სადღაც, წყნარი ოკეანის შუაგულში გემი ირწეოდა.
„ძილი ნებისა, საყვარელო!“ უთხრა კაცმა ცოლს და ვნებიანად აკოცა.
თვითონ თვალი არ მოუხუჭავს, ცოტა ხნის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ ცოლს ეძინა, ის ადგა და გემბანზე გავიდა. ცივი სიო ელამუნებოდა სახეზე და ზღვის ხმაურს სასიამოვნოდ ერწყმოდა. იქვე ბიჭი იდგა, თექვსმეტი წლის იქნებოდა, გაჰყურებდა უსასრულო ოკეანეს, საითაც გემს გეზი ჰქონდა აღებული და სიოს წუილის გამო, ვერ გაიგო თუ როგორ მიუახლოვდა კაცი ზურგიდან, რომელსაც ხელში დანა ჰქონდა ჩაბღუჯული.
ბიჭის გვამი გემიდან გადააგდო, მიმოიხედა და რომ ვერავინ დაინახა, თავისი კაიუტისკენ დაიძრა, თუმცა სიბნელის გამო ვერ შეამჩნია თავისი ცოლი, რომელიც იქვე, კუთხეში ხალათშემოხვეული მიმალულიყო.
* * *
ტანსაცმელი გაიხადა. გასაბერ ნავში იჯდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა სად მიდიოდა, მაგრამ გემზე ვერ დარჩებოდა, რადგან იქ აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ის ბავშვი მან მოკლა. „როგორ ვერ დავინახე ჩემი ნაბიჭვარი ცოლი“ – ფიქრობდა და იგინებოდა. ხანდახან გიჟივით გადაიხარხარებდა ხოლმე, მაგრამ რაზე, – წარმოდგენაც არ ჰქონდა.
ერთი კვირის წინ, როდესაც კაცი ალასკაზე ჩავიდა და თან დიდი რაოდენობით ჰეროინი ჩაიტანა, შებინდებისას მის საცხოვრებელთან რამდენიმე მანქანა გაჩერდა. მანქანიდან კაცები გადმოვიდნენ, ორი შავკანიანი იყო და ერთიც თეთრკანიანი. სახლში შევიდნენ. უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გამოვიდნენ და იქაურობას მოშორდნენ.
მეორე დღეს ისევ იგივე განმეორდა, მაგრამ ამჯერად უფრო დიდხანს შეყოვნდნენ. კაცი სცემეს გადაუხდელი ვალების გამო, ჰეროინიც თან წამოიღეს, თუმცა მთლიანად არა.
შემდეგ ისევ მივიდნენ, მაგრამ ამჯერად თავისი პირობა წაუყენეს. ვალს იმ შემთხვევაში ჩაუთვლიდნენ გადახდილად, თუ ერთ ადამიანს მოკლავდა, ამ ადამიანს კი მხოლოდ გემზე შეხვდებოდა. კაციც დათანხმდა. მკვლელობის მიზეზი იკითხა, მაგრამ არაფერი უპასუხეს, დიდად არც აინტერესებდა და არც თავი გამოუდვია კითხვებით. ორი ბილეთი მისცეს, ერთი მისთვის და ერთიც მისი ცოლისთვის. ცოლს კი ამის შესახებ არაფერი გაუგია, უბრალოდ ქმარმა უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდნენ.
როდესაც გემზე ადიოდნენ, კაცმა ცოტა მოშორებით ისინი შენიშნა და თვალი აარიდა. კარგა ხანს უყურებდნენ, სანამ თვალს არ მიეფარა.
გემზე რამდენიმე დღე გაატარა და იქაურობა ძალიან მოსწონდა, არც არავინ აწუხებდა, საჭმელიც ძალიან კარგი ჰქონდათ და ცოლიც ძალიან კარგი ჰყავდა. ღამით, როდესაც თავის კაიუტაში შევიდოდა, ცოლი ყოველთვის გახდილი ხვდებოდა, მასაც მეტი რა უნდოდა, მუცელამოყორილი მივარდებოდა და სიყვარულს ეძლეოდა.
დღისით ყველაფერს აკვირდებოდა, მათ შორის იმ ბიჭსაც, რომელიც მისი სამიზნე იყო. ძალიან არ უნდოდა სხვიცი სიცოცხლის წართმევა, მაგრამ თავისი სიცოცხლე უფრო უნდოდა, ამიტომაც ბიჭის მოკვლა კატეგორიულად ჰქონდა გადაწყვეტილი.
* * *
იმ დღეს, როდესაც ბიჭს დანა დაარტყა, წყალში გადააგდო და თავის ცოლს ისე ჩაუარა, რომ არც დაუნახავს, კაიუტაში შევიდა და გაუკვირდა, რომ იქ მისი ცოლი არ დახვდა. ისევ გარეთ გამოვიდა, იქვე დადგა კარებთან და აქეთ-იქით იყურებოდა, როდესაც გემის კიჩოდან ქალის ყვირილი გაიგონა, მისი ცოლის ხმა ამოიცნო და შეძრწუნებული იქით გაიქცა. როდესაც მიუახლოვდა, დაინახა, რომ მისი ცოლის გარშემო ხალხი იყო და ის რაღაცას ამბობდა ტირილით. მაშინვე თავში დაარტყა, რომ მან ყველაფერი დაინახა და ახლა კაცის შესახებ ყვებოდა, თუ როგორ მოკლა გემის კაპიტნის შვილი.
ამის შემდეგ კაცი არც შეყოვნებულა, ცოტაოდენი საჭმელი, წყალი და დანა ჩანთაში ჩაყარა, რომელიც ტანსაცმლით იყო სავსე. ოთახში შეიპარა სადაც გასაბერი ნავები იყო, სასწრაფოდ გაბერილს დაუწყო ძებნა და როცა იპოვა წყალში გადაუძახა, თვითონაც მიჰყვა და ასე გაიპარა გემიდან, მაგრამ სად აპირებდა წასვლას წარმოდგენაც არ ჰქონდა, მთავარია პატიმრობას და სიკვდილს გადარჩა, ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ როცა უსასრულო ზღვას გახედა, წარმოდგენა ცოტათი შეეცვალა.
ასე გავიდა რამდენიმე დღე, კაცი საკვებს იზოგავდა, ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა ამ უსასრულობაში ეულად ხეტიალი.დილით მზის სხვები აღვიძებდა, სახე მზისგან დაეწვა და გამოუშრა. ცარიელი თვალებით გაჰყურებდა ოკეანეს, სადაც მხოლოდ წყალი იყო, მხოლოდ წყალი, რომელიც შინაგანად ნელ-ნელა ტეხდა და ანადგურებდა. ყოველ დღე ერთი და იგივე ხდებოდა, სათვალავიც აერია უკვე რამდენი ხანი იყო ასე, ძალიან ცოტას ჭამდა და მთლიანად ჩამოხმა, წყალიც ცოტა ჰქონდა, ცდილობდა არ მომკვდარიყო და ცოტ-ცოტა საკვები და წყალი გამოეყენებინა, სანამ დახმარება მოვიდოდა. ასეთ სიტუაციაში დაუწერელი კანონია ის, რომ დახმარება აუცილებლად უნდა მოვიდეს და ისიც ელოდებოდა, სხვა არც არაფერი დარჩენოდა.
გახედავდა უსასრულო ზღვას, რომელიც სადღაც, ქვეყნიერების კიდემდე გრძელდებოდა, უსასრულოდ, უკიდეგანოდ, რომელიც გულში გამანადგურებელ, მარწუხებიან არსებას ასახლებდა, ღრღნიდა, ტკენდა, მარწუხებს უჭერდა, მაგრამ თუ გადარჩენა უნდოდა, უნდა გაეძლო ამ სასოწარკვეთისგან შექმნილი მარწუხებისთვის. ყოველ დილით ისევ სევდა და სასოწარკვეთა იპყრობდა და აშფოთებდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, მიჰყვებოდა ზღვას ხმელეთის ხილვის იმედით…
დილით ისევ სევდიანმა გაიღვიძა, გარემოს თვალი მოავლო და დაინხა, რომ შორს წყალზე, თითქოს რაღაც ტივტივებდა. კაცმა გულში რაღაც გაფართხალება იგრძნო, რომ შესაძლებელი იყო გადარჩენა და იმედი ჰქონდა, გემზე გამოტანილი განაჩენი აქ არ იმოქმედებდა. თუმცა შეამჩნია, რომ მისი ნავი ჩვეულებრივზე ღრმად იწვა წყალში და შეშინდა. გრძნობდა როგორ იცლებოდა ნავი ჰაერისგან. რისიც ძალიან ეშინოდა ის მოხდა, ნავი როგორღაც გაიხა და ახლა ის იძირებოდა. მართალია ჩაძირვის საწინააღმდეგო ჟილეტი ეცვა, მაგრამ ამხელა ოკეანეში ჟილეტით როდემდე გაძლებდა მის ზედაპირზე?! ალბათ იქამდე მაინც, ვიდრე იმ მოტივტივე უცნობ ობიექტამდე მიაღწევდა.
მთელი დღის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევდა, თან ნივთები მიჰქონდა და ეს კიდევ უფრო აფერხებდა ჩქარა ცურვას. რომ მიუახლოვდა, დაინახა, რომ ეს უბრალოდ დიდი ქვა იყო, ჯუჯა კუნძული, რომლის სიგრძე ექვს მეტრსაც კი არ აღემატებოდა და სიგანე დაახლოებით სამი მეტრი იქნებოდა. მთელი დღის ცურვის და წვალების შემდეგ, როგორც იქნა მიაღწია ამ ჯუჯა კუნძულს, რომელზეც ბალახიც კი არ ხარობდა, მხოლოდ ქვა იყო და მის აშვერილი ნაწილიდან წყალი ჩანჩქერივით, თუმცა სუსტად გადმოედინებოდა. ის დაწვა და შემდეგ დილამდე აღარც გაუხელია თვალი. ეს ქვა-კუნძული, ერთ მხარეს დაბალი იყო, ნელ ნელა მაღლდებოდა და უსწორდებოდა ზედაპირი. მთელი ღამის განმავლობაში, არცერთი ცოცხალი არსება არ გამოჩენილა. ფრინველები და ქვეწარმავლებიც კი არსად ჩანდნენ, მხოლოდ ზღვის ხმა ისმოდა და ეხეთქებოდა ამ ჯუჯა კუნძულს.
დილით, როდესაც კაცმა თვალები გაახილა, არ წამომდგარა, ცოტახნით ისევ იწვა, რომ კარგად გაეცნობიერებინა სად იყო, თუმცა ეს არ გამოუვიდა და წამოდგა. გარემოს თვალი მოავლო, მხოლოდ ზღვა და უსასრულობა, მეტი არაფერი ჩანდა. შემდეგ იმ ადგილს მოავლო თვალი სადაც თვითონ იყო და ქვის მეტი ვერაფერი დაინახა, მხოლოდ თავისი ნივთები ჩანდა, რომელსაც გამოუსადეგარი გასაბერი ნავი, დანა და ჩანთა წარმოადგენდა. ჩემოდანში სველი ტანსაცმლის მეტი არაფერი იყო, კაცს კი ძალიან შიოდა, ამ ქვა-კუნძულზეც არაფერი მოიპოვებოდა და ძალიან მოეშხამა ხასიათი. დანა აიღო და წყლის პირას მივიდა, იმედი ქონდა თევზს, კიბორჩხალას ან თუნდაც წყალმცენარეს მაინც იპოვიდა, მაგრამ წყალი ზედმეტად ღრმა აღმოჩნდა, ეს ქვა თითქოს ციდან ჩამოვარდაო, უბრალოდ შუა ოკეანეში იყო ჩადგმული.
მან წყალში ჩაყვინთა, თევზის დაჭერის შანსი თავისი დანით, თითქმის არ ჰქონდა, ამიტომ უფრო ადვილად მოსაპოვებელ არსებებს ან თუნდაც მცენარეებს დაუწყო ძებნა. თითქმის ფსკერამდე ჩავიდა, თუმცა იქ ქვიშის მეტი არაფერი აღმოჩნდა. თითქოს ამ ადგილას სიცოცხლე არ იყო, თითქოს ყველა ცოცხალი ორგანიზმი და სულიერი ამ ადგილს არ ეკარებოდა, ის კი იქ იყო და სანამ ვინმე მის გადასარჩენად არ მოვიდოდა, ალბათ ვერსადაც ვერ წავიდოდა, თუ მანამდე შიმშილით არ მოკვდებოდა. წყალი კი ჰქონდა. ამ კუნძულის ჩრდილოეთი მხარე ზღვიდან დაახლოებით სამ მეტრზე იყო აზიდული და კლდის შუა ნაწილიდან წყალი გამოედინებოდა. წყალს უჩვეულო გემო დაჰკრავდა, ცოტა მყრალიც, მაგრამ ზღვის მარილიან წყალს კი სჯობდა და თავის მოვალეობას ასრულებდა. საინტერესო იყო, თუ საიდან მოდიოდა ეს წყალი, თუმცა ამას ალბათ ვერ გაიგებდა, რადგან ამის გასაგებად ამ კუნძულის შუაზე გახლეჩა იყო საჭირო. თუმცა ამაზე ბევრი არც უფიქრია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა, – მას შიოდა.
ამ პატარა კუნძულზე ყოფნის ერთი დღეც მიილია, მას კი არაფერი ჩასვლოდა პირში წყლის გარდა. მთელი დღე დასტრიალებდა კუნძულს და ნელ-ნელა გიჟდებოდა, სული ეხუთებოდა, სივრცე არ ყოფნიდა. დანა ხელში ჩაებღუჯა, ეძებდა და ეძებდა საჭმელს, უკვე ბალახიც კი ენატრებოდა, თუმცა მის ქვის კუნძულზე, ბალახი მეტად სახარბიელო საკითხი იყო. მთელი დღე უტრიალებდა კუნძულს, მხოლოდ წყალი და ქვა, იქ მეტი არაფერი იყო.
”უკაცრავად, შემწვარ ქვას ხომ არ ინებებთ?“ ჰა ჰა ჰა…
ასეთი ფიქრები ჰქონდა და სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა. მუხლებზე დაემხო და ინატრა, რომ არ წამოსულიყო იმ დაწყევლილი გემიდან, ასეთ ყოფნას სიკვდილი ერჩივნა, თუმცა ის მაინც წამოვიდა, არ იცოდა რა ელოდა წინ, ამიტომაც წამოვიდა.
ასეთ წვალებაში და წამებაში, კიდევ ერთმა დღემ განვლო. კაცი ფერდაკარგული იწვა ქვაზე, ცას მიშტერებოდა და მხოლოდ საჭმელის სურვილი უტრიალებდა თავში. ქაოსურად უვლიდა გარს კუნძულს, რაღაცას ეძებდა, რაღაცის პოვნის მოლოდინში ძალიან ბევრჯერ შემოიარა ის პატარა კუნძული, რომლის გარშემო მხოლოდ წყალი იყო, მხოლოდ წყალი და მეტი არაფერი. რომ ვერაფერს იპოვიდა, ხელმოცარული დაემხობოდა მუხლებზე და ქვითინს იწყებდა, ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და ასე ჩაეძინებოდა ხოლმე.
დღეები გავიდა, რაც მას არაფერი ეჭამა, მთელ დღეს ძილში ატარებდა ან უაზროდ გაჰყურებდა ოკეანეს. ყოველი დღე ერთნაირი ნაგავი იყო, ყოველ დღეს წამებაში ატარებდა და უფრო და უფრო მძიმე ასატანი ხდებოდა.
უკვე ერთი კვირა ილეოდა რაც აქ მოხვდა და მას შემდეგ ერთი ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში. ამ ვითარებას ვერ ეგუებოდა, გიჟდებოდა, უაზროდ სიცილს იწყებდა, შემდეგ კი ტირილისგან და შიმშილისგან გონებას კარგავდა. მეთხუთმეტე დღეს ის ადამიანს აღარ ჰგავდა. თვალები ჩასცვენოდა და მხოლოდ ტყავი და ძვალი იყო დარჩენილი. შემდეგ დილას, სიგიჟისგან საშინელი აზრი მოუვიდა თავში და თვალები გიჟურად აუელვარდა. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი თითები მოეჭრა და ეჭამა, სხვანაირად ვერ გაიხანგრძლივებდა ამ უბადრუკ სიცოცხლეს, შემდეგ კი იქნებ დახმარებაც გამოჩენილიყო. კაცს მარჯვენა ხელში დანა ჩაებღუჯა და მარცხენა ხელს დაჰყურებდა, ალბათ ხვდებით წარმოდგენაც რა შემზარავია, თუმცა შიმშილისგან, მარტოობისგან და უიმედობისგან ის გაგიჟდა, ადამიანობის ნატამალიც აღარ შერჩენოდა. სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო მასთან ერთად, მას დაუფიქრებლად გამოღადრავდა ყელს და მის ხორცს სიამოვნებით შეექცეოდა, თუმცა არავინ ჰყავდა გვერდით და ის იმ აზრამდეც კი მივიდა, რომ საკუთარი სხეულის ნაწილები შეეჭამა.
დანა საჩვენებელ თითს დაადო, თვალები დახუჭა. ტანსაცმელს პატარა ნაწილი მოახია, გრძელ პატარა ქვას შემოახვია, პირში ჩაიდო და კბილები მოუჭირა. „უკაცრავად, შემწვარ თითებს ხომ არ ინებებთ?“ – გაიფიქრა და დანა თითს დაადო, მაგრად დააწვა და მთელი ძალით და გამწარებით დაიწყო ხახუნი. ტკივილისგან სული შეუგუბდა, კბილები ისე მაგრად მოუჭირა ქვას, რომ ხრაშუნი დაიწყო. შემდეგ ქვა გამოიღო პირიდან და ძირს დაახეთქა, შემდეგ კი მთელი ძალით ამოხეთქა მისი პირიდან ტკივილისგან გამოწვეულმა ბგერებმა. ყვიროდა დაუსრულებლად, საზარლად, გულის გამაწვრილებლად. ადამიანს რომ გაეგონა ეს ბგერები გააგიჟებდა, შოკში ჩააგდებდა. ამოხეთქილი სისხლი თბილად მოედინებოდა ხელზე, კაცი მუხლებზე დაემხო, ყვირილისგან და ტკვილისგან ძალა გამოსცლოდა, იქვე დავარდა და გული წაუვიდა. სისხლის პატარა გუბე დადგა, მან ბევრი სისხლი დაკარგა, ამაზე კი არ უფიქრია, ან და როგორ უნდა ეფიქრა, ის ხომ ამ ყველაფრისგან გაგიჟებულიყო და მხოლოდ საჭმელზე ფიქრობდა, იმ დონემდეც კი დაეცა, რომ საკუთარი თავის შეჭმის იდეა მოუვიდა.
სანამ ბევრი ადამიანია დედამიწაზე, ისინი ერთმანეთის ჭამით ცოცხლობენ, ამით სულდგმულობენ, ხოლო როცა აღარავინ დარჩება, საკუთარ თავზეც კი გადადიან, ეს არის ადამიანთა დაუწერელი კანონი, რომელსაც არავინ აღიარებს, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩამალული, მხოლოდ პატარა ნაპერწკალი სჭირდება ცეცხლის გასაღვივებლად, როგორც პატარა ხმელ ფოთოლს…
კაცი გონზე მოვიდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რამდენ ხანს ეგდო გონებადაკარგული. მარცხენა ხელში საშინელ ფეთქვას გრძნობდა, ხელზე დაიხედა და მონაჭრელი თითის ადგილი საშინლად გასივებულიყო, მოჭრილი თითი კი იქვე სისხლის გუბეში ეგდო. კაცმა გულისრევა იგრძნო, მაგრამ ამაზე მეტად შიმშილი და წყურვილი. თავისი თითი აიღო და მძიმე და ნელი ნაბიჯებით წყლისკენ წავიდა. ქვაზე გაწვა და თითს წყალი გადაავლო, თვითონაც მოსვა ცოტა და თითს დახედა, საშინელ ზიზღს გრძნობდა, თუმცა მას შიოდა. რამდენიმე წამში შემოაცალა კბილებით ხორცის ნაწილი თითს და მხოლოდ ძვალი დატოვა, ახლა კი მის ღრღნას შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ ძვალი გვერდზე მოისროლა და ისევ ძირს დავარდა, თავს საშინლად გრძნობდა, გული ერეოდა და სიკვდილს ნატრობდა. თავადაც არ იცოდა რაზე ფიქრობდა, რა უნდოდა, ან თუნდაც ახლავე რატომ არ იტაცებდა დანას მუცელში და რატომ არ დაასრულებდა ამ ტანჯვას, მაგრამ საამისოდ ძალა არ ყოფნიდა, მისი სიგიჟე იმ დონეზე არ წასულიყო, რომ თავის მოკვლაზე ეფიქრა და წერტილი დაესვა ამ საზიზღარი დღეებისა და ტანჯვისათვის.
ის დღეც საშინელ ტკივილში გაატარა, გულის რევის და შიმშილის გრძნობა ისევ არ ასვენებდა. იმ დღეს პირველად დაინახა ცაზე ფრინველი, მაგრამ ძალიან შორს იყო და მაშინვე თვალს მიეფარა. რამდენიმე წუთით თითქოს ძალა მოემატა, მაგრამ შემდეგ ისევ გულის რევის შეგრძნებამ წამოუარა და სახედამანჭული იქვე ჩაიმუხლა.
ის დღეც როგორღაც გაძლო.
შემდეგი დღე უარესი აღმოჩნდა. თითი ძალიან გაუსივდა და საშინლად სტკიოდა. ბოლოს ისევ ყვირილი დაიწყო, შიმშილისგან, ტკივილისგან, მარტოობისგან, სიგიჟისგან და საერთოდ ყველაფრისგან.
მორიგ საშინელ დღეს წყალთან მივიდა და შიგ თავის ანარეკლი დაინახა. გველნაკბენივით უკან გამოხტა, საკუთარი თავის შეეშინდა, იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, იმდენად საზიზღარი და უბადრუკი იყო. მხოლოდ ძვლებზე შემოკრული კანი იყო დარჩენილი, საშინლად გამხდარი და საშინლად დამახინჯებული.
დილით შიმშილისგან ისე იკრუნჩხებოდა, გადაწყვიტა ხელი მთლიანად მოეჭრა. თითი საკმარისი არ იყო.
ჩანთაში იჩხრიკებოდა, უკვე ათასჯერ გადაჩხრიკა და ახლაც იგივეს აკეთებდა. ტანსაცმელები სათითაოდ გაჩხრიკა ყველა და შემთხვევით ქურთუკის ჯიბეში ცოტა ჰეროინი იპოვა, ალბათ ადრე ჩადო და აღარ ახსოვდა. აღარაფრისთვის უცდია, მთლიანად შეიყნოსა.
სახეზე სიამოვნება აღბეჭვდოდა, ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ ოდნავი შიმშილის გრძნობა შერჩენოდა და მისთვისაც მოიცლიდა. თვალები ოდნავ გაახილა. გარკვევით ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ დანა მოძებნა და ხელი მოუჭირა. ცოტახანს დაისვენა, თვალდახუჭული იყო. შემდეგ დანა მაჯაზე დაიდო და მანამ უხახუნა სანამ ხელი არ მოიჭრა. ტკივილი იგრძნო, მაგრამ ძალიან ბევრი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, ისედაც დასუსტებული სხეული, ამიტომ ტკივილი კოღოს ნაკბენივით იყო. საქმეს რომ მორჩა, დანა გადააგდო და სისხლის გუბეში მოიკუნტა, ფიქრებში გართულიყო და რაღაც ხმებს გამოსცემდა:
„ვის ანაღვლებს მარჯვენა ხელი თუ მარცხენა ხელი?! კარგი ხორცი კარგი ხორცია. აი ისიც, – „მაკდონალდსი“. თუ შეიძლება სამი ათასი „მაკჩიქენი“ და „ბიგმაკი“ მომეცით. დიახ, თქვენზე ათი ათას შვიდას ორმოცი დოლარია. რათქმაუნდა, ბარათით გადავიხდი თუ შეიძლება.
საშინლად დაკრუნჩხული ვარ შიმშილისგან. კიბორჩხალას ვგავარ, მართლა… ჰა… ჰა… ჰა…
ამბობენ, ადამიანი რასაც ჭამს, თავადაც ისააო. გამოდის საერთოდ არ შევცვლილვარ. ჰეი ბიძია, ხურდას ხომ არ მაჩუქებდით? სიამოვნებით შევჭამდი რამეს.
შემწვარი თითები ქვის არომატით? რას იტყვით?“
მაშინვე, როცა მზე ჩავიდა, ის…
ის…