათურელი
თბილისის მე-6 საჯარო სკოლა