რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა, თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილია. როგორც კაჭკაჭიშვილმა პირველ არხს განუცხადა, სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა, როდესაც შენობაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად პირადად მან მცირე დაზიანება მიიღო. იერიშის შედეგად ასევე დაშავდა „ანადოლუს“ ფოტორეპორტიორი ოზგე ელიფ კიზილი. დავით კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. ხარკოვში, სასტუმრო კომპლექსზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ძალებმა გვიან ღამით განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი. საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე იერიში „ეს-300“-ის რაკეტებით მიიტანეს. ქალაქის მერის ცნობით, სასტუმროში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.