შუა ღამეს გამომეღვიძა. ფანჯარაში გავიხედე, მაგრამ ვერაფერს ვარჩევდი. წამოვდექი და ოთახში გავიარე, კარს ვეძებდი, რომ გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ღრუბლიანი ღამე იყო და ძალიან ბნელოდა, ამიტომ კარიც ვერ ვიპოვე და ისევ საწოლში ჩავწექი. საშინელ ხასიათზე ვიყავი. სულ რამდენიმე საათის წინ ჩემი დაბადებისდღე დადგა და დილით ალბათ მომილოცავდნენ, მაგრამ ძალიან მარტოდ ვგრძნობდი თავს, უკვე ვფიქრობდი, რომ აღარავინ დარჩენილიყო და მეც ამ ოთახში დავრჩი სამუდამოდ გამოკეტილი. საშინელი ფიქრები მიტრიალებდა, თავს ცუდად ვგრძნობდი, მინდოდა ჩამძინებოდა და ეს საშინლად მჩხვლეტავი, გულში ჩარჩენილი შუშის ნამტვრევი, დროებით მაინც დავიწყებას მისცემოდა, მაგრამ ის გულში შესისხლხორცებული იყო და ვერანაირი მაგნიტური ველი ვერ აკავებდა.
უცებ რაღაც ხრაშუნი გავიგონე საწოლის ქვემოდან, შევიხედე, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე და თავი დავანებე. მერე იატაკის ამომტვრევის ხმა გავიგე და გული ამიჩქარდა. საწოლი აზანზარდა და მალევე გაჩერდა. ალბათ ისინი საწოლის ქვეშ ღრეობდნენ.
სიბნელე იყო, მაგრამ შავი არსება მაინც დავინახე. თითქოს მე მგავდა, მაგრამ ჩემზე დიდი იყო და მთლიანად ბალანით დაფარული. საზიზღარი შესახედაობის იყო და შიშისგან ვკანკალებდი. საწოლზე ვიწექი და თვალებსაც არ ვახამხამებდი, რომ არ შევემჩნიე, საშინლად მეშინოდა.
“წადი, წადი. საიდანაც ამოძვერი ისევ იქ ჩადი” – ვიმეორებდი გულში, მაგრამ მან ერთი ჩაიფხუკუნა, თითქოს ხმამაღლა მეთქვას. დამცინოდა.
“რა ჯანდაბაა, მთლიანად ყარს. წადი რა აქედან. წადი. წადი.”
“რატომ მაგდებ? მე მთელი გონების გადალახვა დამჭირდა, რომ აქ მოვსულიყავი” – ეს თქვა და კინაღამ გული წამივიდა. საშინელი ხრიალით ლაპარაკობდა, საშინლად მახინჯი იყო.
“ჩემს აზრებს კითხულობს. ნუთუ ჩემს აზრებს კითხულობს?!” ისევ სიცილი დაიწყო “არა, ჩემს გონებაში შემოღწევის უფლებას არავის მივცემ. წადი აქედან.” – ვთქვი და გონების კარი მაგრად შევიკეტე, თუმცა ის უკვე შიგნით იყო და მე მასთან ერთად ვიყავი გამოკეტილი.
ღრუბელი გაფანტულიყო და ოთახში მთვარის შუქი შემოვიდა.
„შემომხედე, კარგად შემომხედე. ხედავ რას დამამგვანე?“ – საშინელი ხრიალით მეუბნებოდა, მაგრამ საპასუხოდ ხმას ვერ ვიღებდი, საზიზღარი არსება იყო.
„მე შენში ვიყავი, შენი სულის ნაწილი ვიყავი და ხედავ? შენი ქცევით სული დაიმახინჯე. მიყურებ? შემომხედე!“ – ახლა უკვე განწირული კივილით ლაპარაკობდა. ფეხზე წამოვხტი და კარებს მივვარდი, ვეჯაჯგურე, მაგრამ არაფრის დიდებით გაიღო. ვვოცნებობდი ხელში მძიმე და ბასრი საგანი მჭეროდა, როგორ მოვუქნევდი ამ საძაგელ არსებას. ამის გაფიქრება და ის შეტორტმანდა, ხელი კედელს მიაყრდნო და პირიდან წივილი აღმოხდა.
ფანჯრის გაღებაც ვცადე, მაგრამ ვერაფრით გავაღე, მინაც კი ვერ ჩავამტვრიე. ესეც ასე, გამოკეტილი ვიყავი.
საშინელი რაღაცეები წარმოვიდგინე, თვალწინ მიდგებოდა სცენები, როგორ მოვკლავდი ამ საზიზღარ არსებას, ბრტყელტუჩათი კბილებს დავაძრობდი და დანით მთლიანად დავჩეხავდი. „გთხოვ, გაჩერდი!“ – მომესმა გამყინავი ხმა და მივხვდი, რომ ეს ტკივილს აყენებდა. მერე წარმოვიდგინე როგორ მოვაჭრიდი ხელებს და ტანზე სათითაოდ დავაცლიდი ბეწვებს. მისი გამყინავი ხმა უკვე მთელ ეზოს მოსდებოდა და მიკვირდა, როგორ არავის ესმოდა. ბოლოს წარმოვიდგინე, როგორ ჩავარტყი გულში დანა და ხმასთან ერთად მისი ბეწვიანი სხეულიც სადღაც დაიკარგა. ჯერ ტანი გაქრა, მერე თავიც და მხოლოდ თვალები დარჩა, სანამ ისინიც გაქრებოდა, ცრემლი გადმოუვარდა და იატაკზე დაეცა.
გული საშინლად დამმძიმებოდა. შიში, სევდა, ტკივილი, ყველაფერი ერთად ვიგრძენი და ლოგინზე ჩამოვჯექი. ტვინში თითქოს კიბოურჩხულები შემიძვრნენ და თავიანთ საცეცებს უჭერდნენ ტვინის ხვეულებს, ყველაფერს ისე ცვლიდნენ, როგორც მოუნდებოდათ. საშინელებები ვიგრძენი და კიბოურჩხულმაც თავისი საცეცები მაგრად მოუჭირა ტვინის ხვეულებს და გადაჭრა. გონება დავკარგე.
დილით გავიღვიძე და ყველაფერი ცუდ სიზმრად მახსოვდა, თითქოს დიდი ხნის წინ მომდარიყო და მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდა. ფეხზე წამოვდექი და კარი გავაღე, ჩვეულებრივად გაიღო, არც ფანჯრის გაღება გამჭირვებია. ის ადგილები მოვათვალიერე, სადაც ის არსება იდგა და ცრემლი შევნიშნე, რომელიც აორთქლების დროს გადმოუვარდა. ის ჩემი ცრემლი იყო. ის მე ვიყავი. ის ჩემი სული იყო და მე ის ჯერ დავამახინჯე და მერე მოვკალი.
გულის სიღრმეში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, თან ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ სიზმარში ჩემი სული ვნახე. ჩემი დამახინჯებული სული, რომელიც მწივანა, საზარელ არსებას დამსგავსებოდა.
ახლა ჩემი აბსურდული ფიქრები ზედმიწევნით მივახატე ფურცელს და ჩემი მარტოობისგან გამოწვეული, გულში ჩარჩენილი ნატეხის შესახებ ამ სიტყვებს გავუმხილე. მერე მივხვდი, რომ სიტყვებმა კარგად გაიგეს ჩემი ფიქრების შესახებ და სევდა ფურცლებზე გაანაწილეს, ასე ჩემში უფრო დიდი ადგილი დარჩა სიმშვიდის მოკალათებისთვის.