მოგონებანი გარდასულ დღეთა
მოგონებანი გარდასულ დღეთა

მამაჩემის არქივის ეს ფრაგმენტები ქართველ მოღვაწეთა მოგონებებია. ამ ბიოგრაფიულ პასაჟებს მხოლოდ მემუარული მნიშვნელობა როდი აქვთ. ისინი სადღეისოდ საგულისხმო პარალელებსაც წარმოაჩენენ. საილუსტრაციოდ, თუნდაც ის რად ღირს, რომ დღევანდელობის მსგავსად, ქალაქის თავს, თურმე, მაშინაც შეეძლო, „უპარდონოდ“, დაეხურა ვაჭართა კლუბი და იქვე ერთპიროვნულად გაეფეშქაშებინა.

ამ ჩვენს გაავებისა და გაუტანლობის ატმოსფეროში, ალბათ, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ ჩვენი კულტურული წარსულის თვალსაჩინო პერსონებს და იმ სანუგეშო რეალობას, რომ თავადაც გაჭირვებულ ჩვენს წინაპრებს მაინც ერთმანეთის თანადგომით გაჰქონდათ თავი. ცხოვრება კი, მიუხედავად პოლიტიკური წნეხისა, ისევე, როგორც დღეს, მაშინაც გრძელდებოდა: კიდევაც ქეიფობდნენ, სტუმარსაც მასპინძლობდნენ, იარაღსაც ატრიალებდნენ და ერთმანეთსაც ეოხუნჯებოდნენ.

 

მარინა ბუზუკაშვილი

 

 

ტიციან ტაბიძის მეუღლე, ნინო ტაბიძე იხსენებს:

„ – ჩემი ქორწილის ამბები უნდა გიამბოთ, ვინაიდან პაოლოს ავთანდილობა აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა“.

აი უკვე დანიშნულია დღე. სამწუხაროდ, ნეფე – ტიციანი მაინცდამაინც იმ დღეებში გახდა ცუდად. მთელი სიმძიმე პაოლოს დააწვა მხრებზე – მთელი დღეობით დაჰქროდა ქალაქში. ყვავილებისთვის ბათუმშიც წავიდა.

ერთი სიტყვით, ქორწილისათვის მზადება გახურებული იყო, მაგრამ აი, უბედურებაც: არც პაოლოს, არც ტიციანს და არც მე საკუთარი ბინა არ გვქონდა.  ამიტომ საქორწილო ნადიმის შემდეგ, დილით, ქუჩაში რომ გამოვედით, აღარ ვიცოდით სად წავსულიყავით…

ჩვენს მეგობართა შორის ბინა ჰქონდა მარტო ლელი ჯაფარიძეს, რომელიც მარი ბროსეს ქუჩაზე ცხოვრობდა. იმ დილით, ქორწილის შემდეგ, ლელის ვიღაც ქალიშვილი გაეცილებინა სახლში. გზაში მოჰგონებოდა, მიეტოვებინა ქალიშვილი შუაგზაზე და გამოქცეულიყო, რათა თავისთან წავეყვანეთ.

პაოლო იაშვილი

წავედით ლელი ჯაფარიძის ბინაში. წეღან უკვე ვთქვი, ტიციანი შეუძლოდ იყო-მეთქი, გავუზომეთ სიცხე და ორმოცი გრადუსი ჰქონდა. ბოდავდა. ისევ პაოლო დატრიალდა. საავადმყოფოში წაიყვანა.

ტიციანი კარგად რომ გახდა, პაოლომ მის წამოსაყვანად მთელ პოეტებს მოუყარა თავი. წავედით, ავადმყოფი კარგ გუნებაზე დაგვხვდა. ვიქირავეთ ეტლი და მოვდივართ, არ ვიცით კი, სად – ბინა ისევ არა გვაქვს. პაოლოს სასტუმროში ნომერი დაუქირავებია და იმის იმედი აქვს. თანაც, ქალაქის თავისთვის შეუტყობინებია ჩვენი გაჭირვების ამბავი და ისიც შეპირებია – ეგებ რამე გიშველოთო. თითქოს ბედზე, საავადმყოფოდან წამოსულებს, ქალაქის თავი შემოგვეყარა გზაზე. მან თავისი მანქანა გააჩერა, პაოლოს თვალი ჩაუკრა, ხოლო ტიციანს მიმართა:

–  ბიჭო, გავიგე, ცოლი შეგირთავს და თურმე თავშესაფარი კი არა გაქვს. აჰა, გასაღები… შენს ბედზე, ვაჭართა კლუბი მივკეტე ახლახან. დაე, ეგ იყოს შენი ბინა!

წამოვედით. გახარებულებმა გავაღეთ დაკეტილი კლუბი. მაგრამ ახლა მისი მოწყობა არ გინდა! რა თქმა უნდა, ისევ პაოლო დატრიალდა და ჩვენი ბინა იმ დროის კვალობაზე შესანიშნავად მოაწყო“…

• • •

 

ერთ ზაფხულს ტიციან ტაბიძეს თბილისში სტუმრდ მყოფი ცნობილი რუსი მწერლის, ანდრეი ბელის, პატივსაცემად ვახშამი გაუმართავს, რომელსაც, სხვა ქართველ მწერლებთან ერთად, მიხეილ ჯავახიშვილიც დასწრებია. პურობის ჟამს კოკისპირული წვიმა წამოსულა. ამის მიუხედავად, მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც ცოლის მოლოგინებას და თანაც, უსათუოდ ვაჟის გაჩენას ელოდა, წასვლა გადაუწყვეტია, რაზეც მასპინძელი არ დასთანხმებია. მიხეილ ჯავახიშვილს გამამართლებელი საბუთი მოუთხოვია. ეს მისია პაოლო იაშვილს უკისრია და რამდენიმე წუთში „წყალგაუვალ“ საბუთად ეს ექსპრომტი შეუთხზავს:

 

მოწმობა

ეძლევა ესე მოწმობის ცალი

„ჯაყოს ხიზნების“ და „კვაჭის“ ავტორს.

რომ ის დავტოვეთ ვახშამზე ძალით

და ტიციანი მას ძალით ათრობს.

რომ დავამშვიდოთ იმისი ცოლი,

რომელიც ქმარს და ვაჟიშვილს ელის.

ალბათ, იქნება არსენას ტოლი

და ნიჭით მსგავსი ანდრეი ბელის.

• • •

 

ცეცხლსასროლი იარაღი ქართველებში იმ დროსაც რომ აქტუალური ყოფილა, ლადო გუდიაშვილის მოგონებაც ადასტურებს. ოღონდ, იარაღით გატაცებას, დღევანდელობისაგან განსხვავებით, მაშინ კომიკური ეფექტი ჰქონია:

„… თავი მოვიყარეთ ნარიყალას სერზე. მალე პაოლოც გამოჩნდა. იღლიაში ხის ყუთი ამოუჩრია, რომელშიც აწყვია ორი დაჟანგებული, შამილის დროინდელი დამბაჩა… ყველა უკვე აქ არის, მაგრამ მეორე დუელიანტი არსად ჩანს. ვღელავთ, დრო იწურება. როცა პაოლომ მისი მოსვლის იმედი დაკარგა, თავისი ლომისებური ძალის მქონე ხმით შესძახა:

–  მოწინააღმდეგე ლაჩარი აღმოჩნდა, არ გამოცხადდა… თანახმად სადუელო კოდექსისა, სეკუნდანტებმა უნდა ესროლონ ერთმანეთს.

როცა ამ სიტყვებს ყური მოჰკრეს ზდანევიჩმა და კამსკიმ, დაფეთებულებმა გაქუსლეს თავდაღმართზე. პაოლომ კი აღმართა დამბაჩა, მოიხადა თავისი ფართოფარფლებიანი, ესპანური სომბრეროს მსგავსი შავი ქუდი, ააგდო მაღლა ჰაერში და ესროლა. ტყვიამ ქუდი შუაზე გაგლიჯა. თავდაღმართზე გაქცეულ სეკუნდანტებს ეგონათ, ტყვია ჩვენ გვესროლესო და ორივე გაერთხა მიწას. მე და ტიციანი სიცილით ვიხოცებოდით.

მთელი ეს კომედია დამთავრდა თეთრ დუქანში… ამ ამბავს პაოლომ შესანიშნავი ექსპრომტი უძღვნა და კარგადაც მოილხინა“…

 

• • •

 

„პაოლოს გაგიჟებით უყვარდა ბავშვები, – იხსენებს გიორგი ლეონიძე, – თავის მედეას პირდაპირ აღმერთებდა. დიდი სინაზით უყვარდა ტიციანის ქალიშვილი ტანიტი, რომელსაც საგანგებოდ ლექსი მიუძღვნა. ასევე ჩემს ქალიშვილებს, ნესტანს და თინათინს, არაერთი ექსპრომტი დაუწერა. ხშირად სასეირნოდ დაჰყავდა რუსთაველის პროსპექტზე.

არასოდეს დამავიწყდება, როცა ავად გავხდი ბრუცელოზით და სამი თვის წოლის შემდეგ ამხანაგებმა უკვე ჩემი მორჩენის იმედი დაკარგეს, პაოლომ მკითხა უკანასკნელი სურვილი, თუ რა მესიამოვნებოდა. თავისი ხელით შემიწვა სუკის მწვადი და ასევე გამომიწურა ნაყიდი ყურძნიდან მაჭარი, რასაკვირველია, საიდუმლოდ ექიმებისგან, რომელთაგან მხოლოდ ბულიონის ნება მქონდა დართული. როცა ტიციანს ჰკითხეს, გოგლა როგორ არისო, მან შეიტყო, რა ეს ამბავი, სთქვა თურმე:

– ძალიან კარგად არის, დუდუკი-ღა აკლიაო (მწვადზე და მაჭარზე)!

ის დღე იყო და ის! პაოლოს ხელი ბედნიერი გამოდგა. იმ დღიდან მორჩენაზე წავედი.

პაოლო იაშვილი

პაოლო ყველას უყვარდა… ხომ გახსოვთ ბალმონტის   „Люблю содружных Руставели, Гаприндашвили и Яшвили!“  და თვით საქართველოში რომელი ერთი ჩამოვთვალო შეყვარებული პაოლოზე. გინდ ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა, პავლე ინგოროყვა, იაკობ ნიკოლაძე, კოტე მარჯანიშვილი, ლადო გუდიაშვილი. და როგორ შეიძლებოდა პაოლო არ გყვარებოდა! პაოლო  კაცთმოყვარე იყო, მან ნაზი სიყვარული იცოდა.

პაოლო პირველად ვნახე თბილისში 1917 წლის პირველ თვეებში. ქუთაისში უკვე გამოცემული იყო  „ცისფერი ყანწები“ და ახლა მისი მონაწილეობით თბილისს სწვეოდნენ დასაპყრობად.

მახსოვს, მათი პირველი საღამო კონსერვატორიის დარბაზში. საღამოს მეთაურობდა ჭაბუკი. ქართულ ქულაჯაში გამოწყობილ ორატორს წყლის მაგიერ ღვინით სავსე გრაფინი ედგა, რომელსაც ხანდახან მოსვამდა ხოლმე სიტყვის დროს.

ჩვენ წინ იდგა ლამაზი, შავგვრემანი, რიხიანი ვაჟკაცი, ახალი ესთეტიკის მქადაგებელი, რომელიც გაბედულებით იპყრობდა დარბაზს. ეს იყო პაოლო იაშვილი. ტიციან ტაბიძე მაშინ მოსკოვში იყო. საღამოზე განსაკუთრებით დამამახსოვრდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი და კოლაუ ნადირაძე.

მე მაშინ ახლად გამოცემული მქონდა ჩემი ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“ და, ცხადია, დაინტერესებული ვიყავი ახალი ამხანაგების გაცნობით. კარგად არ მახსოვს ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ამ საღამოს ახლო ხანებში კი უნდა მომხდარიყო. შესაძლოა, იმავე ღამით.

მალე ჩვენი მეგობრობა ძმობად იქცა და ეს ძმობა არასოდეს არ შენელებულა, არ დარღვეულა“…

 

• • •

 

თამარ წულუკიძე

მომდევნო ორი მოგონება საგულისხმოა დროის გამო. იმ დროისა, რომელმაც დიდი დაღი დააჩნია მთელს იმ თაობას და არა მხოლოდ თაობას!

თამარ წულუკიძე: „საქართველოს დედაქალაქი თბილისი… 1921 წლის 25 თებერვლის წინა საღამო.

იმ საღამოს ცნობილი გახდა, რომ მენშევიკური მთავრობის წევრები მთელი შემადგენლობით, ოჯახებით ჩასხდნენ გემებში და სტამბოლის მხარეს გაეშურნენ.

სადგურიდან პეტროგრადის ქუჩამდე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ორი კილომეტრი მაინც იყო. ის იყო, თენდებოდა, როცა ჩვენ მამიდა მაშოს გამოვეთხოვეთ და წინ წავედით.

მოვდიოდით დაცარიელებულ ქუჩაზე, ქარი სახეში გვცემდა.

შესახვევიდან პლეხანოვის ქუჩაზე რომ გამოვედით, ჩემმა ძმამ, ვახტანგმა, ხელით გვანიშნა შევჩერებულიყავით: შუა ქუჩაში შეიარაღებული ცხენოსნების რაზმი მოდიოდა.

რაზმს წინ მოუძღვოდა ფიცხ შავრა ცხენზე ამხედრებული გოლიათური გარეგნობის ქართველი ვაჟკაცი. შავი ნაბადი უდარდელად გვერდზე მოეგდო. მისი სახე ნაცნობი მეჩვენა. ჩვენ გადავეყარეთ ნებაყოფლობით პატრულს, რომელიც ქალაქში წესრიგს იცავდა, მაგრამ ვინ არის ის კაცი, რაზმის უფროსი? მე ხომ ის სადღაც მინახავს. ვცდილობ მოვიგონო და უცებ დედაჩემის ხმა მესმის:

–  ღმერთო ჩემო! უყურეთ, ეს ხომ პაოლო იაშვილია! – და დედა გაექანა პაოლოს შესახვედრად.

პაოლო იაშვილი… რა თქმა უნდა, ის არის! როგორ ვერ ვიცანი, სიტყვის გამოჩენილი ოსტატი, პოეტური საქართველოს სიამაყე, პაოლო – იმ წლების ახალგაზრდობის კერპი…

მახსოვს, არ გამკვირვებია ეს შეხვედრა. ეტყობა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერი იყო – დიდი პოეტები ხალხთან ერთად უნდა იყვნენ, როცა წყდება ბედი მისი ისტორიისა.

არ ვიცი, რას ეუბნებოდა მას დედა. ალბათ, ჩვეულებისამებრ, ის ეხუმრებოდა. პაოლომაც გაიღიმა, მერე რაღაც ჩაულაპარაკა თავის მხლებელ ახალგაზრდას. მან ჩვენკენ გამოიწია.

–  ეს ყმაწვილი გაგვაცილებს სახლამდე, – გვითხრა დედამ, – პაოლო ამბობს, რომ ქალაქში სრული სიწყნარეა.

მოგვითხრობენ, რომ იმ ღამეს პაოლო იაშვილისა და სხვა მწერლების მეოხებით შეიქმნა შეიარაღებული რაზმები ქალაქში სრული წესრიგის დასაცავად…“

 

• • •

 

ირაკლი აბაშიძე: „იმ საღამოს მწერალთა კავშირისკენ მიმავალს პაოლო თავისუფლების მოედანზე შემხვდა. მე იქით, ის აქეთ. შევაჩერდით ერთმანეთს, მივესალმეთ…

შემობრუნდა და წამოვიდა…

უცებ მკლავში ხელი ჩამჭიდა და თავისი ბოხი ხმით მოულოდნელად მკითხა:

„ – გეშინია ჩემს გვერდით სიარულიო?..

– რას ამბობ, რა შიშზე მეუბნები, აგერ, ხომ გვერდით მოგყვები-მეთქი.

ირაკლი აბაშიძე

– არა, მე ყველას დავუმტკიცებ, რომ ვჟკაცი ვარ, ყველას დავუმტკიცებ, იმათაც,  ამათაც… მწერალთა კავშირის კრებაზე დაგვიანებით მივედით… იხილებოდა პოლიტიკური „სიფრთხილის“ საკითხი. სამარისებური სიჩუმით უსმენდნენ მწერლები ხელისუფლების წარმომადგენელს.

ერთხანს დარბაზში ნერვიულად იჯდა. მერე დარბაზიდან გავიდა. კრებაც დიდი ხნის დაწყებული არ იყო, რომ ამ სამარისებურ სიჩუმეში გაისმა ჯოჯოხეთური ქუხილი… ეს იყო გასროლა მისი საამაყო „ლების“ ორი ლულიდან, ჩვენი სასახლის მეორე სართულზე. იმ მისი საყვარელი თოფისა, რომელმაც, სამწუხაროდ, ახლაც ისევე, როგორც ყოველთვის, არ უღალატა.

ყველანი თავგზააბნეული წამოვცვივდით. რა მოხდა? ვინ საით, ვინ საით. აფეთქება? მაგრამ სად?  რისი? კედლებიც და ყველაფერი თავის ადგილზეა. მაშ სად?

ამ დროს მეორე სართულიდან კიბეებზე ჩამორბის დამლაგებელი ქალი ანა, წივილ-კივილით:

– იაშვილი, იაშვილი!

სულ ხუთიოდე წუთში გაჩნდნენ ადმინისტრაციული დაწესებულებების წარმომადგენლები და სასახლის კარებიც დაიკეტა. ისევ სამარისებური სიჩუმე, ახლა უფრო მეტი, ახლა უფრო სამარისებური. მხოლოდ ერთხელ გაისმა მიხეილ ჯავახიშვილის დაგუდული ხმა:

– ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, გეთაყვათ!“…

(ეს მოგონებები გამოსაცემად გამზადებული მამაჩემის წიგნიდანაა, რომელიც პაოლო იაშვილს ეძღვნება. – მ.ბ.).

 

• • •

 

გალაკტიონის ეს მოგონება ვიქტორ დოლიძის ხსოვნას ეძღვნება და კონკრეტული მაგალითია ურთიერთობათა იმ სტილის, ჩვენში „კაცი კაცითა“ რომ ერქვა:

„… ბაკურიანში ვისვენებდით. ერთ მშვენიერ დღეს შემხვდა ვიქტორი.

–  რას შვრები, როგორა ხარ?“ – მკითხა.

–  რაღა როგორა ვარ, მივდივარ.

– სად, თბილისში?

– ჰო…

– რა დროს თბილისია, შე კაი კაცო, ამ შუა ზაფხულს!

– რა ვქნა, ფული გამომელია და … უნდა გავბრუნდე. მოგეხსენებათ, მე ხშირად განვიცდი ხოლმე უფულობას.

– რას ამბობ ! – შესძახა ვიქტორმა, – რას ქვია ფული, შენ თვითონ ფული არა ხარ! მოდი ერთი, შენი საღამო მოვაწყოთ, ეგეც შენი ფული. ხალხი არ მოვა, არ გიცნობენ თუ რა!

მე უარზე ვიყავი:

– აბა, აქ რა საღამო უნდა მოვაწყოთ, ან ვის სცხელა ახლა ლექსებისთვის.

გაგიგონია? არ დამიჯერა:

– დაჯექ შინ. დღეს და ხვალ არ მოკვდები შიმშილით და მერე მე ვიციო, – მითხრა.

დატრიალდა. რა ცოცხალი კაცი იყო!

გალაკტიონ ტაბიძე

ორ დღეში ჩინებული საღამო გამართა… აფიშებიც კი გამოუშვა, მართალია, ხელით ნაწერი, მაგრამ ძალიან ეფექტური. სულ წითელ-მწვანე უზარმაზარი ასოებით ეწერა: „გალაკტიონის საღამო“. გაივსო თეატრი… იმდენი ხალხი მოაწყდა. პროგრამაც საინტერესოდ იყო შედგენილი. სად იშოვა ეს ხალხი! ჰოდა, მშვენიერი პროგრამა გამოვიდა.

ვიღაც ქალი მღეროდა, არ მახსოვს კი, ვინ იყო. თვითონ ვიქტორიც გამოვიდა. წარმოიდგინეთ, კოტეს არია იმღერა „ქეთო და კოტედან“: – „ოჰ, რა კარგია სამშობლო ჩემი“… ისე მოეწონათ, „ბის“-ზე უძახოდნენ, ძლივს გაუშვეს სცენიდან. მერე კიდევ, ჩემს სიტყვებზე დაწერილი რომანსები იმღერეს… მერე მე წამაკითხეს ლექსები.

გათავდა საღამო… გარეთ, ხალხში გავერიე. მეკითხებიან, მთხოვენ, – კიდევ მოაწყვეთ ასეთი საღამოო.

უცებ ვიქტორი მეძახის. პატარა განაყოფი ჰქონდა დარბაზს – სალარო. შევედი. ზის ვიქტორი. ხროვად ყრია ქაღალდის ფული…

– აჰა, – გამომიწოდა ვიქტორმა, – სულ შენია.

მე თავი მოვიკალი, – შუაზე გავყოთ-მეთქი, – და იქვე დავიწყე გაყოფა. პირდაპირ შუაზე გავყავი, რაც იყო. აბა, დათვლას ხომ არ შევუდგებოდი. თავი მოიკლა:

– რას ჰქვია გავყოთ, მე რა შუაში ვარ, შენი საღამო იყოო.

– კი მაგრამ, ხარჯები? – ვეკითხები.

ვიქტორ დოლიძე

– ხარჯები რა, ცოტაოდენი თეატრის ქირა გადავიხადეთ, სხვა რა ხარჯი იქნებოდა. რა შეწუხებაა, გავერთეთ და ის არის. არა, ძმობილო, ეს შენი საღამო იყო, შენი სახელით მოვიდა აქ ხალხი, ფულიც შენია. ჩემი საღამო რომ იქნება, ის სხვაა.

არას გზით არ დამთანხმდა. მთელი ფული თვითონ ჩამიტენა ჯიბეში სიტყვებით:

–  ახლა უსათუოდ გეყოფა ერთ ხანს და აღარ წახვალ.

იმ დღეს ვახშამი გადავიხადეთ, იქვე, სადგურის დუქანში. ვინც მოვიხელთეთ მონაწილეთაგან, პატივი ვეცით. ისეთი კმაყოფილი იყო ვიქტორი, ბავშვივით უხაროდა.

ვახშამზე ისეთი მხიარულება იყო, ისეთი კონცერტი გაიმართა, მგონი, საღამოს სჯობდა. ვიქტორმა იმღერა, როგორ გაგვამხიარულა! მეც წამაკითხეს კიდევ ახალი ლექსები, რა დრო გავატარეთ…

მართლაც, თბილისში ჩამოსვლა აღარ დამჭირვებია და კარგა ხანს მეყო ის ფული“…

 

• • •

 

მსახიობ გოგუცა კუპრაშვილის მოგონებებიდან:

„ – მაგონდება ერთი კურიოზი: ერთხელ, დილით რეპეტიციაზე მისვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას, შორიდან დავზვერვე. მთელი დასი თავჩაღუნული იდგა. ზოგი ხელებს შლიდა აღშფოთების გამოსახატავად. რას ვხედავ – მთლად ჩალეწილიყო ვეებერთელა სარკე, შესასვლელში რომ ეკიდა.

სანდრო ახმეტელი

სანდრო ახმეტელმა ბრძანება გასცა:

– ამ წუთში აქ მომიყვანეთ წუხანდელი და ამ დილის ყველა დარაჯი და მორიგეო. თან ცოფს ყრიდა – ნუთუ ისე დაიხოცა ყველა, რომ ვერავინ ხმა ვერ გაიგონაო…

ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა:

–  თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, მე გეტყვი, ვინ ჩაიდინა.

სანდრო ახმეტელმა სიტყვა მისცა.

ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა:

– გატეხილი არ არის, ეგ მე დავხატე: დღეს ხომ პირველი აპრილია! გადაუსვი ჩვარი და ისევ მთელი იქნება…

მართლაც, ისე ოსტატურად დაეხატა, არავის ოდნავი ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ გატეხილი არ იყო.

ყველანი გაოცებულნი შევყურებდით სრულიად საღ სარკეს“…