გარიგებული მატჩების საქმე  

საფეხბურთო კლუბები გაფრთხილებას იღებენ.

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაწყებული გამოძიების პარალელურად, საგანგებო შეხვედრა იგეგმება ფეხბურთის ფედერაციაში, რომელიც ბრალდებული სპორტსმენების მიმართ უმკაცრესი ზომების მიღებას აანონსებს. როგორც დღეს ხდება ცნობილი, ფედერაციაში ცალკე მოკვლევა ტარდება და შესაძლოა გარკვეული სანქციები სკანდალში გახვეულ იმ სამ კლუბზეც გავრცელდეს, რომლებშიც დაკავებული ფეხბურთელები ირიცხებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანოს ე.წ. შავ სიაში, სხვა ფეხბურთელები და კლუბებიც მოხვდნენ, რაზეც ირიბი მინიშნებები ფედერაციის პრეზიდენტისგან უკვე გაკეთდა. მანამდე კი, საფეხბურთო თამაშების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულ რვა მოქმედ და სამ ყოფილ ფეხბურთელს, ბრალი უკვე წაუყენეს. თუმცა, ჩაწყობილი თამაშების საქმეზე გამოძიების მიერ გავრცელებულმა ოფიციალურმა ინფორმაციამ, სპორტის სამყაროში კითხვები გააჩინა.