შმერლინგის თბილისი
შმერლინგის თბილისი

განვლილი თბილისობის კონტექსტში ოსკარ შმერლინგი უნდა შეგახსენოთ: მე-19 საუკუნის თბილისელი მხატვარ-კარიკატურისტი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამოაზრე, იმ პერიოდის ქართული პერიოდიკის ზეაქტიური პერსონა. მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები გაჯერებული იყო შმერლინგის კარიკატურებით, შარჟებით, გრაფიკული თუ ფერწერული სატირით. იგი დაუნდობლად ამხელდა და ამათრახებდა იმდროინდელი საზოგადოების მავნე ჩვევებსა და მანკიერებებს.  სწორედ, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თითქოს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა თბილისელთა თვისებებსა და ყოფაქცევას – ქალაქის საზოგადოებრივ იმიჯს და ნებისმიერ ლაფსუსს მყისვე აღბეჭდავდა თავისი ბასრი, კრიტიკული ფუნჯით. მინდა შეგახსენოთ, თეთრი მარმარილოს ცნობილი სკულპტურული კომპოზიცია, სადაც ათლეტური შიშველი მამაკაცი, ანუ ბიბლიური სამსონი ორივე ხელით ლომს ხახას უგლეჯს. მამაჩემს ჰქონდა ფოტოასლი ერთ-ერთ ძველ გაზეთში გამოქვეყნებული შმერლინგის გრაფიკული კარიკატურისა, რომელზედაც, სკულპტურული კომპოზიციის ანალოგიით, მსუქანი შიშველი კაცი ორივე ხელით უზარმაზარ ვირთხას ხახას უგლეჯს. შმერლინგის კარიკატურაზე აღბეჭდილი შიშველი ზონზროხა კაცი მაშინდელი ქალაქის თავი (ანუ თბილისის მერი), გვარად ხატისოვი გახლდათ. ამგვარი პაროდირებით ოსკარ შმერლინგი ქალაქის თავს თბილისში გამფებული ანტისანიტარიისა და მომრავლებული ვირთხების გამო ამათრახებდა (კარიკატურას თან გალექსილი მწვავე ტექსტიც ახლდა). ოსკარ შმერლინგი იმ პერიოდის საგამომცემლო სეგმენტისთვის მეტად სასურველი და მოთხოვნადი ავტორი გახლდათ. თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე, პარლამენტის უკანა ფასადის მოპირდაპირე შენობაზე გაკრული მემორიალური დაფა დღესაც იუწყება, რომ ამ სახლში ცხოვრობდნენ მამა-შვილი ოსკარ და რენე შმერლინგები.

მიუხედავად გერმანული წარმომავლობისა, ოსკარ შმერლინგი თხემით-ტერფამდე თბილისელი გახლდათ. მამაჩემი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, დავით ბუზუკაშვილი ძველ ქართულ პერიოდიკას ათწლეულობის განმავლობაში იკვლევდა. გზადაგზა, სხვა დანარჩენთან ერთად, სადაც კი შმერლინგის კარიკატურას წააწყდებოდა, მოინიშნავდა. მერე კი ფოტოგრაფი მიჰყავდა და სურათებს აღებინებდა (მაშინ ხომ ქსეროქსი არ იყო). ასე დაუგროვდა შმერლინგის გრაფიკულ კარიკატურთა ფოტოპირების დიდი არქივი. იმ ძველი ჟურნალ-გაზეთების ქექვისას, არ ვიცი, სად გადააწყდა ინფორმაციას, რომ შმერლინგს ფერადი ნახატების მთელი სერია ჰქონია ძველი თბილისის ციკლში გაერთიანებული. ჰოდა, მამა ამ ციკლის ძებნას გულმოდგინედ შეუდგა. ძალიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ხარფუხში, იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში მიაკვლია. შმერლინგის იმ ქალაქური ეტიუდებიდან სასწრაფოდ 32 ფერადი ღია ბარათი სამახსოვრო კომპლექტის სახით 30000-იანი ტირაჟით გამოსცა ქართულ-რუსულ-გერმანულენოვანი ანოტაციით (გამომცემლობა „ხელოვნება“. თბილისი. 1983წ.). რედაქტორად საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი უჩა ჯაფარიძე მოიწვია. (სხვათა შორის, მამას დარჩა ამ ჩანახატების გამოუცემელი ფრაგმენტებიც). ეს ერთობ სახიერი, ფერადოვანი, მრავალმხრივი, შთამბეჭდავი ციკლის სიუჟეტური კადრები იმდროინდელი თბილისის მთლიან იმიჯს, თბილისურ კალეიდოსკოპს, ქალაქის სრულ პორტრეტს აღბეჭდავს და ასახავს. და რაც ყველაზე მთავარია – მასში დროა შენახული (საყოველთაოდ ცნობილი ბუკერის პრემიის მოსაპოვებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც ხომ ნაწარმოებში დროის შენახვაა), მაშინდელი თბილისური დრო: სივრცობრივი ხედები, ბუნება, გარე ფასადები და შიდა ინტერიერები, დიზაინი, სამომხმარებლო ნივთები, მოდური აქსესუარები, ჟანრული სცენები, პერსონაჟთა ტიპაჟები, თაობები, ადამიანური ხასიათები და განწყობები, მათი პლასტიკა და მანერები, მთელი თბილისური გარდერობი: ეთნოგრაფიული თუ მოდური ევროპული, აღმოსავლური და ქართული კოსტუმები, სამკაულები, საოჯახო ნივთები, ყოფითი საგნები, თბილისური პროფესიები და საქმიანობის სახეობები, საზოგადოებრივი აქტივობები. ერთი სიტყვით, მთელი ქალაქური სტილი თუ ყაიდა.

მოკლედ, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი. ანუ შმერლინგი თავისი ნახატებით თითქოს სარკეში ახედებდა მთელ სოციალურ სპექტრს: ჩინიანსა და უჩინოს, მდიდარსა და ღარიბს, ავსა და კარგს. აქ კი კარგი განწყობისთვის აუცილებლად უნდა გადმოვაციტირო მამას მიერ გამოცემული კომპლექტების ანოტაცია:

თბილისი ტრფიალი

„დაე ქართველი ერის ცხოვრება მუდამ იყოს მხიარული, ბედნიერი და ყოველმა ქართველმა იცინოს იმაზე, რაც სასაცილოა.

ვიყოთ მხიარულნი და ვიცინოთ!“ – ამ სურვილით დაამთავრა იუმორისტულ ჟურნალ „ტარტაროზში“ გამოქვეყნებული თავისი პატარა წერილი ცნობილმა მხატვარმა-კარიკატურისტმა ოსკარ შმერლინგმა. მართალია, იგი გერმანელი იყო, მაგრამ თავის სამშობლოდ საქართველო მიაჩნდა. ამიტომაც ეთაყვანებოდა ამ უმშვენიერეს მხარეს და მის დედაქალაქს.

თბილისი მისი უსაყვარლესი ქალაქი იყო, აქ დაიბადა 1863 წელს, აქ აიდგა ფეხი და აქვე ეზიარა მხატვრობის საიდუმლოებას. შემდეგ პეტერბურგი და იქაური სამხატვრო აკადემია, რომელიც ვერცხლის მედალზე დაამთავრა. იმოგზაურა ევროპაში, მაგრამ ვერ გაძლო და დაბრუნდა თბილისში, სადაც 40 წელიწადზე მეტ ხანს ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკას, ქალაქ თბილისს.

ამ კომპლექტში მოთავსებულ ღია ბარათებში, რომლებიც ოსკარ შმერლინგის მიერ იოსებ გრიშაშვილისათვის საჩუქრად მირთმეული ალბომიდან არის ამოკრეფილი, მჟღავნდება, რომ მათი ავტორი გამჭრიახი თვალით, ფერთა პოეტური შეგრძნებითა და ჯანსაღი იუმორით ასახავს ძველი თბილისის მკვიდრთა ყოფას.

ეს კოლორიტული ნახატები ფრიად მომღიმარი გრაფიკული ნოველებია“.

იყო დრო, როცა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი გადაცემებს შორის ჩანართებში ანუ ტელეშეფუთვაში აქტიურად იყენებდა სწორედ მამაჩემის მიერ გამომზეურებულ „შმერლინგის თბილისს“. ამასწინათ ვერცხლის ქუჩაზე ერთ-ერთი სასუვენირო ბუტიკის ვიტრინაში თვალი გამექცა შმერლინგის აღნიშნული ციკლის ღია ბარათზე. სასწრაფოდ შევედი, ცალობით გასაყიდი დაშლილი კომპლექტიდან პირველივე ბარათი ავიღე, მოვატრიალე და უკანა მხარეს ამოვიკითხე: „გამომცემელი ალიევა“. ის ბარათები უმალ გაიყიდა…

აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის ტრფიალი მამაჩემიც იყო, ნამდვილი ტრფიალი. უამრავ ცხოვრებისეულ გატაცებათა შორის, თბილისი ალბათ უმთავრესი იყო. მე და ჩემს დას ბავშვობაში ყოველ დასვენების დღეს აუცილებლად გვასეირნებდა ძველი თბილისის ქუჩებში. მიგვანიშნებდა შენობების ფასადებზე, აივნებზე, ჭიშკრებზე, კარებებზე, შევყავდით სადარბაზოებში, მარშებიან კიბეებზე დაგვატარებდა, მათთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა და შეგვაგონებდა: კარგად შეხედეთ და დაიმახსოვრეთ. ეს ყოველი შეიძლება მერე აღარ იყოს. დრომ თან წაიღოსო.

მახსოვს, დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სადარბაზოში კედლის დაზიანებულ მხატვრობას გვიჩვენებდა და გვითხრა: დღეს არავის სცალია ამ ნახატებისთვის, არც შესაბამისი სახსრები გააჩნია ქალაქს, მაგრამ ხომ შეიძლება სამხატვრო აკადემიის სარესტავრაციო ფაკულტეტის სტუდენტების მოწვევა. მათთვის ეს არაჩვეულებრივი „საწარმოო პრაქტიკა“ იქნება და სრულიად უანგაროდ, შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე გამოაცოცხლებენ აქაურობას კარგი პედაგოგის ხელმძღვანელობითო. ქალაქის თითოეულ დეტალს დაფოფინებდა. აფიქსირებდა, ინახავდა. ხშირად დავცქერი ხოლმე რომელიღაც გაზეთის ამონაჭრელს ციცქნა ინფორმაციით: „ბუნების საოცრება“. ამ ინფორმაციის წყარო ანუ ფოტოც მაქვს ბატონ ვალიკო გენგიურის გადაღებული. მასზე მამაჩემი მეტროსადგურ „ავლაბრის“ ქვედა ბაქნის „ისნისკენ“ შემავალი გვირაბის კედელთანაა გადაღებული. იმ კედლის მოსაპირკეთებელ მარმარილოს ფილაზე კი ბუნებრივ ლაქაში მამამ მეფისტოფელი პროფილში დალანდა. არც ეს დეტალი დაუკარგა ქალაქს და მაშინვე გაზეთში გააქანა. თბილისში ხეტიალიც ძალიან უყვარდა. თბილისელი ნაცნობ-მეგობრები ხშირად გვეუბნებოდნენ: სადაც უნდა მივდიოდეთ, დათიკო იქედან უკვე მომავალი წინ გვეგებებაო…

 

მარინა ბუზუკაშვილი

 

 

კომპლექტის ყდა
თქვენი სადღეგრძელო იყოს!
ქეიფი ხის ქვეშ
ქეიფიდან დაბრუნება
მეზურნეები
კინტაური
ცეკვა ქართული
მესტვირე
ქეიფი
მუშა რუმბით
მწვადები
მზითევი მოიტანეს
ოჯახური იდილია
გასეირნება
სააგარაკოდ გამგზავრება
ქალაქში დაბრუნება
ჭორიკნები
თავადური წყვილი
კოპწია იმერლები
ორი მოქალაქე
სოლოლაკელი ბურჟუა
შაითან ბაზარი (თათრის მოედანი)
საზამთროს გამყიდველი
კარგი ნახშირი
გაყიდეს ნახშირი
ხილის გამყიდველი
მეწვრილმანე
მემაწვნე
კინტო თაბახით
საჩაიეში
სადალაქოში
ხალიჩების რეკლამა

 

 

დატოვე კომენტარი