ნატალია მათურელი - დროის ხმაური
ნატალია მათურელი - დროის ხმაური

-დო, რე, მი, ფააა, სოლ…
-სტოპ, სტოპ, სტოპ, უფრო სუფთად, ნელა გაჰყევი
ვცდილობდი მასწავლებლის ,,ინსტრუქციის’’ შესაბამისად გამომესწორებინა ნამღერი.
ახლა რომ ბებიაჩემი მისმენდეს, აუცილებლად მეტყოდა:
-რას მოგილაფშია მაი პირი, რას ჭყლოპინებ გალიაში გამომწყვდეული ყვავივით.
მუსიკალურ შვიდწლედში სიარულის დროს სოლფეჯიოს გაკვეთილი არ მიყვარდა. ვერ ვიტანდი ნოტების გამოცნობას, კარნახით წერას, გამღერებას…
ახლა მიწია მაშინდელმა სიზარმაცემ, ალბათ მილიონჯერ მაინც მამღერა მასწავლებელმა ერთი და იგივე და ბოლოს კმაყოფილმა შემომხედა. იცით რა შევნიშნე? თითქოს გაუხარდა ჩემი ნატანჯი სახის დანახვა. უჰ! (ტყეჭორა დედაბერი) რაღაცნაირი ქალია, უხეში ნაკვთებით, კეხიანი ცხვირით, მკაცრი, მოკუმული ტუჩებითა და ცივი გამოხედვით. როგორც ყოველთვის, ახლაც მოვიკრიბე ძალა და რაც შემეძლო თბილად დავემშვიდობე, კარი როგორც კი მოიხურა ჩემს უკან, შვებით ამოვისუნთქე. წავიჩურჩულე: ,,ძლივს არ დამთავრდა ეს საწამებელი’’?
კიბეებზე დავეშვი. ეს სადარბაზო ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ჩემში. ჭუჭყიანი და ალაგ-ალაგ საღებავშემოცლილი კედლები, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაკვეთილზე მისვლა ცოტა ადრე მიწევს, მოსაცდელში ვზივარ და ველოდები პედაგოგის გათავისუფლებას. ვათვალიერებ ხოლმე კედლებს და თითოეულ ჩამონაფხეკ ადგილებში სხვადასხვა ფიგურებს ვხედავ და მათ აღვიქვამ, როგორც ნამუშევარს… სასაცილოა არა?
ჩავიძირე ფიქრებში და აღმოვაჩინე, რომ გზას ფეხით დავდგომივარ, არადა ყვითელი, ხანდახან საშინლად მყრალი ავტობუსით უნდა წავსულიყავი. იმდენად დამენანა ფიქრებთან განშორება, რომ გადავწყვიტე ,,ნაძალადევის’’ სადგურამდე ფეხით მივსულიყავი, ხოლო იქიდან მეტროთი წავიდოდი სახლში.
იცით რაზე ვფიქრობდი? ძველი სახლების, ძველი სადარბაზოების ვითომ მხატვარზე – დროზე, რომელმაც საკუთარი ხელწერის განუმეორებელი ნიმუშები შექმნა. ჩამესმა ჩემი მასწავლებლის საყვარელი სიტყვა: ,,სტოპ!’’ – ეს ჩემი ქვეცნობიერი ალაპარაკდა და საოცარ დასკვნამდე მიმიყვანა: ადამიანს ძალუძს ყველაფერი უმარტივესი მოქმედებიდან, უმაღლესი ტექნოლოგიების გამოგონებამდე და ჰგონია, რომ სამყაროს ბატონ-პატრონია და ყველაფერი მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ უკაცრავად, ვერ მოგართვით. შენ არ ხარ ყოვლისშემძლე, ყოვლისშემძლეა დრო, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ეუფროსება, პირიქით, იგია ყველაფრის მბრძანებელი, მაგრამ არა უსინდისოდ! კი, მიდის იგი საკუთარი სიჩქარით, სხვისი სურვილით წამითაც არ აჩქარდება, არც შენელდება, მაგრამ გვიტოვებს არჩევანს. გვეუბნება, გამომიყენეთ თქვენ როგორც გინდივართო. არჩევანი ჩვენზეა. ჩვენი დროის ამპლიტუდაც განსაზღვრულია, ერთი წამიც კი არ უნდა დავკარგოთ უაზროდ, რათა დროსთან ფეხაწყობილი ვიაროთ, თორემ…
გამოჩნდა სადგური ,,ნაძალადევიც’’. შევდგი ფეხი ექსკალატორზე და ჩაირთო მუსიკა ყურსასმენებში. მღეროდა ირაკლი ჩარკვიანი და იცით რას? სიმღერას – ,,დრო’’. ცოტა შემაშინა დამთხვევამ.
დრო, დრო, დრო… აი, რა არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს!

ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის ნომერ მე-6 საჯარო სკოლა.