გიორგი მერკვილიშვილი - მომწამლავი მელანქოლია
გიორგი მერკვილიშვილი - მომწამლავი მელანქოლია

მოლურჯო-მოშავო ცის ქვეშ იმყოფება ჩემი ქალაქი. ცის, რომელიც ნელ-ნელა უფრო შავდება.
ქუჩაში მივდივარ, გაზაფხულია, ოდნავ დათბა, მე კი თავი ისევ ქურთუკში მაქვს ჩარგული. მხოლოდ გზას ვუყურებ და ჩემი ქალაქისფერი ხმები მესმის. მატარებლის გაბმული ხმაური, მანქანების უმისამართოდ სიარული, აი, ისეთი, ხანდახან ზევითაც რომ უნდა აიხედო, მანქანა არ დამეცესო.
ნაცრისფერია ჩემი ქალაქი, მაგრამ დიდი დრო არ დარჩენია ამ ფერს, მალე შავად იქცევა. ტროტუარის ყოველი ამომტვრეული ადგილი, ყოველი დაუსრულებელი სკვერი, ყოველი მიტოვებული შენობა, რაღაც ბნელ, არაფრით განსხვავებულ ისტორიას ატარებს. ასეთი ადგილები ხომ ნებისმიერ ქალაქშია და ყველას აქვს რაღაც პატარა ისტორია, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვა ასი ათასი ისტორიისგან, მაგრამ ჩემი ქალაქი განსაკუთრებულია.
უკვე მთავარი გადასასვლელი გადავკვეთე და ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას მოვხვდი. აქ დედები კალიასკებით ასეირნებენ შვილებს თავისივე კორპუსის ეზოში. როდესაც მობეზრდებათ, ერთად ჩამოსხდებიან, წინ დაიყენებენ ბავშვიან კალიასკებს და იმაზე ლაპარაკს მოჰყვებიან, თუ რამდენი ფული დახარჯეს ამ თვეში. მერე ერთი-ორს თავიანთი ქმრების ხელფასზეც გამოურევენ და ასე გაჰყავთ დრო.

პარალელურად, იქვე მეზობელ სკამებზე მოხუცი ქალბატონები სხედან და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უფრო მეტი წნევა ჰქონდა გუშინ ღამით. შემდეგ ბენდენაწაკრული, რაზბორკაზე მიმავალი ახალგაზრდა ბიჭები ჩაივლიან, პირში სიგარეტგარჭობილები და მოხუცებიც მათზე გადაიტანენ ყურადღებას.ეს რა თაობა მოდის, სულ ვიღუპებით, სად იყო ასე ჩვენ დროს – დიდი აღშფოთებით იმეორებენ ერთი და იგივე სიტყვებს და ტუჩებმოკუმულები თავს აქნევენ სინანულის ნიშნად.
ასეთია ჩემი ქალაქი, არაფრით გამორჩეული სხვა ქალაქებისგან, თუმცა ჩემია და იმ ნაცრისფერ გრძნობებს ყოველთვის აღმიძრავს, რომელსაც გვერდით მოგუგუნე ქარხანა ნელ-ნელა აშავებს, აუდაბურებს. ნაცრისფერი მაინც არარის ბოლომდე შავი. ებღაუჭება მკრთალისკენ წასვლას, მაგრამ მასში შავი უფრო ძლიერია, უფრო მეტია და თავადაც შავი ხდება. დროის საკითხია.
წინ მივდივარ, ცარიელ გზაზე მხოლოდ პოლიციის მანქანა ანათებს თავის ფერად შუქებს და აქეთ-იქით დარბის.
წინ მასწავლებლიდან მომავალი ბავშვების მთელი ჯგუფი მხვდება, ერთმანეთში ლაპარაკობენ, თან ჩემკენ იხედებიან და იცინიან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მე დამცინიან, მაგრამ რატომ? არ ვიცი. ძაან მკიდია.
ცოტა ხანში ფეიბოქსის აპარატებთან ჩაცუცქული, მოზრდილთმიანი ახალგაზრდები სიგარეტის ბიჩოკებს ბოლომდე ღრღნიან და თან კითხვით მომართავენ ლარიანი ხომ არ მაქვს, უეჭველი გუნდები იცის და ფულის პრობლემები შეექმნა, თანაც ერთ კვირაში დამიბრუნებს. მეც, რათქმაუნდა არ მაქვს და გზას ვაგრძელებ, ცოტა ხანში უკან მეხუთე კლასელი ბავშვი ველოსიპედით მომსდევს და ვითომ შემთხვევით მეჯახება. მერე ხმები მესმის – “რამე პრობლემა ხოარაა, ჩემი ძმა?”

სახლში მივდივარ, დანაღვლიანებული, ქალაქის ფერდადებული, გაშავებული და მთელი კვირა ვცდილობ ამ ფერის მოშორებას. საშინელია ჩემი ქალაქი, ისევე როგორც ყველა, მაგრამ ჩემია და ცაზე ყოველთვის ვამჩნევ იმ თეთრ ფერსაც, რომელიც უცებ გამოჩნდება ხოლმე და ამ სიშავეს შეერევა, ცოტა გაანეიტრალებს.
სკოლის მერე გზაში ისევ მხვდებიან რაზბორკაზე ახლადნამყოფი ბიჭები და ზდაროვათი მესალმებიან. მე ჩანთამოკიდებული სადღაც ჯანდაბაში მივდივარ და ეს ხალხიც მძულს და ჩემი თავიც.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან ლამაზია ჩემი ქალაქი. ნელ-ნელა იზრდება, მოცულობა ემატება, ალბათ იმიტომ, რომ ხალხი აქაურობას ტოვებს. ჩემი ნაცრისფერი ქალაქიდან ხალხი სადღაც მიდის, ალბათ უფრო დიდ და მუქ ქალაქებში. ყველაფერი უცხო ხდება. მარტო ვრჩები უკვე გაბუმბერაზებულ ქალაქში. სიცარიელე ყოველ ქუჩას, სკვერს, გზატკეცილს ედება და ძალიან დიდი ხმა არის საჭირო ამ სიცარიელეების ამოსავსებად. თითქოს წლები გავიდა, მე კიდევ ქალაქში დავდივარ, ისევ ქურთუკში მაქვს თავი ჩარგული და ყველაფრის ცვლილებას მწარედ ვგრძნობ, თან სასიამოვნოცაა, როცა გრძნობ, რომ შენი ქალაქი მხოლოდ შენია, მარტო დაეხეტები და ადამიანების ბინძური ხმა არ ერევა ამ ყველაფერს.
უცნაური გრძნობაა, როცა აღარც მატარებლის ბრახუნი ისმის, აღარც მანქანები დადიან უმისამართოდ, გარეუბნებში არც მშობლები ატარებენ შვილებს კალიასკებით. დაცარიელებულა ეზოები, მხოლოდ ქარი დაათრევს ფოთლებს აქეთ-იქით და სიცარიელის შევსებას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცარიელია ყველაფერი, ქარი მარტო ვერაფერს გახდა. ბევრად ლამაზია ჩემი ქალაქი ხალხის გარეშე.
დავდივარ ჩემს ქალაქში და ვგრძნობ რა სევდიანია აქაურობა, რა საზიზღარი, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს. ყოველი საღებავაცილილი მოედანი, ეზოებში უფუნქციოდ ამოშვერილი რკინები, რომლის წარმოშობის ისტორია არავინ იცის.
დილით, როდესაც ავდგებოდი, მაშინვე გარეთ ვიხედებოდი, ჩემს სახლამდეც აღწევდა მატარებლის ხმაური, ქარხნიდან წამოსული კვამლის ზოლებიც ჩანდა და ქალაქის შიშინიც ისმოდა. სასიამოვნო იყო. ახლა კი, აღარაფერი ისმის, თითქოს მოვალეობის გამო ცოცხლობს ქალაქი, თითქოს სული წაერთვა და ახლა მხოლოდ ჩონჩხიღა დარჩა, თუმცა ხორცის ნაგლეჯებიც შერჩა აქა-იქ, რომლებიც უმისამართოდ დაეხეტებიან ქუჩაში…

ქალაქს ძველი ხიბლი წაერთვა. ის ნაცრისფერ უდაბნოდ იქცა, სადაც ათასში ერთხელ შეეხეტება ვიღაც და დაბინძურებულ ოაზისს დაუწყებს ძებნას. უცნაურია ეს ყველაფერი. მაგრამ, ალბათ ასე უფრო ლამაზია ჩემი ქალაქი. როცა წარმოიდგენ, რომ აქ არავინ არაა. მხოლოდ შენ ხარ. სხვა ყველა წავიდა. გაქრა. აორთქლდა. მოკვდა.
ჩემი ქალაქი, ძალიან ლამაზია. ძველი. ძალიან იდუმალი…
ჩემს ქალაქს, ყოველთვის აქვს დასახმარებლად გამოწვდილი – დაკოჟრილი ხელი. მისი ძალა ისევ შესწევთ მის დაბერებულ, დაუძლურებულ ფილტვებს.

ახლაც, მაწანწალა ძაღლი შუა გზაზე კოჭლობით მიდის. ქალაქი მუქი საბურველის ზემოქმედების ქვეშაა. საკუთარ მელანქოლიაში ჩაძირულა და სენტიმენტები შენობების თავზე დალივლივებენ.

მიხაროდა, რომ ტროტუარზე აცვენილი, ლპობაშეპარული ფილების ნაწილი ვიყავი…

თავიდან მყარად. შემდეგ ვიღაცამ ძლიერად დამარტყა და ბუდიდან ამოვვარდი…

შუა გზაზე ვეგდე. ვისაც არ ეზარებოდა ყველა გამკრავდა წიხლს. ერთობოდნენ…

ერთხელ მთელი ქუჩა შემომატარეს ფეხის რტყმევით. იცინოდნენ…

გუბის პირას ვეგდე. ვიღაც გაბერილმა ტიპმა თავისი ჯიპით წყალში გაიარა. დავსველდი…

მერე ვიღაც ყვითელკომბინიზონიანმა კაცმა ხელთათმანიანი ხელით შორს მომისროლა…
შუა გზაზე დავვარდი და ნაწილებად დავიფშვენი…

ამის შემდეგ ყოველი ქუჩის, ტროტუარის, მახინჯი ხეების და ქუჩაში ადენილი მტვრის ნაწილი ვარ. ყველგან ვარ მოდებული. ჩემი ქალაქის ყოველ კუნჭულში. მისი სიძველისგან მეც შემეპარა სითეთრე. ძალიან მალე მეც გავფითრდები და ჩემს ქალაქს დავემსგავსები. სიძველისგან შუბლშეჭმუხნილ ქუჩებს. ტანშეთეთრებულ ხეებს. კუთხეებმოტეხილ შენობებს. მაგრამ ადამიანებს არა. ადამიანებს არაფრით არ დავემსგავსები.

ეჰ… დაძველდა… დაძველდა ჩემი მარტოსული…სიშავეშეპარული…უმოწყალოდ გაჩეხილი ქალაქი…

გიორგი მერკვილიშვილი 16 წლის.
ზესტაფონი.