იცით, როგორი იყო ცა? მრისხანე და ბრაზიანი. ელავდა. ისე თეთრდებოდა და ბრწყინავდა არემარე, თითქოს წამის წინ წყვდიადში არ ვყოფილიყავით. სულ რამდენიმე წამი იყო, რაც, ზაფხულის ამ მრისხანე და ნაადრევად ჩამობნელებულ საღამოს, საქალაქო განათება ჩაირთო. მოულოდნელად ჰაერი შეკრთა და მუშტისოდენა სეტყვა წამოვიდა. და მერე რარიგად ხმაურობდა და აშინებდა ქუჩას? ხალხი მირბოდა, სადარბაზოებს ეფარებოდა და მოსალოდნელი განსაცდელისგან იძვრენდა თავს. ვერ აღგიწერთ, იმ საღამოს რარიგ უნდოდა ცას სიამაყის რიდე ჩამოეხსნა და გულიანად ეტირა. ველოდებოდი, ვიცოდი, ყველაზე თავშეკავებულსა და ძლიერსაც ვერ შეაკავებდა სევდა და ტკივილი ისე, რომ არ ამოეთქვა თავისი სათქმელი…
…და ცა ატირდა. ტიროდა. ღელავდა. ხანდახან ისე ფითრდებოდა, თითქოს გული მისდიოდა, შემდგ კი კვლავ სიბნელის ბურუსში ეხვეოდა. პირველად იყო წვიმა რომ მომწონდა. მომწონდა კი არა, წამით მის სიყვარულზეც ჩავფიქრდი, მაგრამ, ეტყობა, არ მეწერა წვიმასთან საუბარი.
აივანზე მეზობელი მოხუცი ქალი გამოვიდა და, როგორც სჩვეოდა, არარსებული სასაუბრო თემიდან, ისევ რაღაცაზე გამიბა საუბარი. არა, ცუდი ქალი არ იყო, უბრალოდ, ბევრი ლაპარაკი უყვარდა და მეც გულს არ ვწყვეტდი მას, მარტოობით დაღლილსა და განაწყენებულს, ყოველთვის გულისყურით ვუსმენდი, თუმცა ახლა ნამდვილად მინდოდა, ერთხელ მაინც, პირისპირ გავსაუბრებოდი წვიმას. დიახ, ერთხელ მაინც გამეგო, რა ატირებდა ცას ან რატომ უყვარდათ იგი ადამიანებს.
-არაა, ყოველთვის მიყვარდა წვიმა- ამოთქვა ჭაღარათმიანმა და მეც, ფიქრებით გატაცებული, ამქვეყნიურობას დამაბრუნა.
– მე, არ ვიცი, მგონი, არასდროს მიყვარდა… მაგრამ დღეს მიხარია რომ წვიმს. – ვამბობდი ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შესვენებებით, ალბათ, მხოლოდ ჩემ გასაგონად.
შორეთს გავყურებდი. არ ვიცი, რამდენმა ხანმა განვლო, რაც სხვაგან ვიფრინე, დავსველდი, შევშინდი და ღრუბლებსაც წავეთამაშე, მაგრამ, როცა უკან დავბრუნდი აღარც ქალი დამხვდა და აღარც მშვიდი გარემო. წვიმამ სახლში იწყო რბენა, ცოტაც დამასველა.
ცა კი ისევ მბჟუტავ სანთელს ჰგავდა, ხან რომ იმედისმომცემად ალი და ფერი მიეცემოდა და ხანაც რომ ავადმყოფივით მიილეოდა. არ ვიცი, ასე რამ აწყენინა ქვეყანას – გამეტებით რომ ცრემლი სდიოდა და ტკივილისგან გრგვინდავდა, როგორც დაჭრილი ლომი. მგონი, იმ წამს ნამდვილად მინდოდა ქუჩაში დგომა, რბენა, წყალში ფეხების ბაკუნი, ცეკვა, არ ვიცი, ალბათ, სიმღერაც, ყვირილიც კი. თითქოს „ბუნება ჩემში იყო, მე კი ბუნებაში“. მაშინ ვგავდი სამყაროს, მეც, მის მსგავსად , აფორიაქებული, აბობოქრებული, ერთდროულად სევდიანი და ბედნიერი ვიყავი. ვერც მას გაეგო მოწყენის მიზეზი, ვერც მე. მაგრამ ერთხმად ვაღიაროთ, მისი ცრემლები უფრო სასარგებლო იყო მეზობლის ქალის ყვავილებისთვის, ვიდრე ჩემი. ძლივს არ ამოისუნთქეს საწყლებმა? ისინი უდაბნოს ყვავილები სულაც არ ყოფიან, თუმცა მათზე ნაკლებად როდის ენატრებოდათ წყალი? მოწყენილებმა ჩემი „მეგობრები“ გამახსენეს. მახსოვს, თითო ქოთნის საყიდლად უკანასკნელი ხურდებიც კი გავიღე და სახლამდე ფეხით ვიარე. ისხდნენ რაფაზე თავმომწონენი, გადაჰყურებდნენ სამყაროს ბედნიერად, მანამ, სანამ მათ გულმავიწყ პატრონს მათთვის წყლის მიწოდება დაავიწყდებოდა. ალბათ, თავიდან მელოდებოდნენ კიდეც, მე კი ხან ალთას ვიყავ, ხანაც ბალთას და არც მახსოვდა პასუხისმგებლობა რომ მქონდა -რადგან მოვიშინაურე, მეზრუნა კიდეც მათზე. მერე კი ვუსხი და ვუსხი წყალი, თუმცა მკვდრის გაცოცხლება არც მე შემეძლო და არც დანარჩენ სამყაროს.
-არ ხარ, შვილო, შენ ნორმალური.- დედაჩემის ბრაზნარევი, მაგრამ მზრუნველი ხმა მომესმა.- გაცივდები ასე, აჰა, ჩაიცვი და სახლში მალე შემოდი.
მე გავუღიმე, მის სიბრაზეს ღიმილიანი და ალერსიანი სახე შევაგებე და მოსაცმელი გამოვართვი. მართლა ციოდა და სამყარო წუთით არ ფიქრობდა , რომ წვიმა შეეწყვიტა. ეგოისტივით იქცეოდა. არ ფიქრობდა, როგორ აშინებდა მოხუცებს, აი, აქ ჩემი ჭაღარათმიანის მსგავსთ, არც იმაზე იბერტყავდა ყურებს, რომ მის გამო, შვილები დედებს სახლში ვერ უბრუნდებოდნენ და, ალბათ, დიდად არც ის აინტერესებდა, რამდენი გაცივდებოდა და სიცხიანი ჩაწვებოდა ლოგინად, თუმცა…
ვფიქრობ, მაშინ წვიმა შემიყვარდა…
ელენე მაღლაკელიძე. 17 წლის. N159 საჯარო სკოლა.