ლუკა ბაქანიძის მესამე ნაპირი
ლუკა ბაქანიძის მესამე ნაპირი

მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია ისეთი ამბებით, რომელიც მოხეტიალე ადამიანებს გადახდებათ. ახალგაზრდული პროტესტი ხშირად იქცევა მოგზაურობად, რომელიც მთავარ გმირებს აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებს. ამის მაგალითები ლიტერატურაში მრავლად მოიპოვება, იქნება ეს ბიტნიკების მიერ შექმნილი არაერთი ნაწარმოები, თუ ჯერომ სელინჯერის სრულიად განსხვავებული და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ჰოლდენ კოლფილდი. არანორმატიული ლექსიკა, რომელსაც ამ ტიპის ავტორები იყენებენ, გაუკვალავ გზაზე სიარულს ემსგავსება, რაც პერსონაჟების სამეტყველო ენას, უჩვეულოდ აახლოებს რეალობასთან.

სწორედ ამიტომ ასეთ ტექსტებს მკითხველთა შორის ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მით უფრო ტოტალიტარული გამოცდილების მქონე ქვეყნებში, სადაც კონტროლიდან გამოსულმა ახალი თაობის მწერლებმა ამ მიმართულებით პირველი ნაწარმოებები შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ეს დანაკლისი არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტით შეივსო, ლუკა ბაქანიძის მესამე ნაპირი, სრულიად განსხვავებულია და რაღაცით ძველ ჰიპურ ოდისეას მოგაგონებთ. ის, რაც ტექსტში დაგხვდებათ ერთის მხრივ თითქოს უჩვეულოა ქართული რეალობისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ შემზარავად რეალურია. თითქოს ავტორი ერთგვარ ბეწვის ხიდზე გაივლის გამოგონილსა და დოკუმენტურს შორის, ლიტერატურულ ენასა და რეალურ მეტყველებას შორის. ეს კი ქმნის ერთგვარ დაძაბულობას, რაც მთელ წიგნს ერთი ამოსუნთქვით წაკითხვადს ხდის.

რა არის მესამე ნაპირი? მესამე ნაპირი ის სამყაროა, სადაც ამ ნაწარმოების მთავარი გმირი ადგილს ვერ პოულობს. ქუჩაში ცხოვრება, ხეტიალი, მოგზაურობა, გარიყულობის შეგრძნება, ეს ყველაფერი უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ გაჭირვება. ერთია, როდესაც ქუჩაში სხვა პერსპექტივის არარსებობის გამო აღმოჩნდები და მეორე, როდესაც ცივი და ყალბი, მუდამ როლური თამაშებით დაკავებული ადამიანების სამყაროში ადგილს ვერ პოულობ. სწორედ ამ დროს იხსნება კარი, რომლის მიღმაც სხვა არაერთ გარიყულ ადამიანს აღმოაჩენ და აქ ფიზიკურთან ერთად, შენი სულიერი მოგზაურობაც იწყება.

ამიტომ თუ თქვენ გაინტერესებთ იმ ადამიანების ამბები, რომლებიც გაირიყნენ, მაგრამ მოახერხეს საკუთარი სამყარო შეექმნათ, წიგნების თარო თამამად გირჩევთ წაიკითხოთ ლუკა ბაქანიძის მესამე ნაპირი.