როგორ გადავურჩი სამსახურიდან მოხსნას
როგორ გადავურჩი სამსახურიდან მოხსნას

ამ პუბლიკაციით მამა საქართველოს რადიოს უკანასკნელ ცნობათა რედაქტორობის დროინდელ ერთ ინციდენტს იგონებს.

საგულისხმოა, რომ ამბავი გასული საუკუნის 50-იან წლებს განეკუთვნება. ანუ იმ დროს, როცა ქვეყნის ერთადერთ საინფორმაციო არხზე (მაშინ ტელევიზია ჯერ კიდევ არ არსებობდა) მკაცრი ცენზურის შიშით თითოეულ სიტყვას ასჯერ წონიდნენ.

დღეს, როცა ჩვენი ყური უცენზურო ლექსიკას პრაქტიკულად მიჩვეულია; როცა უწმაწური გამოთქმები, ჩვეულებრივი ყოფის გარდა, ტელე და რადიო ეთერებიდანაც საკმაო დოზით ისმის, მამას მიერ მოთხრობილი ამბავი ერთგვარ მიამიტობად აღიქმება და სახალისოც კია:

მარინა ბუზუკაშვილი

დავით ბუზუკაშვილი

ამ ქვეყნად შეცდომა ვის არ დაუშვია. თავად შეცდომაც უამრავნაირი შეიძლება იყოს. მაგრამ ერთი ჩვეულებრივი კორექტურული შეცდომა ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში კინაღამ  ფასად დამიჯდა.

მაშინ რადიოს უკანასკნელ ცნობათა რედაქტორად ვმუშაობდი. საღამოს ცვლაში მორიგეობისას ღამისა და ადრიანი დილის გამოშვებებისათვის ახალ ამბებს ვარჩევდი, მნიშვნელობის მიხედვით ვახარისხებდი და დიქტორებს წინასწარ გასაცნობად ერთი საათით  ადრე ვაწვდიდი.

ერთ-ერთი მორიგეობისას ჩვენმა კორესპონდენტმა სოხუმიდან იმ დღეს იქ გამართული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სტენოგრაფისტს ტელეფონით გადმოსცა. ერთ საათში სტენოგრაფისტმა ჩამაბარა იმ საღამოს ტელეფონით მიღებული ინფორმაციები, რომელსაც  საქდესიდან (საქართველოს დეპეშათა სააგენტოდან) გამოგზავნილი ცნობებიც დავამატე, და, როგორც ღამის, ისე დილის საინფორმაციო გამოშვებებისათვის, მასალები დიქტორებს გადავეცი.

ღამის უკანასკნელ ცნობათა გამოშვებას რომ მოვუსმინე, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო: ტექნიკურ წუნს ადგილი არ ჰქონია, დიქტორებმაც ტექსტი უშეცდომოდ წაიკითხეს. ზუსტად გადაიცა სოხუმიდან მიღებული ინფორმაციაც.

ის იყო, შინ წასასვლელად მოვემზადე, რომ ტელეფონმა დარეკა.

– დიდი ბოდიში, ასე გვიან რომ გაწუხებთ, უკანასკნელი ცნობებია? – მკითხა უცნობმა ქალბატონმა.

– დიახ.

– ჩემი ხმა კარგად გესმით?

– დიახ.

– ჰოდა გაწყდით! ამოიჟუჟეთ, თქვე გათახსირებულებო! – და ყურმილი დაკიდა.

გავოცდი. ამ უცნაურმა რეაქციამ აშკარად დამაბნია, მაგრამ მიზეზი ვერ გავშიფრე. – ალბათ, ვიღაც გიჟი იყო, – გავიფიქრე და ისევ ტელეფონი აწკრიალდა:

–  ჩვენი ძმა, რადიოა? – მეკითხება მამაკაცი.

–  დიახ.

– თქვენთან მეგრელები მუშაობენ?

– რაა?

– თქვენთან მეგრელები მუშაობენ ? – კითხვა გამიმეორა უცნობმა.

– რაშია საქმე? – შევუბრუნე კითხვა.

– გეკითხები: მუშაობენ? – დაჟინებით ჩამეძია მამაკაცი.

– ვთქვათ, მუშაობენ, მერე რა?

– მითხარით, ვინ არიან?

– რატომ უნდა გითხრათ და, საერთოდ, რა გნებავთ?

– იმიტომ, რომ ინფორმაციებს არ კითხულობენ!

– წამკითხველის წარმოშობას ინფორმაციასთან რა კავშირი აქვს? – ვეკითხები გაკვირვებული. არადა, რედაქციაში მეგრელები ნამდვილად მუშაობდნენ: ამირან გაბისკირია და შალვა ჯიქია დღის საათებში მიღებულ ცნობებს კითხულობდნენ. სატელეფონო კორესპონდენციებზე პასუხისმგებლობა კი მე და მორიგე უფროს რედაქტორს გვეკისრებოდა. იმ დღეს ჩემთან ერთად მორიგე პოლიტიკურ გადაცემათა ხელმძღვანელი კოკი ეგუტია იყო. იგი საღამოს 9 საათის შემდეგ უნდა მოსულიყო. თუმცა, რვის ნახევარზე მოვიდა. სულ ხუთი წუთი დაჰყო და მერე ზუგდიდიდან ჩამოსულ მეგობრებს გაჰყვა რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის სანახავად. წასვლისას გამაფრთხილა:

– დათიკო, ჩვენი კორესპონდენტების მიერ გადმოცემულ ცნობებში რამე თუ ოდნავ მაინც საჭოჭმანოდ გეჩვენოს, არ გადასცეო.

თუმცა, ისევ ტელეფონის ზარს მივუბრუნდეთ, რადგან გაჯიუტებული რადიომსმენელი არ მეშვებოდა:

–  თქვენ სადაური ბრძანდებით?

– ზემო რაჭის დედაქალაქ ონიდან, – გავეხუმრე.

– ჰოდა, მაგაშია საქმე! თქვენი სოხუმელი კორესპონდენტის ინფორმაცია მეგრელს რომ გადაეკითხა, პიროვნების შეურაცხმყოფელ შეცდომას არ დაუშვებდით! – „არაკვალიფიციურობაში“ გამომიჭირა ჩემმა მოსაუბრემ და ყურმილი დაკიდა.

რადიოკომიტეტის ძველი ოფისი

მაინც რა ჯანდაბა გამეპარა ასეთი? ძალიან დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ გონებაში მაინც აღნიშნული კორესპონდენციის ტექსტის სტრიქონ-სტრიქონ გახსენება დავიწყე. თუმცა, ფიქრი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა. ყურმილი უხალისოდ ავიღე.

–  ალო, რადიოა?

– დიახ.

– მერე არ გრცხვენიათ? რასაა, რომ გადმოსცემთ: სოხუმის თეატრში თავი მოიყარა ფუჩუს უამრავმა თაყვანისმცემელმაო. რა გევიგონე ეს. ჩემი ბიჭების სირცხვილმა დამწვა. რა ისეთი მწერალია ვიღაცა ფუჩუ, მთელი სოხუმი რომ ფეხზე აუდგა? – და გაკაპასებულმა ქალმა ყურმილი დაახეთქა.

შვებით ამოვისუნთქე. რაც მთავარია, პოლიტიკური შეცდომის გამო არ რეკავდნენ. დიქტორების ოთახში სასწრაფოდ სოხუმიდან გადმოცემული კორესპონდენციის ტექსტი მოვძებნე. იუბილარი მწერალი ფუჩუ დგებუაძე-ფულარია აღმოჩნდა. ნაბეჭდ ფურცელზე, სწორედ, ასე ეწერა: ფუჩუ დგებუაძე-ფულარია.

მართალი გითხრათ, ასეთი მწერალი არც გამეგონა, მის შემოქმედებას არ ვიცნობდი. მით უმეტეს, არ ვიცოდი, რა უნდა რქმეოდა. თუმცა, ის კი ვიცოდი, მეგრელები სპეციფიური სახელებით რომ გამოირჩევიან.

ისევ ტელეფონი აწკრიალდა. გაბმული ზარით მივხვდი, რომ საქალაქთაშორისო ხაზით გვიკავშირდებოდნენ:

– დათიკო, გამარჯობა, სერგო ვარ, სოხუმელი კორესპონდენტი. ბიჭო ეს რა მიქენით? თავი მომეჭრა, სტენოგრაფისტი მანდ გდია?

– ამ შუაღამისას აქ რა უნდა? რა იყო, რა მოხდა?

– რაღა რა იყო, ბიჭო. სოხუმის ინტელეგენციამ არნახული შეხვედრა გაუმართა ფუცუ დგებუაძე-ფულარიას, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაყარა თქვენმა რადიომ: თეატრიდან ყველანი ბანკეტზე წავედით. მთელი უფროსობა იქ იყო. ზღაპრული სუფრა ჰქონდათ გაშლილი. თავის მოსაწონებლად და ქეიფის აპოთეოზად ჩაფიქრებული მქონდა თბილისიდან ჩემი ინფორმაციის ჩართვა. ამიტომ სუფრის თავსა და ბოლოში ხმის გასაძლიერებლად დინამიკები ჩავდგი. დრო, რომ მოვიდა, შევძახე:

– დაიწყო, დაიწყო-მეთქი, – რადიოს ბოლომდე ავუწიე და გაისმა:

„დღეს სოხუმის თეატრში თავი მოიყარა ფუჩუს უამრავმა თაყვანისმცემელმაო“. მე ხომ გავშეშდი, მაგრამ სუფრაზე ისეთი ხარხარი ატყდა, ყველაფერი აირია. კაცების ხორხოცზე ატირებული ფუცუ გარეთ გავარდა. არადა, აქაურობის კუმირია. სოხუმში ფუცუს გვარი ისევე არ სჭირდება, როგორც ილიას და აკაკის მთელ საქართველოში. მოგვეჭრა თავი ორივეს, ქეიფი ჩაგვშხამდა. ბიჭო, შენ მაინც ვერ ჩახედე კორექტურას?

– თქვენც კიდე, რა!  Каждый размышляет по мере своей испорченности! ტექსტი კი წავიკითხე, მაგრამ ვიფიქრე, რომ მართლა ფუჩუ ერქვა და თავიდან ხომ ვერ მოვნათლავდი. ჯანდაბა! დილის თათბირზე ერთი ამბავი ატყდება. რა ვქნა, ვინმე მაინც იყოს, ტექსტი რომ უშეცდომოდ გადაბეჭდოს. კარგი, კარგად იყავი, – სასწრაფოდ დავემშვიდობე.

ფუცუ დგებუაძე

მეზობლის ტელეფონით ოჯახი გავაფრთხილე, დამაგვიანდება-მეთქი და ჩემს ცხოვრებაში პირველად საბეჭდ მანქანას მივუჯექი. ცალი თითით ტექსტი დიდი ჯახირით ძლივს გადავბეჭდე, თან იმაზე ვფიქრობდი, იმ საიუბილეო საღამოს თბილისიდან წარმომადგენელი თუ ესწრებოდა, აუცილებლად დაურეკავდა რადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, – რაებს მიჰქარავთო!

დილით სამსახურში თათბირის დაწყებამდე მივედი: არავინ არაფერს მეუბნება. ჩვეულებრივი მისალმება, ღიმილი, მოკითხვა, შეხუმრებები. ვეძებ მორიგე მომხსენებელს, ორშაბათობით მთელი კვირის განმავლობაში გადაცემულ მასალებს რომ მიმოიხილავდა და უცებ დერეფანში შევეჩეხე. ის თურმე მე მეძებდა:

– დათიკო, გუშინ უნივერსიტეტის მეგობრებს შეხვედრა გვქონდა, ვიქეიფეთ და ღამის ეთერი არ მომისმენია. მითხარი რა ხდებოდა, „უკანასკნელმა ცნობებმა“ როგორ ჩაიარაო.

– რას ამბობ, ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, ტელეფონი არ გაჩერებულა-მეთქი.

მომხსენებელმა ჩვეულებრივ, მიმოიხილა მთელი კვირის პროგრამა. განსაკუთრებული  ყურადღება „უკანასკნელ ცნობათა“ წინა ღამის გამოშვებაზე გაამახვილა და აქო და აქო ჩემი მუშაობა. მოკლედ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მე კი, რამდენი ვინერვიულე, – სამსახურიდან მომხსნიან-მეთქი!.

 

დავით ბუზუკაშვილი