ანა ტეფნაძე - რეალური წარმოსახვა
ანა ტეფნაძე - რეალური წარმოსახვა

არჩევნები მოდის და მთავრობას ახლა გაახსენდება მშიერ-მწყურვალი ხალხი, მანამდე პარლამენტის წინ გაწვდილი ხელით რომ დგანან. გზებიც ახლა გახდა თურმე დასაგები და გაზიც ახლა უნდა გაიყვანონ მაღალმთიან რეგიონებში. აბსურდული საარჩევნო დაპირებები უკვე პიკს აღწევს. სიმართლე გითხრათ, დავიღალე ამდენი საარჩევნო რეკლამით, ტელევიზორში სულ ერთიდაიგივეს რომ ატრიალებენ. განა მარტო მე არ მომწონს მსგავსი რამ?! დარწმუნებული ვარ ნახევარი საქართველო ანალოგიურ მდგომარეობაშია, თუმცაღა ხმის ამომღები არავინაა და ყველა მათგანი კვლავ დუმილს განაგრძობს. ცხვარი რომ ცხვარია, ისიც კი ხანდახან ხმას ამოიღებს, დაიკიკინებს, ხან გზიდან გადაუხვევს. ისინიც კი არ ემორჩილებიან მწყემს ისე, როგორც ჩვენ მთავრობას. თავჩაქინდრული დგომა კარგს არაფერს მოგვიტანს.

ზოგი კანდიდატი გაზრდილ პენსიებს გვპირდება, ზოგი კი გაერთიანებულ საქართველოს. მე კი, როცა ამას ვისმენ, უნებურად ჩამეღიმება ხოლმე. ეჰ, ვინ იცის რამდენს სჯერა ბედნიერი მომავლის. არავინ ცდილობს რეალობის გააზრებასა და აღქმას. ამას წინათ, ერთი აქცია იყო “ნუ მომკლავ”, რომელიც მეორე დღეს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ “სისტემა დაინგრეს” აქციათ გადაიქცა. მგონი, ამ ხალხსაც ვერ გაუგია რა უნდათ. ერთ დღეს მკვლელის დასჯას ითხოვდნენ, მეორე დღეს კი მთავრობის შეცვლას.

ნეტავ წელსაც უნდა გაყალბდეს, ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნები?! ახლა არ მითხრათ, არ ყალბდება, ყველაფერი სამართლიანად ხდებაო. რეალურად ყველაფერს ის წყვეტს, ვისაც ფული აქვს. არა გაქვს და ვერც წყვეტ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი ყველას უნდა, თუმცა ცხვარზე უფრო მდაბალ, უენო არსებებად ყოფნას ამჯობინებენ. ეჰ, კი არ იციან, როგორ დიდ დანაშაულს სჩადიან საკუთარი შვილების წინაშე ამ უებარი დუმილით.

კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა იმის კვალობაზე, რომ არავინ არაფერს ამბობს, მე უკვე ზედმეტად ბევრი ვთქვი. თუ ვინმეს საუბარი მოგინდებათ, მოგისმენთ (მთავრობისგან განსხვავებით), ვისაუბროთ და ერთად გადავწყვიტოთ რა არის უკეთესი.