როკფელერი, თბილისური აბანო და... კორონა
როკფელერი, თბილისური აბანო და... კორონა

სათაურში აღნიშნულთა ურთიერთდაკავშირება თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ რაკი „ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა”, სათქმელს თანმიმდევრობით მივყვები, ოღონდ, ბოლოდან.

კორონავირუსის გამო, სხვა დანარჩენთან ერთად, აბანოთუბანში თბილისური გოგირდის აბანოებიც დაიხურა, თუმცა, საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის მოხსნის მიუხედავად, აბანოების გახსნას დღემდე საშველი არ დაადგა. მთავრობის ცხელ ხაზზე (144) ყოველი კვირის დასაწყისში ვრეკავ, მაგრამ, მორიგე ოპერატორების თქმით, აბანოების ამუშავება ჯერ არ იგეგმება. გახსნის სავარაუდო თარიღზეც კი არ აქვთ  ინფორმაცია.

აბანოთუბნის რვავე აბანო სათითაოდ მოვიარე, მაგრამ ამაოდ. ყველა მათგანში ყოველდღე ელიან ნებართვის გამცემ კომისიას, რისთვისაც საგანგებო თადარიგით მობილიზდნენ: თუკი რამ ხარვეზი ჰქონდათ, გამოასწორეს. სახელდახელო რემონტებითა და დასუფთავება-დალაგებით იქაურობა სრულ წესრიგში მოიყვანეს, უსაფრთხოების ნორმები გააძლიერებს, პანდემიის კონტექსტში სავალდებულო სადეზიფენქციო მარაგებიც მოიმარაგეს, მაგრამ…

ჩვენი დედაქალაქის დაარსება-სახელდების ლეგენდა სწორედ აბანოთუბნის თერმულ წყლებს და მეფე ვახტანგ გორგასლის ხოხობზე ნადირობას რომ უკავშირდება, ყველამ კარგად ვიცით. საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მიზნობრიობით იმ წყლების მოხმარების პრაქტიკამაც იმთავითვე აიღო სტარტი. მეისტორიენი იმასაც ამბობენ, რომ ჟამიანობის პერიოდებში (საილუსტრაციოდ, თუნდაც, მეფე ერეკლეს გარდაცვალების დროს შავი ჭირის მძვინვარებისას) დედაქალაქში შემომსვლელთა პრევენციული პროფილაქტიკისთვის გოგირდის წყლით აბანოში დაბანა სავალდებულო ყოფილა. ეს მართლაც ლოგიკურია, რადგან თავისთავად გოგირდი დეზინფექტორიც არის.

იმ კომუნისტური უძრაობის დროს თბილისური გოგირდის აბანოები მოუვლელი და მიუხედავი იყო. საერთო სარგებლობის საშხაპეებში დაბანა 17 კაპიკი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემა მოსახლეობას კეთილმოწყობილი უფასო საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფდა, მაინც მრავლად იყვნენ ოჯახები – ძირითადად ძველი უბნების კომუნალურ სახლებში მცხოვრებნი, რომელთაც ბინებში ინდივიდუალური სანიტარული კვანძები არ გააჩნდათ და მათთვის გოგირდის აბანოებით სარგებლობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ზოგადად ამ თემაზე საბჭოთა დროს საკავშირო „КВН”-ები („მანსანკანები”) ხუმრობდნენ: „ჩვენმა ქალაქმა მსოფლიო რეკორდი მოხსნადედამიწაზე ყველაზე დიდი საერთო აბანო ააშენაო”. ამ ხუმრობის „მარილს” კომფორტულ სერვისებზე ორიენტირებული უცხოელები ნამდვილად ვერ ჩაწვდებოდნენ, რადგან კოლექტიური ბანაობის სპეციფიკას ვერაფრით გაიგებდნენ.

70-იან წლებში იმხანად პოპულარული საერთაშორისო ფორუმის – „დორტმუნდის შეხვედრების” დელეგაცია თბილისს ეწვია. დელეგატთა შორის თვით ამერიკელი მეგამაგნატი როკფელერიც გახლდათ. პარალელურად ცოლ-შვილთან ერთად ედვარდ კენედიც ჩამოვიდა. სახელისუფლებო მენეჯმენტმა ესოდენ საპატიო სტუმართა დასაბინავებლად სასტუმროების ტრადიციული ფორმატი უარყო და მეტი ეგზო­ტი­კისთვის მაღალი რანგის ვიზიტორები თვალსაჩინო, წარჩინებულ თბილისურ ოჯახებში გაამწესა. ხომ წარმოგიდგენიათ იქ მათ როგორი „შიკით” უმასპინძლებდნენ.

ჩვენს ოჯახში ერთ-ერთ წვეულებაზე თამადად მყოფი იოსებ ნონეშვილის სახალისო მონაყოლით ახსოვდათ: იმ დორტმუნდელთა კომპანიიდან მისტერ როკფელერს თბილისური გოგირდის აბანოები გაგებული ჰქონია და, თუ ღმერთი გწამთ, ამ სიამოვნებას ნუ მომაკლებთო, უთხოვია მასპინძლებისთვის.

თავზარდაცემულ იმდროინდელ ქალაქის თავს, ბახვა ლობჟანიძეს, ერთი პირობა, კი გაუფიქრებია: ვთქვათ, იქაურობის დასუფთავება და მექისეებისთვის ფრაკების ჩაცმა მოვასწარი, მაგრამ  ჩაოხრებულ ინტერიერს რა ვუყოო? საბოლოოდ, მაინც არ დაბნეულა და სტუმრისთვის იქეთ მიუმადლებია:

– რაკი პატივისცემაა, ბარემ აბანო-მუზეუმში გაბანავებთ, სადაც მას შემდეგ, რაც ისტორიულად საპატიო სტუმრებს – დიუმასა და პუშკინს უბანავიათ, ხელს არაფერს ვახლებთ და არ ვარემონტებთ, იმდროინდელი სახით ვინარჩუნებთო.

გოგირდის აბანოში ნაბანავებ-ნაამებ როკფელერს თავი უზომოდ დავალებულად უგრძვნია. მის ისედაც შესაშურ ბედნიერებას საზღვარი აღარ ჰქონია და ნიუ-იორკში სულ ნეტარების „ფრთებით” გაფრენილა (სხვათა შორის, როკფელერს თუშური ხალიჩების შეძენაც უთხოვია და მისთვის ეს სურვილიც აუსრულებიათ).

მერე საბჭოთა წყობა დაიშალა. 90-იანებში აბანოები განკერძოვდა, ფასებმა 17 კაპიკიდან 1 ლარამდე და 1.50 ლარამდე აიწია. მიუხედავად ამისა, კლიენტურა მაინც არ მოკლებიათ. სეზონური ფაქტორის კვალობაზე, ზამთრობით გაცილებით მეტი მსურველი ჰყავდათ, გრძელ რიგებში მორჩილად რომ ელოდნენ თავიანთ ჯერს. აბანოს მეპატრონეები არც უფასო კლიენტებს ისტუმრებდნენ უარით. ამბობდნენ, რა ვქნათ, ზოგი დილით რომ შემოვა, საღამომდე არ მიდის, ძლივს გავთბითო. ჯარისკაცებსაც უფასოდ აბანავებდნენ. ოღონდ, იმას კი წუხდნენ, რატომღაც ყველაფერს აზიანებენ და დიდი ზარალი გვადგებაო.

როცა სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა, ზოგი აბანო (მაგალითად „ჭრელი”) მესაკუთრეებს ჩამოართვეს და ნაცკლასტერის ბობოლებს გადასცეს. მას აქეთ თბილისური აბანოები კლიენტთა სოციალური დიფე­რენ­ცირების პრინციპზე გადაეწყვნენ. ინტერიერები ევრორემონტებით დაამშვენეს, მომსახურების სერვისები დახვეწეს და ინდივიდუალური ნომრების ბილეთებს ცეცხლის ფასი დაადეს, რასაც მხოლოდ ელიტარული კლიენტები არ უფრთხოდნენ.

ტურისტულმა ბუმმა აბანოებზე მოთხოვნა გაზარდა და კლიენტები თავსაყრელად გაუჩინა. ფასებმაც ასტრონომიულ ნიშნებს აარტყა. ასე გადაიქცა თბილისელთა საბანაო ობიექტები სუპერნებივრობის სივრცეებად. ჩვეულებრივი დაბანის მსურველი კლიენტებისთვის კი მხოლოდ ორ აბანოს შერჩა საერთო საშხაპეები – „ნარიყალას” და „მირზოევისას”.

ამ საბედისწერო კორონამ აღნიშნული პოზიციებიც დახურა და დარჩა ხალხი დაუბანელი, მოუწყობელ სახლებში „ჩაინიკით” წუწაობის ამარა. ჭუჭყიან ქალაქს ჭუჭყიანი მოქალაქეები მოუმრავლდა, თებერვლის მერე რომ აღარ უბანავნიათ. ზემდგომ ინსტანციებში ან ვერ წარმოუდგენიათ, რომ მოქალაქეებს აბანო არა მხოლოდ სანებივროდ, დასაბანადაც რომ სჭირდებათ, ან არადა, აღნიშნული სოციუმი ანგარიშგასაწევად არ მიაჩნიათ. არა და, ამ პაპანაქება სიცხესა და ოფლში თვეობით დაუბანელ ადამიანებს დატილიანება, ან, სხვა თუ არაფერი, კანის გადამდებ ინფექციურ დაავადებათა ახალი ეპიდემიები რომ ემუქრებათ ფაქტია და თანაც ძალზე ჯიუტი.

ხომ გახსოვთ „ვერის უბნის მელოდიებში” გოგი გეგეჭკორის პროვიზორი დოდო აბაშიძის პოლიცმეისტერს რომ შეაშინებს: – უბანში ხალხი დატილიანდება და ბუნტი მოხდებაო.

სად ვეძებოთ მსგავსი გულშემატკივარი პროვიზორი?

ბუნტი კი… კი ბატონო, „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“, მაგრამ ელემენტალური სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ანუ ჩვეულებრივი დაბანვა როდემდე იყოს ტაბუირებული?!

 

მარინა ბუზუკაშვილი