კაძუო იშიგურო, პოლ ოსტერი, ელის მანრო... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 3]
კაძუო იშიგურო, პოლ ოსტერი, ელის მანრო... ცნობილი ავტორების საყვარელი წიგნები [ნაწილი 3]

ყოველთვის საინტერესოა, რას კითხულობენ ჩვენი საყვარელი ავტორები, როგორი ლიტერატურა უყვართ, რომელი ქვეყნის ლიტერატურა ურჩევნიათ და რას აფასებენ წიგნის კითხვის დროს.

გთავაზობთ ელის მანროს, კაძუო იშიგუროს და პოლ ოსტერის საყვარელ წიგნებს, რომლებმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

 

 

 

კაძუო იშიგურო

იაპონური წარმოშობის ბრიტანელი ავტორი, რომელმაც ახლახანს აიღო ნობელი პრემია ლიტერატურის დარგში თავის საყვარელ ავტორებს შორის ერთ-ერთს შარლოტა ბრონტეს ასახელებს, რომელმაც ასწავლა, როგორ შეიძლება დაიწეროს რომანი პირველ პირში. ასევე მის საყვარელ ავტორებს შორისაა იაპონური წარმოშობის ჰარუკი მურაკამი, რომლის რომანიც „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“ იშიგუროს ერთ-ერთი საყვარელი ტექსტია.

ნობელიანტი მწერლისთვის ასევე გამორჩეულად საყვარელია ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი ვუდჰაუსი, რომელსაც ეკუთვნის წიგნების სერია ჯივზზე.

პოლ ოსტერი

ცნობილი ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი, მრავალი პრემიის მფლობელი პოლ ოსტერი New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, რომ დედა ხშირად უკითხავდა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრებს, ხოლო ცხრა წლის ასაკში შეიძინა რობერტ ლ. სტივენსონის წიგნების სრული კოლექცია და სწორედ ამ ამბებმა მისცა მას დიდი ბიძგი, გამხდარიყო შემდეგში მწერალი და შეეთხზა ამბები. ამბობს, რომ ძალიან აინტერესებდა, რატომ გამოიწვია იმ წლებში დიდი აჟიოტაჟი ბორის პარსტერნაკმა და დაინტერესდა მისი შემოქმედებით და რომანით „ექიმი ჟივაგო“.

ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ მისის საყვარელი წიგნია „დონ კიხოტი“ და „დანაშაული და სასჯელი“, ასევე ძალიან უყვარს დიკენსის შემოქმედება და ვირჯინია ვულფი.

ელის მანრო

ელის მანროს ურთიერთობა ლიტერატურასთან ანდერსენის ზღაპრებით დაიწყო, ის ხშირად კითხულობდა ზღაპრებს და წაკითხვის შემდეგ ალტერნატიულ, უფრო ბედნიერ დასასრულებს იფიქრებდა ზღაპრებისთვის. ხოლო ცოტა უფრო გვიან, თინეიჯერობაში ანტონ ჩეხოვი მისთვის დიდი აღმოჩენა იყო და სწორედ ამ ავტორმა უბიძგა, შეექმნა მოთხრობები და მისთვის დიდი ინსპირაცია აღმოჩნდა ამბები ჩეხოვის სამყაროდან.

მარგარეტ ეტვუდთან საუბრისას 2014 წელს ელის მანრომ აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად იღებს საყვედურებს, რომ მისი ტექსტები მძიმეა, რომ დეპრესიულია და ამაზე გაკვირვება გამოხატა, იქვე თქვა, რომ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ კითხვა, მიუხედავად იმისა რომ წიგნი დეპრესიულია მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.