შუალედური არჩევნები 2023

საქართველოს ათივე მუნიციპალიტეტში, სადაც დღეს შუალედური არჩევნები იმართება, პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. მოქალაქეები ორ მერს, საკრებულოს ხუთ დეპუტატსა და პარლამენტის ერთ წევრს ირჩევენ. გახსნილია 165 უბანი, საიდანაც 117 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

სპეციალური რეჟიმით მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. პერიოდულად იმართება საინფორმაციო ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცესკო-ს ცნობით, პროცესი ყველა მუნიციპალიტეტში დილიდან მშვიდ ვითარებაში წარიმართა. კენჭისყრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა 25,3 % ცაგერში ფიქსირდება. ამასთან ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, რამდენიმე უბანზე მცირე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რომელსაც პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია.