გაიხედე შინისაკენ, ანგელოზო
გაიხედე შინისაკენ, ანგელოზო

ლონდონში, ჰაკნის უბანში, ჰიპსტერებსა და დიდი ქალაქის გეტოს შვილებს შორის ყოველ შაბათ-კვირას ეწყობა ე.წ. “ბროდვეი მარკეტი”, გამოდის სხვადასხვანაირი ხალხი, დახლებს შლის და იმართება ბაზრობა, ყველაფერი იყიდება საკვები პროდუქტებიდან დაწყებული – წიგნებით დამთავრებული. სწორედ აქ, ლონდონური ბროდვეის წიგნების მაღაზიაში შემთხვევით წავაწყდი თომას ვულფის წიგნს, რომელიც ქართულად ჯერ არ თარგმნილა, თუმცა სათაური, ალბათ, შეიძლება ასე გადმოვაენოთ: “გაიხედე შინისაკენ, ანგელოზო”. ეს იყო ჩემი სიხარული და ელდა, რამეთუ ამ წიგნს დიდი ხანია ვეძებ და ვერსად მიპოვნია, ელექტრონული ფორმატი კი სრულად ვერ ანაზღაურებს ვულფის რომანთან ჩახუტების სურვილს. ელდა კი, იმიტომ, რომ ამ რომანის წაკითხვას დიდი გამბედაობა სჭირდება. მარტივი არაა, მოწყდე შენ წარმოდგენებს სამყაროზე და თვალებში ჩახედო ჭეშმარიტებას, რომელიც რეალური მსოფლიოს სმოგის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და ყოველ წამს გვემუქრებბა, რომ სიცოცხლეს გამჭვირვალეს გახდის და ყველა შინაგან ბინძურ საიდუმლოს ახდის ფარდას.

თომას ვულფი მისანია, ან გნებავთ ოკულტისტი, მის წიგნებს შეუძლიათ ადამიანებში ფიზიკური ცვლილებების გამოწვევა, უეცრად იგრძნობთ, რომ ფრთები გამოგდით, მაგრამ ფრენა არ შეგიძლიათ; კოსმოსის უკიდურეს კუნჭულებს ხედავთ, მაგრამ აღქმა არ შეგიძლიათ; გესმით სამყაროს დასალიერში გადავარდნილი ასტეროიდების შიშინი, მაგრამ ვერ ხვდებით რისი ხმაა; თომას ვულფი ყველაფერს განახებთ, მაგრამ გამბედაობაა საჭირო, რომ დაინახოთ. დიდი სიმამაცეა საჭირო, გაიხედოთ შინისკენ მაშინ, როცა ცდილობთ სამუდამოდ დაივიწყოთ ყველა ის წამი, რაც სახლს გახსენებთ.

ისე კი, ვულფი 1900 წელს დაიბადა, სულ 38 წელი იცოცხლა და ამ დროში 4 რომანის, რამდენიმე მოთხრობის, პიესის და სხვადასხვა ტექსტის დაწერა მოასწრო. უილიამ ფოლკნერმა მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარა, შეიძლება ეს კაცი, ყველაზე ნიჭიერი იყო ჩვენს თაობაში, რამეთუ ყველაზე დიდ მწვერვალებს შეეჭიდაო. ფოლკნერმა კი არა და, ლიტერატურული ნიჭების სომელიემ, გენიალურმა მაქს პერკინსმა პირველმა იყნოსა ვულფის ტალანტი. ეს ის პერკინსია, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დიდი ლიტერატურული ტალღა რომ უკავშირდება მის სარედაქტორო საქმიანობას, ჰემინგუეის, ფიცჯერალდის და სხვათა აღმოჩენა-გამოწრთობა რომ შეძლო და იქვე თომას ვულფს ლამის მთელი ძალ-ღონე შეალია. სწორედ პერკინსმა გამოსცა ვულფის პირველი რომანი “Look Homeward, Angel” და ლიტერატურული საზოგადოება ახალ სახელზე აალაპარაკა. ამას მოყვა “Of Time And The River”, რის შემდეგაც რაღაც შეიცვალა ვულფისა და პერკინსის ურთიერთობებში და სულ მალე თომას ვულფი ედვარდ ეზველთან გადაბარგდა, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მის ვოიაჟს სიკვდილი ედგა კვალში და დიდი დრო აღარ ეწერა. არსებობს მრავალნაირი აზრი იმის შესახებ, რომ ვულფის წარმატება პერკინსის დესპოტური რედაქტურის დამსახურება იყო, თუმცა ისეთ შეხედულებასაც მოისმენთ, რომ პერკინსმა ზედმეტად შეავიწროვა ვულფის ხალასი ნიჭი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ვულფმა 4 გენიალური რომანი შექმნა და მათგან განსაკუთრებით სწორედ პირველი ორია აღსანიშნავი.

მოკლედ ჩაუჯექით, ელექტრონული ფორმით შოვნა არ გაგიჭირდებათ, ნებისმიერ უცხო ენაზე იპოვით ამ წიგნს, ხოლო თქვენც თუ ჩემსავით შეგიყვარდებათ ეს კაცი და მის წიგნთან ჩახუტებას მოინდომებთ, მაშინ ცოტა მეტი წვალება მოგიწევთ და ან უნდა გამოიწეროთ, ან კი – თუნდაც ლონდონური ჰაკნის ბროდვეი მარკეტს ეწვიოთ, იქ კიდევ არაერთი საინტერესო რამაა სანახავი, ოღონდ ისეც ნუ მოიხიბლებით, შინისკენ გამოხედვა დაგავიწყდეთ, ადამიანებო.

დატოვე კომენტარი