პირველი არხი ყველასთვის

ჩვენთვის თითოეულისთვის

მედიაგარემო მუდამ ცვალებადია, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. კონკურენციასთან ერთად აუდიტორიის მოთხოვნები იზრდება. საზოგადოებრივი მედია და მისი ღირებულებები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მედია ეკოსისტემაში, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი ახალი ციფრული მოთამაშეებით.

ტრადიციული მედია უკვე საკმარისი აღარ არის. რამდენადაც საქართველო ვითარდება და თანამედროვეობას ფეხს უწყობს, ადამიანი მრავალფეროვან პლატფორმებზე ავტორიტეტულ, მნიშვნელოვან და დროულ ახალ ამბებს მოელის 24/7-ზე.

ახალი თაობა „ომნიმედიური“ და ციფრულ საშუალებებზე ორიენტირებულია: ახალ ამბებსა და ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროდან, პლატფორმებიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, ასევე სხვა ქვეყნების საზოგადოებრივი მედიიდან. საზოგადოებრივ მედიას სწრაფად განვითარება სჭირდება, რათა ახალ და მუდამ ცვალებად გარემოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

წინა წლების გამოწვევებმა და ახალმა რეალობამ დაგვანახა, რომ გეოგრაფიული საზღვრების დახურვისა და მრავალი შეზღუდვის მიუხედავად, ინფორმაციის, განათლებისა და გართობის უსასრულო სივრცე ხელმისაწვდომია და აუდიტორიის ინტერესის დასაკმაყოფილებლად მედიის ტრადიციული ფორმები საკმარისი აღარ არის.

საქართველოში მაუწყებლობა თითქმის 100 წელს ითვლის, თუმცა ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლობის, როგორც ინსტიტუციის, როლისა და მნიშვნელობის გააზრება.

საზოგადოებრივი მედიის ევროპული მოდელის სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წარმოება მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი პროდუქტისა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებები განაპირობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი, როგორც ინსტიტუციის არსებობის აუცილებლობას.
ეს ღირებულებებია:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეფუძნება ამ ღირებულებებს და მიზნად ისახავს:

საზოგადოებრივი მაუწყებელი თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მიიღოს გადამოწმებული, ობიექტური ინფორმაცია; სიღრმისეულად გააანალიზოს მოვლენები და დაინახოს პერსპექტივა; დაუპირისპირდეს საზოგადოებაში შფოთვისა და ისტერიის დონეს; სოციუმში მიმდინარე პროცესებში გაიაზროს საკუთარი პიროვნული როლი და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა - ვქმნით სივრცეებს ახალი იდეებისთვის, ვაფასებთ ინდივიდუალობას და გვჯერა, რომ საზოგადოების ჩართულობით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწყობს განათლების პოპულარიზაციას. შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებით ავითარებს სტერეოტიპებისა და ცრურწმენების წინააღმდეგ აზროვნებას და ხელს უწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საზოგადოებისთვის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი, განსაკუთრებულ როლს თამაშობს უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ეს როლი ყველაზე მეტად აქცენტირებულია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში განსაკუთრებული გარემოებებია (მასობრივი არეულობა, პანდემია, საგანგებო მდგომარეობა).

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, არ დაიკავოს ესა თუ ის მხარე თავისი პროგრამებისა და, რაც ყველაზე მთავარია, ახალი ამბების შექმნის პროცესში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი ჩვენი ქვეყნის მეხსიერებაა. კონტენტი, რომელიც სხვადასხვა პლატფორმისთვის იქმნება და ინახება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავლის რწმენის შექმნასა და საქართველოს განვითარებაში.

წარმატების მისაღწევად საზოგადოებრივი მაუწყებელი ფოკუსირდება შემდეგზე:

1

მაღალი სტანდარტები

ორგანიზაციის მიზანია, ჰქონდეს მაღალი სტანდარტისა და ხარისხიანი ჟურნალისტური საქმიანობის მოდელი საქართველოში, წარმოადგენდეს ახალი ამბების სანდო წყაროს ქვეყნისა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მასშტაბით. ორგანიზაცია უკომპრომისოდ იცავს სანდოობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს ჟურნალისტური საქმიანობისას, ასევე კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში, რასაც 2020 წელს შემუშავებული სარედაქციო პრინციპებით უზრუნველყოფს

2

კონსტრუქციული მედია

კარგი ჟურნალისტიკა მსოფლიოს ორივე თვალით დანახვაა

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების რევოლუციამ ყველაზე ძლიერი დარტყმა, ალბათ, მედიას მიაყენა. არც ერთი დარგის როლი, ფასეულობები, ღირებულება და ბიზნეს მოდელი, შესაძლოა, ისე არ დაკნინებულა, როგორც - მედიისა. ევროპულ დემოკრატიაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუტი, ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიად მოიაზრება.

„მედია უნდა გადაიქცეს საზოგადოების მეგობრად, გზამკვლევად და სანდო ავტორიტეტად. ავტორიტეტს კი მხოლოდ მაშინ მოიპოვებ, თუკი იცი, რას ლაპარაკობ და საზოგადოებრივ ინტერესს პირადზე მაღლა აყენებ“, - ულრიკ ჰააგერუპი, კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი. კონსტრუქციული ახალი ამბები ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული. ეს არის ახალი ამბები, რომელიც უკეთესი მომავლის შესახებ საჯარო დისკუსიისკენ გვიბიძგებს.

მსოფლიოს სულ უფრო მეტი მედიასაშუალება, როგორიცაა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (BBC), Guardian, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (YLE ), TV2 დანიაში, შვედეთის რადიო და ტელევიზია (SVT, SR) ნორვეგიის (NRK), ისლანდიის (RÚV), ბელგიის (VRT ) საზოგადოებრივი მაუწყებლები - დანიის სამაუწყებლო კომპანიისგან იღებენ მაგალითს და კონსტრუქციული ახალი ამბების ფორმატს ირჩევენ, რადგან სწორედ ეს არის საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის გზა.

3

Digital First

კვლევაზე დაყრდნობით ონლაინ მედია გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. ტელემაყურებელთა 69,9 პროცენტისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ძირითადი საინფორმაციო წყარო ინტერნეტია. აქედან 64,7 პროცენტი ინფორმაციას ძირითადად სოციალური მედიიდან იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ უფრო მეტი რესურსის ინვესტიციას განახორციელებს ყველა ტიპის ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმაში, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრიდან სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას ეფუძნება. უფრო მეტად განავითარებს ონლაინ პლატფორმებს (BVOD, SVOD) და კვლავ იზრუნებს საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვაზე.

4

გარეწარმოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ორიგინალური გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია ქვეყანაში. გარდა ამისა, მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ინდუსტრიის მხარდაჭერასა და ინვესტირებას.

2018 წელს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება - დამოუკიდებელი სტუდიების მიერ მომზადებული პროგრამებისთვის პროდუქციის არანაკლებ 25%-ის დათმობა.

2023 წელს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი საბიუჯეტო დაფინანსების არანაკლებ 10% უნდა ინვესტირდეს, ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით.

2023 წელს გარეწარმოების პროდუქტზე 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, რაც მთელი ბიუჯეტის დაახლოებით 9.1 პროცენტს შეადგენს. დაგეგმილია აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება და მომავალში ქართული ორიგინალური პროდუქტის წარმოების ხელშესაწყობად ინვესტიციის განხორციელდება.

5

ბავშვები და ახალგაზრდები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს.

დასახულ ამოცანებს შორისაა, შევქმნათ სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, მედიაპროდუქტების შემქმნელთათვის და ახალგაზრდა აუდიტორიას მუდმივად განახლებული პროგრამირება შევთავაზოთ.

2020 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი გადაიდო, საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც გახდა საგანმანათლებლო პლატფორმა - სასკოლო, შემეცნებითი პროგრამებით.

არხმა 2023 წლის ბოლომდე გააგრძელა მაუწყებლობა, „ტელესკოლისთვის“ სამი წლის განმავლობაში შექმნილი გაკვეთილები, გადაცემები და საგანმანათლებლო პროდუქტი ხელმისაწვდომია პირველი არხის ონლაინ პლატფორმაზე 1tv.ge.

6

ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი

სტრატეგიულ ამოცანად რჩება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ მიმართულებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩართულია ყველა მნიშვნელოვან აქტივობაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

უფრო მეტ სპორტულ მოვლენას გავაშუქებთ და ხელს შევუწყობთ ეროვნული სპორტის სხვადასხვა სახეობას, რათა საზოგადოებაში წარმატებული და პოპულარული გახდეს. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ დაუვიწყარი განწყობა ვაჩუქოთ საზოგადოებას და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ირგვლივ გავაერთიანოთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსების განაწილებისას სპორტი მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს - 2020 წელს სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციების ლიცენზიებსა და უზრუნველყოფაზე დაიხარჯა 3 098 251 ლარი, 2021 წელს - 3,451,343 ლარი, 2022 წელს 4,244,244 ლარი, 2023 წელს - 4,522,587, ხოლო 2024 წელს 5,357,035 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

7

უყურე და უსმინე ქართულს

ქართულ მედიაბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე და რადიოეთერი, ასევე ციფრული პლატფორმა 1tvplay.ge ქართული ორიგინალური პროდუქციით გამოირჩევა და პროდუქციის წარმოებისა და შეძენისას ძირითადად ქვეყნის შიგნით ინვესტირებას გულისხმობს.

მაუწყებელი ასეთივე მიდგომას შეინარჩუნებს შეძენილ პროდუქციაზე, რომელიც მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასისა და მსოფლიოს წამყვანი სტუდიების ნაწარმს წარმოადგენს. ეს არის ამერიკული და ევროპული, მხატვრული, დოკუმენტური ფილმები და სერიალები, რომლებიც სპეციალურად შექმნილ მატრიცაზე დაყრდნობით შეირჩევა და ითვალისწინებს არა მხოლოდ პროდუქციის პოპულარობას, არამედ ღირებულებებსა და მრავალფეროვნებას.

მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამებს იხილავს და მოისმენს. საავტორო უფლებების დაცვა არის და კვლავ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი.

8

მრავალფეროვანი საქართველო

დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს მრავალფეროვნებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ადამიანებს და ისწრაფვის, გაზარდოს ურთიერთგაგება მათ შორის, გააჟღეროს და გააძლიეროს მათი ხმა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად განისაზღვრა მრავალფეროვანი საქართველოს სხვადასხვა ჯგუფის - ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების, შშმ პირების, სხვადასხვა ასაკობრივი და გენდერული კუთვნილების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების შექმნასა და ორგანიზაციულ საქმიანობაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მაუწყებელი BBC-ის მაგალითზე ახორციელებს პროექტს 50:50, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, უახლოეს წლებში მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს როგორც ორგანიზაციაში, ასევე სამაუწყებლო ეთერში.

ტექნიკა და ტექნოლოგიები

ვცვლით ჩვენს ტრადიციულ საწარმოო აღჭურვილობას მაღალტექნოლოგიური სისტემებით. ორგანიზაციის ყურადღება გადატანილია წარმოების ახალ ფორმებზე.

აღსანიშნავია მაუწყებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღების პროექტი, რომელიც საქართველოს პირველ არხს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიასაშუალებად აქცევს.

პროექტის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების კომპონენტებს, რისთვისაც ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

ახალი შენობა

ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობაა.

ეს არის რთული და კომპლექსური პროცესი, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2020 წლის 16 ოქტომბერს, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ხალხის მიერ საჯარო კონკურსის წესით შერჩეული პროექტის შესაბამისი მშენებლობის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

ფინანსები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მართვის სტრატეგია ორგანიზაციის სრული ინფრასტრუქტურული განახლების პროცესს ეფუძნება. კაპიტალური ინვესტიციების დეფიციტი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზე საპასუხოდაც მაუწყებელმა სრული ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ახალი შენობის მშენებლობის მიმართულებით მასშტაბური ინვესტიციების პაკეტი შეიმუშავა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, შეიცვალა ფინანსური მართვის მოდელი, რომელიც საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციასა და კაპიტალური ინვესტიციების მასშტაბის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს.

ამდენად, ფინანსების მართვის სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ორგანიზაციის გრძელვადიანი განვითარებისთვის სტაბილური საფუძვლების შექმნაზე.

მაუწყებელი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარის გარდა, იყენებს მოზიდულ სახსრებს, რაც ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობის კუთხით დამატებითი გამოწვევაა. ეს გამოწვევა მკაფიოდ არის ასახული ფინანსურ სტრატეგიაში. ფინანსების სწორი გადანაწილებით, ტელევიზია შეუფერხებლად ახორციელებს, როგორც ფინანსური რესურსის მოზიდვის, ისე მისი გამოყენების პროცესს.

გრძელვადიანი დაგეგმვა, ეფექტიანობის ზრდა და პროექტების განხორციელების ეტაპზე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი - ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მართვის სტრატეგია ემყარება.

პასუხისმგებლობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიციონირებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავამკვიდროთ პასუხისმგებლობის პრინციპები სარედაქციო-შემოქმედებითი მიმართულებით და გავლენა მოვახდინოთ ინდუსტრიაში ეკოლოგიური მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე. შესაძლოა, ამ პროცესში ვუშვებთ შეცდომებს, გვაქვს ხარვეზები, მაგრამ ამ შეცდომების აღიარების არ გვეშინია და ვიღებთ გამოწვევად, რომ გამოცდილების გათვალისწინების შედეგად გავხდეთ კიდევ უფრო წარმატებული ჩვენს საქმიანობაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ამოცანები მიმართულია იმისკენ, რომ თითოეულ ადამიანს, საზოგადოებას ვემსახუროთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებით; ვქმნიდეთ საუკეთესო პროდუქტს ეროვნული ღირებულებების დაცვით, საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანისა და ფასეულის წარმოჩენით; ვიყოთ თანამედროვე და აქტუალური; ვიყოთ იქ, სადაც გჭირდებით - იმ ფორმითა და საშუალებით, რომელსაც ირჩევთ.

„ევროპამ უნდა დაიცვას თავისი თავისუფალი მედია, თუ მას სურს, რომ დაიცვას დემოკრატია“, - ამ სიტყვებით შეჯამდა ევროპარლამენტში მოსმენები თემაზე: „დამოუკიდებელი საჯარო მომსახურების მედიის (საქართველოს კანონმდებლობით - საზოგადოებრივი მაუწყებლობა) მნიშვნელობა დემოკრატიისთვის ევროპაში.“ ცალკე აღინიშნა, რომ „ევროკავშირის პრიორიტეტად უნდა იქცეს თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაცვა“.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ ქვეყნის უზენაეს კანონში - საქართველოს კონსტიტუციაში აისახა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის, როლი და მნიშვნელობა.

წინამდებარე სტრატეგიაში ასახული მიზნები და ამოცანები სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ინსტიტუციის - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისა და განვითარებისკენ არის მიმართული.