გიორგი მერკვილიშვილი – სულთა ნადიმი

18:51, 12.03.2018

დილით, ფანჯრიდან ანაზდად შემოსულმა მზის სხივმა გამომაღვიძა, მაშინვე ფეხზე წამოვდექი, აბაზანის მორყეული კარი გამოვაღე, ონკანთან მივედი, სახეზე წყალი შევისხი და დალაქავებულ სარკეში ჩავიხედე. ერთხანს ჩემს საზიზღარ სახეს დავაკვირდი, თმააჩეჩილი უტიფრად რომ მიყურებდა და ჩემს მოძრაობებს იმეორებდა. ამოვიოხრე და გარეთ გამოვედი, შარვალი და პიჯაკი ჩავიცვი, რომელიც მკლავთან გარღვეულიყო, შემდეგ კოსტიუმი მოვიცვი, ჩემი ბარგი შევკარი რაც კი რამ მქონდა (სავარცხლის, პატარა დასაკეცი დანის, სარკის, ჰომეროსის „ილიადას“ და რამდენიმე გროშის მეტი არაფერი მებადა.) და გავუდექი გზას სადგურისკენ, სადაც მატარებელი უნდა მდგარიყო.
მივდიოდი ტყით გარშემორტყმულ ბილიკზე და მეზიზღებოდა აქაურობა. ნაბიჯს ავუჩქარე, რათა მალე მივსულიყავი იმ დამპალ მატარებელთან და აქაურობას გავცლოდი. მხოლოდ საცალფეხო ბილიკები მიდიოდა სადგურამდე, აბა გზის გაკეთებაზე ვინ იზრუნებდა ამ უდაბურ მხარეში.
როგორც იქნა მივედი, ტყით გარშემორტყმულ სადგურში ორვაგონიანი მატარებელი იდგა, გამცილებელს ვკითხე თუ როდის გავიდოდა და მან ერთი საათი რომ მითხრა, დავიმანჭე და უკმაყოფილების მიზნით ცხვირაბზუებული, ცარიელ მატარებელში ავედი. უცნაური ადგილი იყო, სადღაც ტყის შუაგულში სადგურის გაკეთება რომელ იდიოტს მოუვიდა თავში?! ჩემთვის ჩავიცინე და ფანჯარაში გავიხედე. ბილიკს მოხუცი კაცი კოჭლობით მოუყვებოდა, ძველი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, რომელიც აქა-იქ გაცრეცილიყო და ლაქებიც ეტყობოდა. გულს ომისდროინდელი მედლები უმშვენებდა და ნაოჭებისგან დაღარულ სახეზე ნათლად აჩნდა განვლილი ცხოვრებისგან მიყენებული ჭრილობების კვალი.
მის უკან შუა ხნის, ლოყებაღაჟღაჟებული ქალი მოდიოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ერთი ხელით ბავშვი გულზე ჰყავდა მიხუტებული, მეორეთი კი დიდი ჩანთა ეჭირა, რომელსაც გაჭირვებით მოათრევდა მატარებლისკენ. შემდეგ სხვებიც გამოჩნდნენ, მაგრამ იქით უკვე აღარ ვიყურებოდი, თავი მქონდა ჩაქინდრული იქამდე, სანამ ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი არ დაჯდა. თავი ავწიე და დავინახე, რომ იაპონელები იყვნენ. ერთი ჩია ტანის იყო, მეორე ზორბა და წვერიანი და მესამე გოგო იყო, რომელმაც წამიერად შემომხედა და თავი ჩაღუნა, იმის მერე არც ამოუხედავს. გამიკვირდა, თუმცა ამის დამალვა მოვახერხე და ისევ ფანჯარაში გავიხედე. ცოტა ხნის შემდეგ ის ბავშვიანი ლოყებღაჟღაჟა ქალი ჩემს გვერდით დაემხო სკამზე, სუნთქვა გახშირებოდა, ცალი ხელით ბავშვი ეკავა, რომელიც ტირილის პირას იყო, მეორეთი კი ჩანთას სკამის ქვეშ ტენიდა. როდესაც ყველაფერი დაალაგა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ნელ-ნელა სუნთქვაც დაუწყნარდა.
-შვილო, ვინ არიან ესენი? – მკვახედ მკითხა და ხელი წინ გაიშვირა.
-იაპონელები არიან, დეიდა. – ვუპასუხე და მათკენ გავიხედე. მათაც გამოგვხედეს, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი ესმოდათ.
-ყველგან ესენი არიან, ამათი ჯიში გაწყდა ერთ დღეს! – წამოიყვირა ქალმა და ლოყები კიდევ უფრო აუღაჟღაჟდა.
მე აღარაფერი მითქვამს, თუმცა შევამჩნიე როგორ გადაულაპარაკეს ერთმანეთს რაღაც.

-უფროსო, აღარ მივდივართ? – შევძახე გამცილებელს
-გავდივართ შვილო, გავდივართ. – თქვა და მალევე დავიძარით. მატარებელმა ერთი ომახიანად შეჰყვირა და გაუდგა გრძელ და მომქანცველ გზას.

ერთხანს ფანჯარაში ვიყურებოდი, შემდეგ საზურგეს მივეყრდენი და დაძინება გადავწყვიტე. გონებაში რაღაც მელოდია ამომიტივტივდა და ისე დავიწყე ღიღინი, რომ ვერ შევამჩნიე როგორ მომაპყრო ყველამ ყურადღება. როცა შევამჩნიე, შემრცხვა და ისევ დავხუჭე თვალები, თუმცა ის მელოდია ისევ არ მეშვებოდა, ეს იყო “Jolly Roll Morton – The Crave”, ისევ დავიწყე ღიღინი, ოღონდ ამჯერად კრინტი არ დამიძრავს, უბრალოდ ეს მელოდია ჩემში ისმოდა. სულის მოდუნების და აღმაფრენის საუკეთესო საშუალება იყო. თითქოს კედელში თავი გავყავი და სრულიად სხვა განზომილებებში გადავედი, თუმცა ფიზიკურ უძრავობას მაინც ვგრძნობდი. ასე ჩამეძინა, მელოდიების იმ ზღვაში ჩაძირულს, რომელშიც ჟანგბადის გარეშეც შემეძლო სუნთქვა.
ძაღლის ყეფის ხმამ გამომაღვიძა. გარშემო მიმოვიხედე და ჩემს უკან სკამზე ქალი იჯდა, რომელსაც პატარა ძაღლი ჰყავდა და ეს უკანასკნელი გაუჩერებლად ყეფდა. ძაღლის ყეფას ბავშვის ტირილი შეეხმიანა. ვაგონის ბოლოში, ვიღაცას ყუთში ახლად წამოჩიტული წიწილები ჰყავდა, რომლებიც წივწივს მოჰყვნენ, ამას ხალხის ლაპარაკიც დაემატა და ვაგონში ქაოსი ჩამოწვა. ფეხზე წამოვდექი და ვაგონიდან გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და ერთი წამით თვალები დავხუჭე, კარგად შევიგრძენი მისი კვამლის მწუხარება, სიმწარე და ის მავნებლობა, რასაც ის იწვევდა, თუმცა იქვე ჩამოვჯექი და სიამოვნებით გავაგრძელე გაბოლება. თან გარეთ მდინარის გაბმულ რუტინას ვაკვირდებოდი, როდესაც მატარებელი ძლიერ შეჯანჯღარდა და მის კედელს თავი მივარტყი. საშინელება იყო. თავი ისე მიბრუოდა, რომ ორიენტაციას ვერ ვინარჩუნებდი და ჩემს სკამამდე ძლივს მივაღწიე. დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, უცებ გვირაბში შევედით და ჩამობნელდა. მატარებლის შუქები სუსტად ანათებდა, ადამიანების სახეებს ისე ეცემოდა, თითქოს რაღაც ურჩხული სახლობდა თითოეულ მათგანში, ყველას სახე განსხვავებული იყო, მაგრამ ამავე დროს ყველა ერთმანეთის მსგავსნი, მხოლოდ საჭირო კუთხით შეხედვა სჭირდებოდა და დაინახავდით მათ დემონებს. მხოლოდ ის იაპონელი გოგონა იჯდა თავჩაღუნული და სახეზე არანაირი ჩრდილი არ ეცემოდა, თითქოს ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული იყო. თმა სახეზე ჩამოშლოდა და სახის ნაკვთები არ უჩანდა. მონუსხული ვუყურებდი, ვცდილობდი იმ ათასი ღერი თმის მიღმა გამეხედა და მისი უცხო სახე დამენახა, თუმცა ამაოდ, წარმოდგენაც კი არ შემეძლო და გამიკვირდა. მისი სახე ვერ წარმოვიდგინე და ეს შეგრძნება პატარა ბავშვისთვის თავში წამორტყმასავით იყო, რომელიც სირცხვილის დაფარვის მიზნით ლოყებაწითლებული იღიმება და მუხლებზე ხელებდაწყობილი უძრავად ზის. ასეთ დროს, მის უსუსურობას ასე თუ ისე გრძნობ. მეც ასე ვიყავი, თავს უსუსურად ვგრძნობდი, რადგან მისი სახე ვერ წარმოვიდგინე. შემდეგ გვერდი შევიცვალე და თავიც მივაბრუნე, თითქოს რამეს შეცვლიდა, თითქოს ესღა იყო საჭირო და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდებოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ჩემმა სიახლემ არ გაამართლა.
ვიღაც უცხო ქალის შეხედვისას, ყოველთვის ჩემი ცოლი მახსენდებოდა. ჰო, ეს ძველი ამბავია, მაგრამ ჩემი სულის შეძვრას ახლაც ახერხებს, თუმცა რა გასაკვირია. ვის არ ჰყვარებია.
ჩემი ცოლის გარდაცვალებიდან თითქიმის სამი წელი გავიდა და მის შემდეგ დავკარგე ცხოვრების აღქმის უნარი. ამ გრძნობის ანალიზსს ალბათ მოგვიანებით მოვკიდებ ხელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრება ჭადრაკივითაა, მასში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებები და თუ სწორად არ განჭვრიტე საით დგავ ნაბიჯს, შეიძლება იქ მხედარი დაგხვდეს და თავისი ორლესულით თამაშს გამოგთიშოს.
უცებ გამოვერკვიე ფიქრებიდან და გამიკვირდა, რომ ისევ გვირაბში ვიყავით და ბოლო არა და არ ჩანდა. უცებ სინათლის წყურვილმა მომიცვა და რომ ვერსად ვიპოვე, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. მოძრაობა დავიწყე, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი და ველოდებოდი სინათლეს, როდის გამოჩნდებოდა, მაგრამ ის არსად ჩანდა. თითქოს არაფერი, ხალხი ისევ ისე იყო, ყველა საკუთარ თავთან და ძილთან მარტო, მაგრამ მე ჭკუიდან ვიშლებოდი და ჰაერივით მჭირდებოდა მზის სინათლის ხილვა, თუმცა სიბნელემ მოგვიცვა და სინათლე თითქოს სამუდამოდ დაიკარგა. უცებ ჩემ თავზე გამეცინა და მივხვდი რომ სისულელეზე ვფიქრობდი, იმ უეცარმა შემოტევამაც გამიარა, თუმცა გვირაბი ისევ არ მთავრდებოდა.

მატარებლის იატაკზე ვეგდე. წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა. ხალხის ტირილი და გიჟური ყვირილი მოვიდა ჩემს ყურთასმენამდე. თავი ძლივსძლივობით წამოვწიე, ხელი შუბლზე მივიდე და აღმოვაჩინე, რომ სისხლი თქრიალით მომდიოდა. როგორღაც წამოვდექი, სკამთან მივედი, კოსტიუმი გავიხადე და შუბლზე მივიდე. შემდეგ თავი ავწიე და გარემოს თვალი მოვავლე. ხალხი აქეთ იქით ეყარა, ზოგი დასისხლიანებულ ადგილებს იწმენდდა, ზოგიერთი გამორკვევას ცდილობდა თუ რა ჯანდაბა მოხდა, თუმცა არავის აზრად არ მოსდიოდა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ავდექი და მძღოლის კაბინისკენ გავემართე, გზად რამდენიმე ადამიანს წამოდგომაში დავეხმარე და თან ცალი ხელით შუბლზე ჩემს კოსტიუმს ვიდებდი სისხლის შესაჩერებლად.
კაბინაში შევედი და იქაურობა სისხლით იყო მოთხვრილი, მემანქანე მატარებლის შუშის ნამტვრევებში ეგდო, სახე სულ დასერილი ჰქონდა და უკვე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. თავს საშინლად ვგრძნობდი, უკვე გულიც მერეოდა და მატარებლის კარს წიხლი ვკარი და გავაღე, ძირს ჩავედი. სიბნელე იყო, მხოლოდ მატარებლის სუსტი შუქები ციმციმებდა აქა-იქ. ისევ მატარებელში ავედი და ხალხს ძირს ჩამოსვლაში დავეხმარე, ზოგიერთს ხელი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს თავი გატეხილი. რამდენიმე გარდაცვლილიყო, მათ შორის ის მედლებასხმული კაცი, რომელიც მატარებლის ფანჯრიდან დავინახე.
ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი მაინტერესებდა და წავედი მატარებლის წინა მხარის დასათვალიერებლად. რომ მივედი, დავინახე, რომ მატარებელი კედელს იყო შეჯახებული, გვირაბს ბოლო არ ჰქონდა და თუ ჩავთვლიდით, რომ ჰქონდა, მაშინ მისი ბოლო ეს კედელი იყო. რა უაზრობაა, გვირაბის გაყვანა დაუსრულებელი იყო.
როდესაც ხალხი ძირს ჩამოვიდა, ატყდა ერთი ალიაქოთი. მათ გვირაბიდან გასვლა უნდოდა, თუმცა კარგა შორ მანძილზე ვიყავით გვირაბის შესასვლელიდან. ყველამ გადმოიტანა ბარგი მატარებლიდან და ერთ ჯგუფად მდგარნი მსჯელობდნენ, თუ რა ექნათ. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე კაცი წასულიყო და ენახა რამდენად შორსაა გვირაბის შემოსასვლელი და სამაშველო რაზმიც მოეყვანათ. ასეც მოიქცნენ, ცოტა ხანში სამი კაცი წავიდა, ყველა მათ შეჰყურებდა და ელოდნენ როდის დაიხსნიდნენ ამ საშინელებიდან.
ღამდენიმე საათი გავიდა, ხალმა ისევ მატარებელში იწყო ასვლა, მიწაზე წოლას სკამებზე წოლა ერჩივნათ. მე მატარებლის ასასვლელ კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩარგე. ყველაფრის გაანალიზება მინდოდა, მე ხომ უბრალოდ მატარებლით ვმგზავრობდი და უცებ მატარებელი დაუმთავრებელ გვირაბში ხვდება, სადაც კედელს ეჯახება რის შედეგადაც ადამიანები შავდებიან და კვდებიან. ნამდვილად სიგიჟეა.
მატარებელში ავედი და რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭს გამოველაპარაკე. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და ლაპარაკიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ნამდვილი ნაგვები იყვნენ. ნივთებიც კი მაჩვენეს, რომელიც ამ არეულობაში ხალხს მოპარეს. ზრდილობიანად დავემშვიდობე მათ და სხვაგან გადავჯექი, არც იქ დამხვდა გადასარევი სიტუაცია. ამ უცნაური შემთხვევის შემდეგაც, ხალხი ერთმანეთს საძულველი თვალებით უყურებდა, ერთმანეთს ნივთებს პარავდნენ და ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებდათ. ოცდახუთიოდე ადამიანი სადღაც მიწის ქვეშ ვართ დამარხულები, საშველი არსაიდან ჩანს, არავინ იცის რა ბედი გვეწევა და ხალხს დრო ერთმანეთის გაქურდვით გაჰყავთ. ნამდვილად სახარბიელოდ მაქვს საქმე.
ძალიან ციოდა. ალბათ შუა ღამე იქნებოდა, როცა მატარებლიდან ჩამოვედი, რადგან ვერ დავიძინე. თითქმის აღარავის ხმა აღარ ისმოდა, ალბათ ყველას ეძინა. ცოტა ხანს სიბნელეში ვიჯექი და სიცივით ვტკბებოდი, მსიამოვნებდა სადღაც გამოქვაბულის სიღრმიდან მონაქროლი ქარის შეხება და იქამდე ვიჯექი ასე, სანამ სიცივისგან არ ამაძაგძაგა. შემდეგ მეც მატარებელში ავედი, დაძინება ვცადე და გამომივიდა კიდეც.
დილა იქნებოდა, როცა ხმაურმა გამაღვიძა. სკამებზე წოლისგან წელი მტკიოდა და ძლივსძლივობით წამოვიმართე. გარეთ აყალმაყალი იყო. ხალხი, რომელნიც გუშინ წავიდნენ გვირაბის შემოსასვლელისკენ, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან და ყველა პრეტენზიას გამოთქვამდა ამის შესახებ. ამ ხმაურის მოსმენა არ მინდოდა და მატარებელში დავრჩი, წუთი არ იყო გასული, რომ ჩემთან ვიღაც კაცი მოვიდა. შუა ხნის იქნებოდა, წვერი ჰქონდა და ცოტას კოჭლობდა.
-გამარჯობა შვილო. – მომესალმა და სკამზე ჩამოჯდა.
-გაგიმარჯოს, ბიძაჩემო! – მეც ვუპასუხე მონდომებით და სკამზე გავსწორდი.
-რას ფიქრობ, აბა გვეშველება რამე? – მკითხა ღიმილნარევი სახით.
-რა ვიცი, ბიძაჩემო, ამ საფლავშიც თუ არ შევწყვეტთ ამ ქურდობას და გათითოკაცებას, ჩამოგვენგრევა ამ კუბოს საფლავი და ჩვენც მოგვიყოლებს შიგ.
-ეჰ, მე დავბერდი, შვილო და ვერც ვერაფერს ვხედავ ამ დაწყევლილი სიშავის გარდა, თუმცა არაა აუცილებელი ყველა ერთნაირ გამოსახულებებს ხედავდეს, სამყარო მრავალფეროვნებებითაა სავსე. ეს დამპალი გამოქვაბულიც უამრავი სანახაობითაა გამოტენილი, მთავარი ისაა, შენ რის დანახვას შეძლებ. მე მხოლოდ შავ ფერს ვხედავ, მაგრამ შენ კი, შეიძლება ამ შავ ფერში სამყაროც კი ამოიცნო. მთავარია სწორი კუთხით შევხედოთ ყველაფერს, თუ რათქმაუნდა სწორი დარჩა რამე ამ სამყაროში.
-დარჩა, დარჩა, ბიძია. რომ არ დარჩენილიყო, ახლა ალბათ საიქიოს ვიქნებოდით გამწესებულები, თუმცა იქნებ უკვე იქ ვართ. რას გაიგებ.
კაცს აღარაფერი უპასუხია, ასე უხმოდ იჯდა. შემდეგ წავიდა, თავისი ჩანთა მოიტანა, გახსნა და ყველი და პური ამოიღო. მომაწოდა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შიმშილით ვკვდებოდი.
-აბა შვილო, საიქიოში აქვთ ესეთი გემრიელი ყველი? – მკითხა კაცმა სიცილით და ყველს კარგა დიდი ლუკმა მოაკბიჩა.
-ნადმვილად არ ექნებათ, ეს ისეთია, ალბათ სამოთხეშიც ძვირად ფასობს! – მეც მივუგე მადლიერების გამოსახატავად.

საათები გადიოდა და დახმარების მოლოდინში ხალხი გარეთ იცდიდა, თუმცა დახმარება არსად ჩანდა. ძალიან ციოდა, ერთი ფიქრი ისიც გადავწყვიტეთ, რომ მატარებლის სკამები მოგვემტვრია და ცეცხლი დაგვენთო, მაგრამ გვეშინოდა ისედაც დახურულ სივრცეში კვამლით არ ამოვმხრჩვალიყავით. ამიტომ სავარძლებში მოკუნტულები ვცდილობდით გათბობას. ალბათ ღამით, როდესაც ყველას ეძინა, მე ისევ გარეთ ვიჯექი და პლედი მეფარა, რომელიც იმ კეთილმა კაცმა მომცა. ასე ვიჯექი თვალებმილულული, როდესაც მატარებლიდან ვიღაც ჩამოვიდა და თვალები გავახილე. ის იაპონელი გოგო იყო, ჩამოსვლისას დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა, მეც წამოვჯექი. ის მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა.
-გამარჯობა! – მომესალმა ძალიან მკაფიოდ, ნაზი ხმით, თითქოს საერთოდ არ ყოფილიყო უცხოელი, თითქოს მშობლიურ ენაზე საუბრობდა. ძალიან გაკვირვებული  ვიყავი და ცოტა ხნით ხმა ვერ ამოვიღე.
გაგიმარჯოს! – მეც ვუთხარი და გაკვირვებული სახით შევხედე მის ლანდს, რომელიც ოდნავ იკვეთებოდა სიბნელეში, ამიტომაც ფანარი ჩავრთე და მას დავაკვირდი.
-მე მისაკი მქვია. – მითხრა მან.
-ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, მისაკი! – ვუთხარი მონუსხულმა. ის მშვენიერი იყო. იაპონელებს ჩინელებს და კორეელებს ყოველთვის ერთ ქვაბში უყრიან თავს, უმეტესობა მათ გამორჩევას არც კი ცდილობს, თუმცა ეს იაპონელები მართლაც საოცარი ხალხი არიან, მისაკი კი ულამაზესი გოგო იყო.

თითქმის ერთი კვირა დავყავით უკვე იმ საშინელ ადგილას, ერთ დღეს კი საოცარი და ამავე დროს საშინელი რამ მოხდა. ის სამი კაცი, რომელთაც ჩვენთვის დახმარება უნდა მოეყვანათ უკან დაბრუნდნენ, ოღონდ დახმარების გარეშე და თან სასოწარკვეთილებაში ჩაცვენილები. მათ თქვეს, რომ თითქმის სამი დღე მიდიოდნენ და ყოველ წუთს ელოდნენ სინათლის გამოჩენას, თუმცა სინათლე არსად ჩანდა, ბოლოს კი როგორც იქნა მიაღწიეს შემოსასვლელს, თუმცა ისიც ისევე იყო ჩახერგილი, როგორც გასავლელი. მოკლედ, მაგარ ტრაკში ვართ.
ხალხმა როდესაც ეს მოისმინა, გამწარებულებმა დაავლეს თავიანთ ბარგს ხელი და და იმ ერთადერთ გზას გაუყვნენ, ნაწილი კი ადგილზე დარჩა. უკვე იმედგადაწურულები საკვებს ვიზოგავდით და ტყუილი გადარჩენის იმედით გავყურებდით სიბნელეს. ხო მართლა, მე და მისაკი ძალიან დავახლოვდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით და საუბრით გაგვყავდა დრო. ხანდახან მომეკვრებოდა ხოლმე და მისი სხეულის სიმხურვალეს ტანსაცმელშიც კი ვგრძნობდი. ამ უდაბურ, გაყინულ და ბნელ ადგილას მისაკი ერთადერთი თბილი და ნათელი წერტილი იყო. ერთხელ, როდესაც გავიღვიძე და თვალები გავახილე, დავინახე, რომ მისაკი იქვე იჯდა და მიყურებდა. წამოვდექი, ნელ-ნელა ვფხიზლდებოდი და მის ღიმილს უფრო და უფრო მკაფიოდ ვარჩევდი ამ სიბნელის გარემოცვაში. შემდეგ ფეხზე ავდექი და მასთან მივედი, გვერდით მუვუჯექი, უსიტყვოდ. მისი სახე ხელებში მოვიქციე და შევამჩნიე, რომ აღარ იღმოდა. უცებ მის ტუჩებს შევეხე, ზუსტად იქ, სადაც წუთის წინ ღიმილი იყო აღბეჭდილი. მისი ტუჩების სიმხურვალისგან კინაღამ ერთიანად დავდნი, თითქოს გულში დამდნარი ტყვია ჩამასხესო, ისეთი მწველი სიმხურვალე შემოიჭრა ჩემში და ჩემზე გაბატონება მოახერხა.
მისაკის შიშველ სხეულს მთელი ტანით ვგრძნობდი, ყოველი ადგილის შესწავლა და შეხება მჭირდებოდა ისეთ ლტოლვას განვიცდიდი. მის ამობურცულ მკერდზე თავი მედო და მის მთრთოლარე კანზე ხელს ვატარებდი. სიმხურვალისგან ერთიანად მოვეშვი და მხოლოდ მისი ნაზი სუნთქვა აღწევდა ჩემს ყურთასმენამდე. ნეტარების ზღვაში იმდენად ჩავიძირე, რომ ის უკვე ჩემი სხეულის ნაწილი გახდა და მის გარეშე არსებობა აღარ შემეძლო. თუ ჰაერზე გამოვიდოდი, მაშინვე ავფართხალდებოდი, როგორც ანკესზე წამოგებული პატარა თევზი, რომელიც გადარჩენას ცდილობს.
როდესაც გავიღვიძე უკვე მარტო ვიყავი, აღარც მისაკი ჩანდა სადმე და უფრო მძიმე სიბნელე გაბატონებულიყო, ვიდრე აქამდე. ფეხზე ავდექი, მატარებლიდან ჩავედი და დავინახე რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ერთად იდგნენ და რაღაცას დაჰყურებდნენ. ახლოს მივედი და გაოცებიგან ოხვრა აღმომხდა. იქ ორი პატარა ბავშვი ეგდო, რომელთა ბაბუაც მატარებლის შეჯახებისას გარდაიცვალა და მარტონი იყვნენ. ახლა კი, როგორც ჩანს ისინი ისევ დაუბრუნდნენ ბაბუას, თუმცა ამის მიზეზი არავინ იცოდა. ეს ფაქტი მარტოობას, სიბნელეს და ობლობას მივაწერეთ, ბავშვები კი დიდის ვაი-ვაგლახით გათხრილ საფლავებში ჩავაწვინეთ. მხოლოდ ექვსნი დავრჩით: მე, მისაკი და მისი ორი იაპონელი მეგობარი, რომლებიც ეჭვისთვალით მიყურებდნენ, ის შუა ხნის კაცი, რომელიც პირველად საჭმლით გამიმასპინძლდა და კიდევ ერთი ახალგაზრდა. დანარჩენი ყველა წასულიყო, ან ჩვენ რა გვესაქმებოდა აქ, მაგრამ სულ წინ სიარულით შორს ვერ წავიდოდით. ამიტომ სიკვდილის ან რაიმე ადამიანურის პოვნის იმედით როგორღაც ვცოცხლობდით.
შემდეგ დღესაც თითქმის იგივე სურათი დაგვხვდა. ერთ-ერთი იაპონელი და ის ახალგაზრდა ბიჭი უსულოდ ეყარნენ მიწაზე. ამაზე მისაკიმ ბევრი იტირა, საშინელ ხასიათზე იყო და ვერაფრით მოვახერხე მისი დაწყნარება. საფლავები გაჭირვებით გავთხარეთ, თითებითაც კი ვფხოჭნიდით მიწას. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა, უკვე ყველას გვეგონა, რომ დავბრმავდით, რადგან უკვე თითქმის ორი კვირა იყო რაც სინათლე არ გვენახა. შემდეგ დილას მეორე იაპონელიც ძირს ეგდო, რამდენიმე საათის შემდეგ კი ის კაციც ძირს გართხმული ვიპოვეთ, რომელმაც პირველად შემომთავაზა საჭმელი აქ ყოფნის დროს. გული დამწყდა, საშინლად ვიყავით. მხოლოდ მე და მისაკი დავრჩით ცოცხალი კუბოში, რომელიც მკვდრებით იყო სავსე, თუმცა ჩვენ ვინღა დაგვმარხავდა? აღარავინ დარჩა, ვინც ერთ მუჭა მიწას მაინც მოგვაყრიდა, ვისაც ემახსოვრებოდა თუ ვინ ვართ ან საიდან მოვდივართ, თუმცა ამ გვირაბის წესებს თუ დავემორჩილებით, გამოდის, რომ არსაიდანაც არ მოვდივართ.
მატარებლის სავარძლებზე ვიყავით გართხმულნი მე და მისაკი, წყალიც კი აღარ გვქონდა, საჭმელზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩემს მკლავებში იყო მოქცეული და ასე ვაპირებდით ქვად ქცევას, რომელიც მიწიდან წარმოიშვა და მალე დაუბრუნდებოდა მას. მე და მისაკი კი ისე გავქრებოდით, თითქოს არც არასდროს გვიარსებია, არც არასდროს ჩავმჯდარვართ ამ დაწყევლილ მატარებელში და საერთოდ ერთმანეთიც არ გაგვიცვნია, თუმცა, ეს რომ წარმოვიდგინე საერთოდ არ მიგრძვნია თავი მსუბუქად, არც არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. მტვერის სახით გავიფანტებით ამ ჯურღმულებში, ყოველ ადგილს მოვედებით და გადავფარავთ, ხოლო როდესაც ვინმე სულიერი ამ ადგილას მოხვდება, აუცილებლად იგრძნობს იმ მიწის ყივილს, რომელიც ჩემი და მისაკის  სიმხურვალიდან წარმოიშვა, იმ სინათლის შუქურას დაინახავს, რომელსაც ასე ველოდით, მაგრამ არსად ჩანდა.
ამ ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც ყველაფერი განათდა. შუქი მოედო ყველაფერს სადაც ამდენი ხნის მანძილზე ვცხოვრობდით. მე და მისაკი ფეხზე წამოვხტით და დავინახეთ ადამიანები, რომლებიც პირველყოფილებს გავდნენ, რომელთაც სხეული საღებავებით ჰქონდათ დაფარული, კისერზე და ხელებზე კი ძაფზე აცმული ძვლები ეკიდათ. მე და მისაკი გაოცებული ვუყურებდით და ადგილიდან ვერ ვიძვროდით. ყველა მხრიდან მოვიდნენ, ალყა შემოგვატყეს და ერთ-ერთმა, რომელიც ალბათ უფროსი იყო ხელით გვანიშნა, რომ ახლოს მივსულიყავით. მე უცებ ჩემი ჩანთიდან ბლოკნოტი ამოვიღე, რომელშიც ამდენი ხნის მანძილზე აღვწერდი ყველაფერს და ეს ნაწილიც ნაჩქარევად მივუმატე. შემდეგ ხელი მაგრად ჩავკიდე მისაკის და მატარებლიდან ჩავედით, მეორე ხელში კი კალამი და ბლოკნოტი მეჭირა და იმ უცნაური ტომელი ხალხისკენ მივდიოდით. დავინახე, რომ კედელში რაღაც კარი იყო ამოჭრილი, რომელიც აქამდე სიბნელის გამო ვერ შევამჩნიეთ და ის ახლა ღია იყო, იქიდან მოდიოდა სინათლე და იქიდან მოვიდნენ ეს ადამიანებიც, რომელთა დანახვაზეც კოცონზე შებრაწული ადამიანები მახსენდებოდნენ.
-მხოლოდ ტკვენ ხართ? – ძლივს გასაგებად ამოილუღლუღა ერთ-ერთმა იმათგანმა.
-დიახ, ჩვენღა დავრჩით. დანარჩენები ყველა დაიხოცნენ და დავმარხეთ! – უპასუხა მისაკიმ.
-აჰაჰა, სულელი ჩამოსულები. ეგენი მკვდრები არ იკვნენ, უბრალოდ ამ გამოკვაბულში მწერები არიან, რომლის ნაკბენი ადამიანს თიშავს, იმდენად, რომ გულის ცემაც აღარ აკვს და ტკვენ მკვდრები გეგონატ. ჰაჰაჰა, სულელები. – ამ ყველაფერს ხარხარით ამბობდნენ და მე და მისაკი ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით, „როგორც ჩანს არც ისე პირველყოფილები არიან“ გავიფიქრე და სიმწრის ცრემლები წამომცვივდა. ეს რა საშინელება გავაკეთეთ, ადამიანები ცოცხლად დავმარხეთ და იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, თუ რა მოხდებოდა, როდესაც ნაკბენის მოქმედება გაივლიდა, ისინი გაიღვიძებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ დამარხულები არიან.
მისაკის ხელი გავუშვი, ბლოკნოტში ეს ნაწილიც დავამატე და ახლა მე ამ ბლოკნოტს ძირს დავაგდებ, შემდეგ მისაკის ხელს ჩავკიდებ და თუ ვინმე ამ ბლოკნოტს იპოვის ეცოდინება ჩემი ეს უცნაური თავგადასავალი, თუ არადა ეშმაკსაც წაუღია. შემდეგ იმ კარში გავალთ, როგორც ტყვეები და ღმერთმა უწყის რა ბედი გვეწევა…

ხო მართლა, მე ბალთაზარი ვარ, ბაბილონის უკანასკნელი მეფე ნაბონიდის უფროსი ვაჟის რეინკარნაცია.
.ჟურნალი „ქარაგმები“ – 1997 წელი.
ძველი გვირაბის ნანგრევებში ნაპოვნი ჩანაწერებიდან.

გიორგი მერკვილიშვილი 16 წლის, ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა

 

მსგავსი