სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და მოლოდინი, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ომი უნდა დაასრულოს. უკრაინის, ევროპელი მაღალჩინოსნებისა და აშშ-ის წარმომადგენლების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მაიამიში დღეს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჩავა. ამერიკელ კოლეგებთან მის შეხვედრას, შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც დაესწროს. „ომები ჩვეულებრივ სრულდება ორი გზით – ერთი მხარის დანებება ან მოლაპარაკებებით შეთანხმება, – აცხადებს მარკო რუბიო, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს.
საკუთარ მოთხოვნებს ღიად აცხადებს რუსეთიც, რომელსაც ქვეყნის საზღვრებისკენ ნატო-ს გაფართოება არ სურს. მოლაპარაკებათა მაგიდასთან განიხილება უკრაინის ტერიტორიების, არჩევნების, ნატო-ში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების საკითხები. დიპლომატიური მცდელობების პარალელურად, ომი გრძელდება უკრაინაში, იერიშების მთავარი სამიზნე გასულ ღამეს ოდესის ოლქი იყო, სადაც რვა ადამიანი დაიღუპა.