ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებები

12:16, 29.12.2025

რა შედეგით დასრულდა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ფლორიდაში. დისკუსია, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მედიისთვის დახურული იყო. ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია და მიუხედავად რამდენიმე რთული და გადაუჭრელი საკითხისა, მხარეები უახლოვდებიან შეთანხმებას, რომელმაც, შესაძლოა, უკრაინაში ომი დაასრულოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გადაუჭრელ საკითხებს შორის ტერიტორიული დათმობები დაასახელა. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დახმარებას გაუწევს. ტრამპის განმარტებით, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, კარგ შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში დასრულდება, ცუდ შემთხვევაში, უფრო დიდხანს, ხოლო თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შეთანხმება საერთოდ ვერ შედგება. ტრამპის თქმით, ის მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს და რადაში სიტყვით გამოვიდეს, თუ ეს ომის დასრულებას ხელს შეუწყობს.

უკრაინის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90 პროცენტი შეთანხმებულია, ასევე, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100 პროცენტით განსაზღვრულია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მომდევნო დღეებში უკრაინისა და აშშ-ის გუნდები გააგრძელებენ მუშაობას. დონბასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რთული საკითხია. მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია რეფერენდუმის ჩატარება ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე.

მსგავსი