ლაზარე ერქომაიშვილი - უაზრო აპოკალიფსი
ლაზარე ერქომაიშვილი - უაზრო აპოკალიფსი

ბნელა. ჯერ ცალ თვალს ვახელ, ძლივს-ძლივობით. მინდა მეორეც გავახილო მაგრამ ვხვდები რომ მხოლოდ ერთი მაქვს. თავბრუ მეხვევა და თავი მტკივა. ისევ ვხუჭავ თვალს და ველოდები როდის გამივლის ტკივილი. ისევ ვახელ. ზევით ვიხედები. ნეტავ როგორ გავჩნდი ამოდენა კლდის ძირას. ნუთუ ჩამოვვარდი. ხო, ალბათ ამ კლდიდან ჩამოვვარდი და თავიც მაგიტომ მტკივა. მინდა ფეხზე ავდგე, მაგრამ კლდიდან ჩამოვვარდი და აბა როგორ ავდგები. ხო, ეს იქნებოდა მიზეზი, საერთოდ რომ მქონოდა ფეხები. აქაურობას ვათვალიერებ. ხმაურია. როგორმე ამ ხმაურთან უნდა მივიდე. თავს ძალას ვატან და მიწაზე ერთ ბრუნს ვაკეთებ. მერე ორს, სამს, ნელ-ნელა მიადვილდება და უკვე მშვენივრად მივგორავ. ხმა ძლიერდება. სულ უფრო ვუახლოვდები. რაც უფრო ახლოს მივდივარ მით უფრო ვგრძნობ სიგრილეს. პატარა და ცივი მატერიები მხვდება სხეულზე….
ჯანდაბა… ეს რა არის. ძალიან ცივა. მგონი დავფრინავ. ჩემდაუნებურად სწრაფად მივიწევ წინ. რაღაც ძალა მიმაფრენს. ვერ ვეწინააღმდეგები…
მგონი დაიღალა ძალა. გაჩერდა და აღარ მიმაქანებს. მაგრამ ჩემითაც ვერ ვიძვრი ადგილიდან. თვალს ვახელ. ორ დიდ სვეტს ვხედავ ჩემ წინ…
-გურამიკო, ამოდი წყლიდან.-მესმის შორიდან. ამ სიტყვების დასრულებისთანავე ეს ორი სვეტი მოსწყდა ადგილს და ერთმანეთის მიყოლებით გაქრა თვალთახედვიდან.
ეს ორი სვეტი იყო გურამიკო? ანუ წყალში ვარ? აი თურმე ის ცივი მატერიები რა ყოფილა. არა რა, გორაობას რო ვსწავლობდი დამუხრუჭებაც უნდა მესწავლა. ვიქნებოდი ახლა ისევ კლდის ძირას, მშვიდად…
ცოტა ხანში ორი სვეტი ისევ მიახლოვდება. ცხვირწინ მიჩერდება და ამ დროს ჩემი მიმართულებით მესამე სვეტი ეშვება და თავზე საბანივით მეფარება. დაბნელდა. მგონი ზევით ავყავარ. სიბნელის საბანი მალე მშორდება და ისევ ნათდება. რაღაც რბილზე ვდევარ. ზევით ვიხედები და ვხედავ, ორი დიდი ყავისფერი ბურთი მიყურებს.
-დეე, ნახე რალამაზი ქვაა.
ქვაა? აბა სად? ააა, მე ვარ ქვა. აი თურმე ფეხზე რატო ვერ ავდექი.
-გურამიკო, ბოლოჯერ გეუბნები, გამოდი და აღარ შეხვიდე წყალში!
ქვევით ვიხედები. ეს ორი სვეტი ვიცანი. ზემოდან დანახული სულ სხვანაირი ყოფილა. ისევ გადიან სვეტები წყლიდან.
-ფეხები გაიმშრალე! პირსახოცი იგერ დევს.
გურამიკო პირსახოცს უხახუნებს სვეტებს. აჰა, ესეიგი ამ სვეტებს ფეხები ქვია. და მე გურამიკოზე ვარ? არ მომწონს გურამიკოზე ყოფნა. ხან ბნელდება, ხან ნათდება. ისევ წყალში ყოფნა ჯობია.
-გადააგდე ეგ ქვა!-ეს ხმა უკვე დავიზეპირე. არა მოიცა, არ გადამაგდ…ოოოოოოო…..
ჯანდაბა! ჯერ ახლა გავჩნდი და უკვე მეორედ ვიტკინე თავი. წყალში მაინც გადავეგდე. ამჯერად სად ვარ… არემარე დავათვალიერე. გარშემო უამრავი სვეტია, მაგრამ გურამიკოს ფეხებს არცერთი გავს. უფრო დიდები არიან. სხეულზე ნაცნობი ცივი მატერია მხვდება:წყალი! გამახსენდა! ისევ წყალთან ვარ? ხმაური რომ არ ისმის? ისევ მეცემა სხეულზე წყალი. ახლა უფრო მეტი მეცემა. ზემოდან მოდის. არა, წყალში საკმარისად ვიყავი. მშრალი ადგილი უნდა ვიპოვნო. ისევ მივგორავ. რაღაც ჩემნაირს ვხედავ. მივალ, დაველაპარაკები.
-გამარჯობა!-ჩემნაირი  რაღაცა ცალ თვალს ახელს და მიყურებს. მგონი ჩემზე ცოტათი დიდია.
-გაგიმარჯოს!-მკვახედ მპასუხობს.
-მე ქვა ვარ! – ფაქტიურად ყველაფერი ვუთხარი, რაც ჩემი თავის შესახებ ვიცოდი.
-არა, ქვა მე ვარ. შენ კენჭი ხარ.
დავუჯერო ვითომ? ის ხომ ჩემზე დიდია, ესე იგი ჩემზე მეტიც ეცოდინება.
-კენჭი? და რა განსხვავებაა?
-ის რომ დედამიწა როცა შუაზე გაიხსნება და ორივენი უფსკრულში გადავვარდებით, მწვანეკენჭიყლაპია შენ შეგჭამს და არა – მე.
-მწვანეკენჭიყლაპია ვინღაა. ალბათ უნდა მეშინოდეს, მას ხომ ჩემი შეჭმა უნდა. და დედამიწა რაღაა?
ვფიქრობდი მეკითხა თუ არა ეს ქვისთვის და ამ დროს რაღაცამ დაიგრუხუნა, არემარემ ზანზარი დაიწყო და ჩემსა და ქვას შორის მიწამ ნელ-ნელა გახლეჩა დაიწყო. „დედამიწა როცა შუაზე გაიხსნება“. აჰა, ეს არის დედამიწა. დედამიწაზე ვართ მე და ქვა. და დედამიწა შუაზე იხსნება. ანუ ახლა უნდა შემჭამოს მწვანეკენჭიყლაპიამ? „ორივენი უფსკრულში გადავვარდებითო.“ ანუ ჯერ უფსკრულში უნდა გადავვარდეთ. არა! არ გადავვარდები. და არ შევაჭმევინებ თავს მწვანეკენჭიყლაპიას. მე ამას შევძლებ! უნდა შევძლო! არა, ვერ შევძლებ. უფსკრული თავისკენ მექაჩება. ისევე ვერ ვეწინააღმდეგები როგორც წყალს. ცოტაც და გადავვარდებიიიიი… მწვანეკენჭიყლაპია დავინახე. ნეტავ საიდან გაჩნდა. პირი დაუფჩენია და ჩემკენ მოფრინავს. მიახლოვდება, მიახლოვდება და… ჩამყლაპა…