ბუკერის პრემიის ლაურეატები 2000-2008 [ნაწილი 1]
ბუკერის პრემიის ლაურეატები 2000-2008 [ნაწილი 1]

“ბუკერის” პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ინგლისურენოვან და არამარტო ინგლისურენოვან სამყაროში. ყოველწლიურად სპეციალური ჟიური, რომელიც მწერლებისგან, მთარგმნელებისგან და ლიტერატურის კრიტიკოსებისგან შედგება ასახელებენ წლის საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს. პრემია 1969 წლიდან გაიცემა და ამ პრემიის მფლობელები არიან ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: მარგარეტ ეტვუდი, უილიამ გოლდინგი, ჯეიმს მაქსველ კუტზეე, კაძუო იშიგურო, არუნდატი როი და სხვა.

გთავაზობთ 21-ე საუკუნის ბუკერის პრემიის ლაურეატ ავტორებს და მათ წიგნებს.

 

ბრმა მკვლელი – მარგარეტ ეტვუდი

ქვეყანა: კანადა

წელი: 2000

რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია…

ნედ კელის ნამდვილი ისტორია – პიტერ კერი

ქვეყანა: ავსტრალია

წელი: 2001

ცნობილი ავსტრალიელი ავტორის, პიტერ კერის რომანი „ნედ კელის ნამდვილი ისტორია“ 2000 წელს დაიწერა და ბევრმა კრიტიკოსმა, მიუხედავად ავტორის წამოშობისა, წიგნს  დიდი ამერიკული რომანი უწოდა.

რომანში აღწერილია ლეგენდარული ყაჩაღის ნედ კელის ისტორია. ნედ კელი მეცხრამეტე საუკუნის ავსტრალიაში ძალიან ხმაურიანი ფიგურა იყო, ადამიანების ნაწილს იგი ეროვნულ გმირად მიაჩნიათ, ხოლო მეორე ნაწილს მკვლელად და ყაჩაღად.

პიტერ კერის „ბუკერის“ პრემიის მფლობელ რომანში პირველ პირში, ნედ კელის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი ამბავი.

პის ცხოვრება – იან მარტელი 

ქვეყანა: კანადა

წელი: 2002

„პის ცხოვრება“ კანადელი მწერლის, იან მარტელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. წიგნი დაუჯერებელი სიუჟეტით იპყრობს ყურადღებას: წყნარ ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი 16 წლის ინდოელი ბიჭი ბენგალურ ვეფხვთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება. აქედან იწყება ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი, რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს. 2002 წელს ცნობილი ბრიტანული ლიტერატურული პრემია „ბუკერის“ ჟიურიმ „პის ცხოვრებას“ საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ტიტული მიანიჭა. იან მარტელის რომანის მიხედვით ამერიკელმა რეჟისორმა ენგ ლიმ მხატვრული ფილმი გადაიღო. 2013 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალზე „პის ცხოვრება“ 4 „ოსკარით“ დააჯილდოვეს.

ვერნონ გენიოს ლითლი – დიბისი პიერი

ქვეყანა: ავსტრალია

წელი: 2003

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 18 მოსწავლე მოკლეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს… ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული „ვერნონ გენიოს ლითლის“ ავტორმა, ავსტრალიელმა დიბისი პიერმა ამ რომანისთვის 2003 წლის ბუკერის პრემია მიიღო

სილამაზის ხაზი – ალან ჰოლინჰარსტი

ქვეყანა: ინგლისი

წელი: 2004

ალან ჰოლინჰარსტის რომანში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში მიმდინარეობს, რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ნიკ გესტი, რომელიც ჰომოსექსუალია უმეგობრდება ფედენსების ოჯახს და ოჯახურ წვეულებებზე, ვახშმებზე და შეკრებებზე იწყებს საკუთარი თავის ძიების აქტიურ პროცესს.

რომანი სამ ნაწილადაა გაყოფილი და მოქმედება 1983, 1986 და 1987 წლებში ვითარდება, რომანი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას ეხება და 2007 წელს BBC-იმ წიგნის მიხედვით მინი-სერიალიც გადაიღო.

ზღვა – ჯონ ბენვილი

ქვეყანა: ირლანდია

წელი: 2005

თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანისთვის ”ზღვა”. ”ზღვა” ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

დანაკარგების მემკვიდრეობა – კირან დესაი

ქვეყანა: ინდოეთი

წელი: 2006

კირან დესაის 2006 წელს დაწერილი წიგნი მეორეა მის შემოქმედებაში. რომანი გამოცემისთანავე დიდ განხილვის საგნად იქცა და მის გარშემო არ წყდებოდა კრიტიკა. რომანში აღწერილია ბიჯუს და საის ისტორია.

რომანში ძალიან ხშირად იცვლებიან მთხრობელები და ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა კოლონიალიზმი, ემიგრანტების პრობლემები, იდენტობის დაკარგვა და თაობებს შორის ჭიდილი.

რომანმა „ბუკერის“ გარდა სხვა უამრავი პრიზიც დაიმსახურა.

შეკრება – ენ ინრაითი

ქვეყანა: ირლანდია

წელი: 2007

“შეკრება” ირლანდიელი ავტორის, ენ ინრაითის მეოთხე რომანია, რომელიც 2007 წელს გამოიცა და მაშინვე იქცა ბესტსელერად, ხოლო „ბუკერის“ პრემიამ გაყიდვების რაოდენობა ერთი-ორად გაზარდა.

ენ რაითის რომანში ერთი ოჯახის ისტორიაა აღწერილი და ყველაფერი იწყება მაშინ, როცა ალკოჰოლზე დამოკიდებული ლაიამი თავს იკლავს. ნაწარმოებში მთხრობელად თვითმკვლელის და, 38 წლის ვერონიკა გვევლინება, რომელიც ცდილობს ამოხსნას, რის გამო იკლავს თავს მისი ძმა და ამ ძიებას მათ ბავშვობამდე და დიდ საიდუმლოებამდე მიჰყავს.

თეთრი ვეფხვი – არვინდ ადიგა

ქვეყანა: ინდოეთი

წელი: 2008

არვინდ ადიგა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავტორია, რომელმაც „ბუკერის პრემია მიიღო“ 2008 წელს. ინდოელი ავტორი 33 წლის იყო, როცა მისი სადებიუტო წიგნი, “თეთრი ვეფხვი” გამოიცა.

რომანში აღწერილია საშუალო კლასის ინდიელი ბალრამის ისტორია, რომელიც მუშაობს მძღლოდად, ერთ დღეს ნაწარმოების მთავარი გმირი მოკლავს თავისს უფროსს, გამოსძალავს ფულს და დაიწყებს ახალ ცხოვრებას.

არვინდ ადიგა სხვადასხვა მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემებს თავისებური იუმორით და ირონიით გადმოსცემს. რომანი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერია.

დატოვე კომენტარი