ჩემი ქალაქი - ლაზარე ერქომაიშვილი
ჩემი ქალაქი - ლაზარე ერქომაიშვილი

ჩემი ქალაქი ნაცრისფერია!
-ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი და შავ სათვალეს იხსნის,
შავ კეტებს შავად შეღებილ ცალი თვალით დაჰყურებს,
ემანდ ტალახით არ დაესვაროს,
შავი წვიმით დასველებულ
შავ ასფალტზე გავლისას.
და ფიქრობს, თუ ხვალ წითელს ჩაიცვამს,
ქალაქიც ერთბაშად გაფერადდება.
მაგრამ შავია ელეგანტური.

და მას, ვინც ნაცრისფერ ქალაქს
მხოლოდ ოცნებებში აფერადებს,
უყვარს თავისი ქალაქი,
მაგრამ არ უყვარს ქალაქელები.

ნაცრისფერ ქალაქს აშინებს შავუ ღრუბელი.
უფრო მეტად რომ ანაცრისფრებს შავი წვიმით.
წვეთი მიწამდე ვერც აღწევს და ცაში იღვრება
და გამოჩნდება ცის მეორე მხარეს,
როგორვ გუაში ქაღალდზე.

ჩემი ქალაქი ნაცრისფერია!
– ამბობს გულჩათხრობილი, არაფრის მნახველი, უინტერესო, ყალბი ყმაწვილი და ყველაფერი ფერადი აშინებს.
ანდაც სინათლე…
თვალებს სტკენს, ხედვას უჭრელებს და ეს სიჭრელე ტვინს ურტყამს და ისევ – აშინებს.

აი, მოგინდა შენი ქალაქის გაფერადება, ჩაიცვი მწვანე, ყვითელი, ლურჯი…
გახვედი გარეთ და მილიონამდე ნაცრისფერი თვალი გიყურებს.

ფერადის შიში ფობიების წითელ წიგნშია შესატანი!
ეს შემთხვევაა, როცა ობიექტი გაშინებს ისტერიულად,
და მაინც თვალს ვერ სწყვეტ.
და ობიექტსაც ეშინია შენი.

გამოზამთრდება, და გაიხსენებს მამა რვა წლის წინანდელ ზამთარს,
როცა თეთრ ღრუბელს მოჰქონდა ქათქათა თოვლი

და ქალაქს მზრუნველ მშობელსავით გაუთბობდა მხრებს
დამძიმებული, გახამებული საბნით.

და ამის ფონზე მისი შვილი ტალახის ბურთში არჭობს სტაფილოს.

თითქოს ზამთარიც იმ მაღალმა კაცმა წაიღო, ფრენა რომ უყვარს.

და ვხვდებით იქ, სადაც თეთრია ფერადი.
და ის საბანიც ჟამთა სიავემ გაანაცრისფრა, მტვერი დაადო…
და თუ კიდევ დაგვეფარება,
მაშინ არავის გაუკვირდება,
რომ ამ ქალაქში ნაცრისფრად მოთოვს.

ჩემი ქალაქი ნაცრისფერია და შენ აფერადებ!
-ეტყვის ბიჭუნა გოგონას.
მათ თვალებში ჩანს დაღლა, შიში, უიმედობა,
არაფრის სურვილი, სიყალბე, სიშავე, სინაცრისფრე…
ყველაფერი, სიყვარულის გარდა.

და თუ სიყვარულს გააჩნია ფერი,
ის არანაირად არ იქნება ნაცრისფერი.
მაშასადამე, ის ფერადია და საშიში.

მაშ, სიყვარულიც ვერ აფერადებს ნაცრისფერ ქალაქს.
ის სიყვარული, რომელიც დედამიწას ატრიალებს,
ბრძენს ჭკუიდან შლის,
ბრიყვს ტვინს უნათებს
და პოლისებს ანგრევს,
ვერ აფერადებს ნაცრისფერ ქალაქს.

მაშინ რას ძალუძს აქაურობის გაფერადება?!

ამ ნაწერს კი, არ დაერქმევა არც თეთრი ლექსი, არც პროზა, არც პოეზია…
ის უბრალოდ იგივე ფერისაა,
რა ფერისაც არის ქალაქი,
სადაც ის დაიწერა.

ის ნაცრისფერია!