ქართველი მუზები
ქართველი მუზები
მელიტა ჩოლოყაშვილი

სამწუხაროდ, მამას საარქივო მასალებში ვერაფერი ვიპოვე მელიტა ჩოლოყაშვილის – ტიციან ტაბიძის მუზის – შესახებ (ეტყობა, ჩვენი სახლის ნგრევას და ხანძარს შეეწირა). არადა, ვიცი, რომ ამ ულამაზესი ქალბატონის შესახებ მას მეტად საინტერესო ცნობები ჰქონდა მიკვლეული. ამჯერად გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს მამას მიერ იოსებ გრიშაშვილის შესახებ გამოსაცემი წიგნიდან, რომელიც პოეტის მუზას, თბილისის იმდროინდელ მშვენებას, სოფიო (სონა) ჩიჯავაძეს ეხება. აქვე ვაქვეყნებ მის ფოტოსაც, რომელიც გრიშაშვილის სახლ-მუზეუმშია დაცული და რომელზედაც ქვემოთ მოყვანილ ფრაგმენტში მამა ყურადღებას ამახვილებს:

 მარინა ბუზუკაშვილი

 

 

თვით სიკვდილსაც კი ხელს გავუწვდი შენს გასახარად

სოფიო ჩიჯავაძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების წევრის, ემიგრაციაში გადახვეწილი სპირიდონ კედიას მეუღლე იყო (სპირიდონ კედია ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიძა გახლდათ). ამ მეტად ამაყ, ლამაზ, ინტელიგენტ ქალბატონს განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. თბილისში იგი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 30-იან წლებში სოფიო ჩიჯავაძე მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ – პარიზს გაემგზავრა.

სპირიდონ კედიას ნათლულისა და სოფიო ჩიჯავაძის ყოფილი მოწაფის, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩიხლაძის წერილი – „პარიზის უხუცესი მოქალაქე“ – უცხოეთში მოღვაწე ამ ქართველი ქალის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის:

სოფიო ჩიჯავაძე წერილებს და თარგმნებს ბეჭდავდა საფრანგეთის პრესაში, რითაც დიდი სახელი მოუპოვებია. პარიზის ქართულ-ევროპულ ინსტიტუტს მხცოვანი ქალბატონი პრემიითაც დაუჯილდოვებია. მანამდე კი პარიზის მერს 100 წლის სოფიოსათვის პარიზის უხუცესი მოქალაქის წოდება, საგანგებო მედალი და დიპლომი გადაუცია. 100 წლის სოფიო ჩიჯავაძეს თავის ერთადერთ ქალიშვილთან, თეოსთან, უცხოვრია.

მე-20 საუკუნის 20-იან წლების თბილისის მშვენება, ულამაზესი სოფიო ჩიჯავაძე ახალგაზრდა იოსებ გრიშაშვილის სატრფიალო ლირიკის შთაგონება გახლდათ. ნინო ჩიხლაძე იგონებს:

„პოეტი ისე გაიტაცა სოფიო ჩიჯავაძემ, რომ თავის გარშემო აღარავის ამჩნევდა. ყოველ სისხამ დილას ფოსტალიონს ახალ-ახალი ლექსები მიჰქონდა მასთან სახლში“.

იოსებ გრიშაშვილმა სოფიო ჩიჯავაძეს არაერთი ლექსი მიუძღვნა. პოეტის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულია სოფიოს ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოსურათი. ფოტოს ქვემოთ კი პოეტის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსის ხელნაწერი სტრიქონებია:

„რა კარგი ხარ,რა კარგი,

კოხტა, ცისფერ-თვალება,

თმებზე ღამე გიცინის, ღაწვზე –

დღის ბრწყინვალება.

რა კარგი ხარ, რა კარგი!

შუშპარა და მჩქეფარე,

როცა მოვკვდე გენაცვა,

ძეგლად გადამეფარე!“

 

არანაკლებ მომხიბლავია სოფიოსადმი მიძღვნილი სხვა სტროფიც:

„მე შენ გაგხადე სალოცავ ხატად, ხალხი ჩვენს სახელს ცის

მადლს ასხურებს,

მე სიყვარულმა შემქმნა პოეტად,

და სიყვარული გამანადგურებს“.

სათაყვანებელი ქალისადმი იოსებ გრიშაშვილს არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი. გთავაზობთ ფრაგმენტებს იმ სატრფიალო ბარათებიდან, ჩემ მიერ გამოსაცემი წიგნისათვის რომ შევარჩიე:

„იცი, მე ასე მგონია, რომ ლამაზი ქალი კარგი ხასიათისა არ იქნება. ის სულ თავის თავის ფარეზშია, კეკლუცობს, ირხევა, იმრიზება, რომ მსხვერპლს თავი მოაწონოს. მაგრამ შენ კი სულ სხვა ხარ. არ ვიცი, ბუნებას ყოველისფერი შენთვის მოუცია და თავის უხვი კალთა შენს ნიჭისათვის დაუფერთხია“.

სოსო

„აღარ ვეტრფი არავის, გაგიცანი თუ არა, ვსთქვი: –  ჩემი გული სამგოსნო ტახტია და ამ ტახტზე მხოლოდ სოფიო უნდა დავსვა მზიურ დედოფლად-მეთქი. როგორც ზღვის ფსკერიდან ფერად-ფერადი ქვები არ გამოილევა, ისე ჩემი გულიდან არ  გამოილევა შენს საქებრად სამგოსნო შაირები. მე ისე ვარ შენი სიყვარულით გატაცებული, ისეთი სიყვარულით გცემ პატივს, რომ თვით სიკვდილსაც კი ხელს გავუწვდი შენს გასახარად“.

სოსო

„ქალბატონო სონა!

დიდი ბოდიში, რომ კვლავ ბარათით მოგაგონთ ჩემი არსებობა. საქმე ის არის, რომ თქვენი ნახვა მინდა! რამდენჯერმე დავაპირე მოსვლა, თითქმის მოვედი კიდეც, მაგრამ ყოველთვის წინ ამეზუტებოდა თქვენი სიტყვები:

– მე მწყინს, რომ აგრე თავს იმცირებს ჩემს წინაშეო! და მეც გემორჩილებოდით. შორეულ სიახლოვეს ვრჩებოდი, ჩემო…

სოსო

„მინდა კენტად გნახოთ, ვიდრე თქვენს გულში საჯარო ვაჭრობა არ დაწყებულა…

მე კი ჩემი გული შენ მოგეცი გირაოდ და ვიდრე არ შემიყვარებ, არ გამოვიხსნი მას.

სარგებლად კი ჩემი ტანჯვაც გეყოფა!

მოვალ, ხომ, სონა?… მიმიღებ, ხომ, სონა? შენს მზეს ვფიცავარ, სიყვარულს არ გთხოვ!… ნუ დამემალები – მიმიღე. როცა მე ზარს დავრეკავ, ნუ ეტყვი აჩიკოს:

–  „თუ გრიშაშვილი იყოს, უთხარი, რომ სახლში არა ვარ!…“

რა ვიცი!… რა ვიცი!… შეიძლება, უკანასკნელიც კი იყოს ეს ნახვა, რა ვიცი… რა ვიცი…

ი. გრიშ…

წარწერა კონვერტზე:

ცაცა:

გეთაყვა, სონას გადაეცი ეს ჩემი დამჭკნარი სიტყვები.

იოსებ გრიშაშვილი

სოფიო ჩიჯავაძის ზემოაღნიშნულ და აქ წარმოდგენილ ფოტოს გრიშაშვილის ქართულ-რუსული „ტრანსპარანტი“ ამშვენებს:

„სონა ჩიჯავაძე

ჩემი საუკეთესო ლექსები ამას ეკუთვნის“.

 

„СОНА ЧИДЖАВАДЗЕ

МОИ ЛУЧШИЕ СТИХИ

ПРЕНАДЛЕЖАТ ЕЙ“

 

დავით ბუზუკაშვილი