რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 33 „კამიკაძე-დრონი“ გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიდევ ორმა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია. ასევე რუსეთმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის ორი რაკეტა გაუშვა. დრონებით იერიშის გამო, ნგრევაა ხერსონის, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ხერსონში დაშავებულია ერთი ქალი. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ფრონტის ხაზზე უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის 27 თავდასხმა მოიგერიეს, აქედან 13 – ავდეევკის მიმართულებით. ამასთან, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ ოლქის მიმართულებით უკრაინიდან წუხელ 10 რაკეტა გაუშვეს. ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ათივე რაკეტა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თითო დრონი ასევე გააუვნებელყვეს მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში.