მოგონებები მომავალზე
მოგონებები მომავალზე

ამ პარადოქსალურ სათაურს ერთ დროს მეტად პოპულარულ დოკუმენტურ ფილმს დავესესხე და თუ რატომ, წერილის ბოლოს განვმარტავ. ყურადღებას კი ამჯერად არზაყან იგივე დიმიტრი ემუხვარის უცნობ პერსონაზე შევაჩერებ. Youtube-ზე ვნახე სტუდია „ავტოგრაფის“ გრიფით შექმნილი ტკივილამდე სულისშემძვრელი დოკუმენტური ფილმი „უდროობის გმირი“, რომელიც სწორედ არზაყან ემუხვარს ეძღვნება. ფილმის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი ზვიად მიქელაძე. ეს დოკუმენტური ფილმი-პორტრეტი ქრონომეტრაჟით მხატვრული ფილმის მოცულობისაა. მიუხედავად ამისა, სრულად მაინც ვერ დაიტია მთელი მასალა, ფილმის შემქმნელებს არზაყან ემუხვარის ნაკვალევის ძიებისას საქართველოში, სტამბულში, პრაღასა და პარიზში რომ დაუგროვდათ.

არზაყან ემუხვარი იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია. მაგრამ ხომ გახსოვთ შექსპირის პასაჟი 66-ე სონეტიდან: „ … რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ“. ამიტომაც იყო იგი გასაბჭოებას შეწირული ქართველ-აფხაზი პატრიოტი. მოვლენათა განვითარებამ დღეს პატრიოტის ცნება ძველმოდურ მაღალფარდოვნებად მოიაზრა, გაახუნა და თითქოს არასაჭიროდ აქცია. არადა, ის კაცი, ყოველგვარი კონიუნქტურის ჯინაზე, პატრიოტი ყოფილა. საუბედუროდ, მისმა განწირულმა სულისკვეთებამ ცუდად ჩაიარა და ის პოლიტიკური კოშმარი ჩვენს თანადროულ რეალობაში ახალ წრეზე დატრიალდა – გამოუვალ, მოჯადოებულ წრეზე. მაშინდელი ტრაგედია ყოველგვარი ფარსის გარეშე კიდევ უფრო ტრაგიკულად განმეორდა. ამიტომაც არის „უდროობის გმირი“ დღეს ერთიორად აქტუალური, ფილმის ნახვა კი აუცილებელი იმავე პოლიტიკოსებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ნებისმიერი მაყურებლისთვის.

ადამიანს ჩვეულებრივი ბედის გარდა, თურმე, პოლიტიკური ბედიც უნდა დაჰყვეს – რაგვარ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდება, ესეც ბედისწერა ყოფილა. არზაყან ემუხვარის ბედ-იღბალი პოლიტიკამ მოინელა. აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქვეყნო საქმისთვის ამაოდ  დაშვრა. ბოლოს კი, რადგან, როგორც გალაქტიონი იტყოდა, „დრო ეუარესა“,  უკუღმართი დროებით იძულებული, ნოე ჟორდანიას მთავრობას ემიგრაციაში ცოლ-შვილის გარეშე გაჰყვა. საქვეყნო საქმისათვის თავი არც უცხოეთში დაუზოგავს, მაგრამ… დღეს იგი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს. კომუნისტებმა მის ცოლ-შვილს აქ არასაიმედო ოჯახის იარლიყი მიაკერეს, რამაც უფროსი ვაჟი აიძულა დედისთვის მამასთან მიმოწერა აეკრძალა. უპასუხოდ დარჩენილ თავზარდაცემულ არზაყანს სამშობლოში ჩარჩენილი ოჯახის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია დაეხშო! და კიდევ: არზაყან ემუხვარი კონსტანტინე გამსახურდიამ „მთვარის მოტაცებაში“ თარაშ ემხვარის პროტოტიპად აქცია (ფილმში მწერლის წერილიც არის მოხმობილი, არზაყანის ვაჟისადმი მიწერილი). თუმცა, დევნილი პროტოტიპის პოლიტიკურმა ბედმა არც თავად რომანი დაინდო, რასაც პოლიტიკურად მიუღებელი ტექსტის გასაკრეჭად ლავრენტი ბერიას მიერ ხელმოწერილი განკარგულება ცხადყოფს.

ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს – ამბობს არმან სული. ფრანგი პოეტის ეს ნათქვამი სწორედ ფილმის მთავარ გმირზეა ზედგამოჭრილი. თუმცა, ფილმის მთავარი პერსონაჟი არამარტო არზაყან ემუხვარია. სათაურიდან („უდროობის გმირი“) გამომდინარე, კიდევ ერთი მთავარი გმირი (ან იქნებ ანტიგმირი!), რაოდენ პარადოქსადაც უნდა გეჩვენოთ, თავად დროა – უდროობით შედედებული დრო. და აქ უდროობის დეფინიციამ ინგმარ ბერგმანის გენიალური „მარწყვის მდელოდან“ შემზარავი კადრი გამახსენა: ქუჩის საათის ისრებმომძვრალი ციფერბლატი! ასოციაციათა რიგში აქვე ერთგვარი უნისონით ჩადგა გალაკტიონისეული მოწოდება (დრო, დრო აღნიშნე!) და ცნობილი ჩინური წყევლა (საინტერესო დროში გეცხოვროსო). მავან ბრძენს ისიც უთქვამს, ჩემი ყველაზე დიდი მტერი დროაო. ამ ნააზრევთა  მიქსმა თითქოს ერთბაშად იფეთქა არზაყან ემუხვარის ცხოვრებაში: მისი ძალისხმევა დაკარგულ დროდ დააკვალიფიცირა და დროთა კავშირიც დაარღვია, გაწყვიტა. სერგეი ეიზეინშტეინის აზრით, დაკარგული დროის ძიება „მეოცე საუკუნის პერსონაჟთა ცენტრალურ დრამად იქცა“. ამ თემას რობერტო როსელინიც გამოეხმაურა და დაკარგული დროის ძიება კაცობრიობის ისტორიის დედააზრად გამოაცხადა. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ დროის პრობლემისადმი ინტერესის ზრდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებს დაემთხვა.

ასეა თუ ისე, არზაყან ემუხვარისთვის ესოდენ ტრაგიკული დროის ვაკუუმი თუ პერსონალური უდროობა ფილმში (და არამარტო ფილმში – რეალურადაც) ეპოქისათვის მეტად მძაფრი და მშფოთვარე დრო გამოდგა – ლამის ფარენჰეიტის შკალით ფილოსოფიურ შედედებამდე მიმყვანი მდუღარე დრო, ყალყზე შემდგარი და დასანგრევად შეტორტმანებული პოლიტიკური დროება. ჯერ  კიდევ ანტიკურ ეპოქაში პლატონი დროს „მარადისობის მოძრავ ხატად განმარტავდა“. ამავე კონტექსტში კონსტანტინე გამსახურდია საათის შემქმნელს უდიდეს ცინიკოსს უწოდებდა და ჩიოდა:  დაცოცავს ორი პაწია ისარი წრეზე და ზომავსო მარადისობას (ანუ კიდევ ერთი პარალელი ბერგმანისეული საკულტო ფილმის უისრებო ციფერბლატთან). ან იქნებ სულაც შემზარავი კომიზმი ვუწოდოთ პაწია ისრების კოლოსალურ შრომას, რაკი წარსულსა და მომავალს შორის მხოლოდ წამია აწმყო: წამის უკან მომხდარი უკვე წარსულია, წამის მერე მოსახდენი კი მომავალი. თავად წამის გრამატიკული ფუძე (წამ) კი თითქოს სამივე დროის (არსული, წმყო, ომავალი) აბრევიატურაც არის, რაც ერთდროულად დროის მეტაფორა თუ დროისავე ანატომიაც გახლავთ.

ყოველივე აღნიშნული არც ეტიუდია დროზე და არც ფილოსოფიური გათამაშება დრო-ჟამის პროტრეტთან. დრო პრობლემაა და ადამიანის ფიქრი ასე თუ ისე ყველგან და ყოველთვის მუდმივად თავს დასტრიალებს. დროდადრო მასთან კონფლიქტი ანუ კალენდართან კონფლიქტი არათუ ადამიანს, ეპოქასაც ინელებს. ისე, ეპოქაც დროა და  ასეთ დროს ქრონოსი საკუთარ თავსაც ჭამს! აქ კი უთუოდ უნდა ვენდოთ ბერტრან რასელს ან ჰანს რეიხენბახს იმთავითვე რომ გვაფრთხილებდნენ: დროის პრობლემა ნებისმიერ მოაზროვნეს დააბნევსო და რომ დროის პრობლემა ყოველთვის ჩიხში აქცევსო ადამიანის გონებას!..

შეგონებები შეგონებებად, მაგრამ ყოველი დრო და ყოველი კონკრეტული შემთხვევა  ალბათ მაინც ინდივიდუალურ, თავისებურ მიდგომას და შეფასებას საჭიროებს. მათ შორის, არზაყან ემუხვარი და მისი ეპოქაც. და ეს ამ ფილმის ყოველ კონკრეტულ მნახველს წინ ელოდება. მე კი აუცილებლად უნდა შევჩერდე ფილმის შემქმნელებზე – ნინო ხოფერიასა და ზვიად მიქელაძეზე. მათი ერთობლივი შემოქმედებითი ძალისხმევა ყოველთვის ხარისხის გარანტიაა. ეს ის იშვიათი და ბედნიერი შემთხვევაა, როცა ძნელია გამიჯნო სად იწყება ან მთავრდება ავტორი, რეჟისორი თუ ოპერატორი, იმდენად ორგანულ, განუყოფელ მთლიანობას გვთავაზობენ. ფილმის პარტიტურა მდიდარია. გამომსახველობითი საშუალებანი ანუ, არისტოტელეს ენით – პოეტიკა, რითაც ავტორები ოპერირებენ, მძაფრი ინტენსივობით გამოირჩევა იქნება ეს შავ-თეთრი, ფერადი თუ „დაჟანგული“ კადრირება, კინოქრონიკის რეპლიკები, ძველი პერიოდიკის ციტირება, საარქივო დოკუმენტაციის, ეპისტოლარული ჩანართების, პრინციპული აქცენტების ნაირგვარი ვარირება. ეს გახლავთ აგრეთვე ძველ სახეთა გალერეით (არისტოკრატებიდან პროლეტარებამდე, ჯგუფური მიზანსცენებიდან პერსონალურ პორტრეტებამდე), კოსტუმის დრამატურგიით წარმოჩენილი დროის დინამიკის, ექსპერტთა კომენტარების, შთამომავალთა მოგონებების, პანორამული ხედებისა თუ ლოკალური ინტერიერების ეფექტური მონაცვლეობა. აუცილებლად ხაზგასასმელია ვიზუალის კულტურა, კადრის ესთეტიკა (თუნდაც, კადრისავე მკვეთრი კუთხური ბრუნი რად ღირს!). განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო „ფენოვანი“ კადრები, ანუ როცა ერთბაშად ერთმანეთზე სამი პლანია წაფენილი. და კიდევ: ფილმის სპეციფიკური ლეიტმოტივია შავ-თეთრ კადრში თითქოს დროის ქარტეხილით მოფრიალე ნატყვიარი ჯვალო – ეპოქის „ტაქიკარდიული“ პულსის სიმბოლო. ყველა ღირსებასთან ერთად, ეს ფილმი ლამაზიც არის და ზვიად მიქელაძის ოპერატორული ნამუშევარი უპირობოდ იმსახურებს ნებისმიერ პრესტიჟულ ჯილდოს.

ვაჰ, დრონი, დრონი!..

ნინო ხოფერია მისივე საავტორო სტუდია „ავტოგრაფში“ დღეს ერთიმეორეზე უკეთეს ქმნილებებს გვთავაზობს: ძირითადად, წარსულის მნიშვნელოვან თემებზე და თან მომავალი თაობებისთვისაც. დროთა ამგვარად სამგანზომილებიანი, სპეციფიკური და თავისებური „სამი დე“ (ერთგვარი 3D) შემოქმედებითი პროდუქცია მაყურებელს სულში მართლაც სამახსოვრო ავტოგრაფებს უტოვებს, რადგან ნინო, როგორც პროფესიონალი, – არ ვაჭარბებ, – თავად არის მარკა, გრიფი და ბრენდი.  მისი სატელევიზიო ციკლები – „დროის ჩანაწერები“, „ქართული ალბომი“, „ღია აუდიტორია“, „ვერნისაჟი“, „შეხვედრა პერსონაჟებთან“, „მემორია“ – რეზონანსული პროექტებია და ამ ისედაც მძიმე ცხოვრებაში ტოტალური ბატალიებით გადაღლილ მაყურებელს ერთგვარ სულიერ ოაზისებად ეგულება. მაღალი პროფესიული კულტურით, ხარისხითა და დახვეწილი გემოვნებით შექმნილ მის ნამუშევრებში კონიუნქტურულობის ნატამალიც არ არის და ყოველთვის ღირებული, ორიგინალური და საინტერესოა – მაყურებელს რომ გაგიტაცებს, ისეთი. კინოთეატრ „რუსთაველში“ სრული ანშლაგით ჩატარდა მისი ფილმის პრემიერა, რომელიც საფრანგეთსა და ამერიკაში „ქართველ მოდილიანად“ აღიარებული სიმონიკა დადიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. აქ საგანგებოდ ხაზგასასმელია, რომ ნინოს წვლილი არამარტო ფილმის ავტორობაშია, არამედ თავდაუზოგავ მცდელობაშიც, რომ სიმონიკას ბრწყინვალე ნამუშევრები საქართველოში ჩამოეტანა. ტელეციკლი „ღია აუდიტორია“, როგორც ქართული სალექციო სეგმენტის ერთგვარი მატიანე, ჩვენი თანამედროვეობის რჩეულ აკადემიურ კადრთა საინტერესო ლექციების სატელევიზიო ვერსიებია.

– ადრე, რომ ამგვარი ციკლი ყოფილიყო, ჩვენს ახალგაზრდობას ხომ შემოენახებოდა ერეკლე ტატიშვილის, მიხეილ კვესელავას ანდა წარსულის სხვა რომელიმე ბრწყინვალე ორატორის გამოსვლებიო, – წუხს ნინო. „ქართული ალბომი“ ჩვენი წარსულის რჩეული ოჯახებისა და საგვარეულოთა ბიოგრაფიული რეესტრია და ძველი დროის შენახვის მოტივაციით შთაგონებული ციკლი (სხვათა შორის, საქვეყნოდ განთქმული ბუკერის პრემიის მოსაპოვებლად ერთ-ერთი მთავარი პირობა ნომინანტ ნაწარმოებში სწორედ დროის შენახვაც არის). ნინოს დამსახურებაა აგრეთვე იმ წინაპართა შთამომავლებთან არსებული მემორიალური ნივთებითა და ფოტოილუსტრაციით ბრწყინვალე ვერნისაჟების გამართვა, ბაბო დადიანის მემორალური მუზეუმის მოწყობა, თავისივე სატელევიზიო სეზონების რეტროსპექტიული საჯარო განხილვები. ციკლი „დროის ჩანაწერები“ კი წარსულისა და აწმყოს ინტელექტუალური ანალიზის „ლაბორატორიაა“.

ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების თაობაზე. მაგრამ არაფერი ვიცოდით იმავე თურქეთში, ისტორიული კოლა – არტაანის 3500-მდე ქართულ ძეგლზე, რომელთა კვალსაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურ ექსპედიციასთან ერთად ნინო ხოფერია და ზვიად მიქელაძეც გაჰყვნენ. ამ ძეგლთა უმრავლესობა განადგურებულია და ქვების გროვებად არის ქცეული. სწორედ ამ ქვათა ღაღადს აღწერს ნინო ხოფერიას ფილმი. „ჟამი არს ქვათა დაფანტვისა და ჟამი არს ქვათა შეგროვებისა“ – გვმოძღვრავს ეკლესიასტე და  ეს ამ ფილმის კონცეპტუალური თეზაა. დაფანტულ ქართულ ძეგლთა ქვებს, სამწუხაროდ, ვერც დავით კურაპალატის ქვა გადაურჩა – რომელიღაც თურქს სამშენებლოდ გამოუყენებია! ამ თავზარდამცემი ინფორმაციით გაოგნებულ სტუდენტურ სახეთა შემხედვარეს ჩაკლული სულის ცნება როგორ არ გაგახსენდეს! არსებობს ალბათ ცოდვის ლოგიკა ან უფრო ზუსტად – უსამართლობის ლოგიკა (თუმცა, თავად ცოდვაც არ არის მართალი აქტი). ფილმში ისტორიული კოლა-არტაანის უზარმაზარი სივრცეები – საქართველოს ყოფილი თვალუწვდენელი სანახები სრულიად აუთვისებელია და თითქოს კვლავაც იმ წარსულ, ისტორიულ დროშია ჩარჩენილი. ყოველ შემთხვევაში, იქ თანამედროვე ცივილიზაციის ნატამალი, ურბანულობის კვალიც კი არ იგრძნობა. ადამიანები, ძირითადად, კვლავაც მიწურებში, პირველყოფილი მოუწყობელი ყოფით ცხოვრობენ. გადამღები ჯგუფი კურაპალატის ქვის ძიებისას თურქულ ქორწილშიც კი აღმოჩნდა. უყურებ მექორწილე წყვილის გაბედნიერების კადრებს და ფიქრობ – ამ ჩამორჩენილ, უფერულ და უსიხარულო ცხოვრებაში რა პერსპექტივა აქვს მათ მიერ შექმნილ ოჯახს, რას მიაღწევენ? რისთვის და რატომ ცდება ამ თვალშეუდგამი ძველი ქართული  ტერიტორიების დასამარებული პოტენციალი? რატომ გაჩერებულა დრო?..

მოკლედ, წერილი ვრცელი გამომივიდა, მაგრამ როცა პროფესიონალები სულსა და გულს დებენ თავიანთ საქმეში და თავს არ ზოგავენ, შეფასებას და დაფასებას ნამდვილად იმსახურებენ.

და ბოლოს, ამ წერილის სათაურის („მოგონებები მომავალზე“) შესახებ, რომელიც პარადოქსულობის ნიშნით შევარჩიე. პარადოქსულობა კი სათაურშივე გაწერილ დროთა პოლარულ ამპლიტუდაშია: რას წარმოიდგენდა ფილმისეული მოგონებების გმირი არზაყან ემუხვარი მაშინ, რომ მისი ის ამაო ძალისხმევა მომავალში ანუ დღეს კვლავაც უგამოსავლო კონტექსტში, ამაოების მორევში ჩაიძირებოდა?!

 

 

მარინა ბუზუკაშვილი