ყოველგვარი ცირკის გარეშე
ყოველგვარი ცირკის გარეშე

თუკი ბებიას სკივრის პერიოდული გაქექვა არ კარგავს აქტუალობას და საინტერესო იდეებს ბადებს, ალბათ, დროდადრო, მამას არქივში ჩახედვაც არ უნდა იყოს ინტერესს მოკლებული.  ამბავი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ფრაგმენტია მამაჩემის,  საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის,  დავით ბუზუკაშვილის მოგონებებიდან.

მარინა ბუზუკაშვილი

ეს საქვეყნოდ გახმაურებული ამბავი კარგა ხნის წინათ მოხდა: უდანაშაულო ებრაელ ექიმებს ბრალი დასდეს, სტალინის მოკვლა ეწადათო და ბელადის ყველა მკურნალი დააპატიმრეს. იმ რჩეული პროფესორების ავი განზრახვის გამო სასწრაფოდ გაჩაღდა მთელი საბჭოთა ხალხის უსაზღვრო აღშფოთების, წყრომისა და რისხვის კამპანია. მედიკოსების უღირს საქციელს ყველა გმობდა და  კიცხავდა. ერთ დღეს, დილით ადრე, სტამბაში მივედი – ფხიზელი თვალით გაზეთ „გამარჯვების“ (მოგვიანებით, გაზეთი „კომუნისტი“ ) ოთხივე გვერდი უნდა გადამეკითხა, რომ საჭოჭმანო ან საეჭვო რამ არ გაპარულიყო. იქ გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი დამხვდა.

ქვეყანა ადგილობრივი საბჭოების არჩევნებისათვის ემზადებოდა და გაზეთის მთავარ მიზანს ამ კამპანიის ჯეროვანი ასახვა წარმოადგენდა. თბილისის საოლქო საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა დასახელება წინა დღეს დაიწყო. სტალინის სახელობის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში გამართულ წინასაარჩევნო კრებას თავის რჩეულად, ცხადია, საბჭოთა ხალხის დიდი ბელადი და მასწავლებელი, იოსებ სტალინი, დაესახელებინა. გაზეთის პირველი გვერდი, რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ეძღვნებოდა.

მთავარი ინფორმაციის პირველივე აბზაცი მეჩოთირა. აღწერდა რა წინასაარჩევნო კრების მონაწილეთა სულიერ განწყობას, ავტორი მკითხველს აუწყებდა, რომ კრების მონაწილეთა სახეებზე აღბეჭდილი იყო დიდი სიხარული თბილისის საოლქო საბჭოს №1 დეპუტატად დიდი სტალინის დასახელების გამო და დიდი აღშფოთება (ხაზი ყველგან ჩემია – დ.ბ.) ბელადის მოკვლის მოსურნე ექიმთა ვერაგობის გამო.

– ისედაც გვიანდება და ნუღარ გავაჭიანურებთ გაზეთის გამოსვლას. რედაქტორი შენგან ხელმოწერილ გვერდებს ელოდება, – მითხრა პასუხისმგებელმა მდივანმა.

–  ბატონო ვასო, სად გაიმართა გუშინ წინასაარჩევნო კრება?

– თბილისის სტალინის სახელობის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, – მიპასუხა პასუხისმგებელმა მდივანმა და ირონიულად შემომხედა, – რა ვერ გაიგეო.

– თუ მაგ ქარხნის მაგიერ ჩაწერთ, რომ წინასაარჩევნო კრება თბილისის ცირკში გაიმართა, ხელს მოვაწერ, თუ არადა, არა.

– შენ რა, საბჭოთა ცირკს დასცინი, ფლაგმან ქარხანას თუ წინასაარჩევნო კამპანიას იგდებ აბუჩად? – მოიღუშა პასუხისმგებელი მდივანი.

მე გავუმეორე ჩემი ნათქვამი და გაზეთის ბოლო გვერდის კითხვა მივატოვე.

–  რედაქტორი წუთი-წუთზე გველოდება. ახლავე დავურეკავ და ვეტყვი, რომ შენ განგებ აგვიანებ.

– კი, ბატონო. მე თვითონ დავურეკავ, – ვუთხარი და დასარეკად გავეშურე. წინ რედაქციის წამყვანი განყოფილების გამგე შემეჩეხა და მითხრა:

– რედაქტორი  ძალიან ნერვიულობს, რატომ აგვიანებო.

სიტუაცია ავუხსენი, თუმცა, ის პასუხისმგებელ მდივანს მიემხრო. ამასობაში თავად რედაქტორი –დავით მჭედლიშვილი წამოგვადგა თავს.

–  გამაგებინეთ, რატომ არ ამოგაქვთ გვერდები ?

–  რა ჩვენი ბრალია, ბუზუკაშვილი გვაბრკოლებსო, – ხელი დამადეს კოლეგებმა.

– ცირკი რა შუაშია, გაგიჟდი ? – მომიბრუნდა პასუხისმგებელი მდივნის ზარით გაღიზიანებული რედაქტორი.

– ბატონო დავით, მხოლოდ ცირკის კლოუნს შეუძლია გამოხატოს ერთდროულად ორი უკიდურესობა – სიხარულიც და სიმწარეც. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სახეზე აიფარებს ნიღაბს – ოვალის ნახევარზე მომღიმარი, ნახევარზე კი მწუხარე გამოსახულებით. თბილისის მთავარი საწარმოს კრების მონაწილენი იანუსები ხომ არ იყვნენ. ვერცერთი მუშა რომ ვერანაირი გრიმასით ვერ შეძლებს სახის გაორებას, მკითხველმა კარგად იცის. ვის ვამასხარავებთ – ამომრჩეველს, მკითხველს თუ საკუთარ თავს, ბელადზე რომ არაფერი ვთქვათ? ცირკი შუაში კი არა თავშია, – არ დავთმე პოზიცია.

– მართალი ხარ, – ჩაეღიმა რედაქტორს და თანამშრომლებს მიუბრუნდა, – ებრაელი ექიმების ხსენება სულ ამოიღეთ და მასალის წაკითხვა ისწავლეთ!

აი, ასე – წინასაარჩევნო კრების რეპორტაჟი ყოველგვარი ცირკის გარეშე დაიბეჭდა.

 

დავით ბუზუკაშვილი

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი