„მე მოვკვდე, ოღონდ შენ გაიხარო!“
„მე მოვკვდე, ოღონდ შენ გაიხარო!“

წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. მამა გრიგოლს, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში აღესრულა, მამაჩემის კვლევით პრაქტიკაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა. ამ ათიოდე წლის წინათ ლესელიძის ქუჩაზე (ახლა კოტე აფხაზის ქუჩა ჰქვია) წიგნების მაღაზიაში შევედი (ახლა რომ ტურისტული პროფილის სავაჭრო ობიექტია). თაროზე საისტორიო ჟურნალ „არტანუჯი”-ს (2003 წ. #11) ერთადერთი ეგზემპლარის გარეკანზე მამა გრიგოლის ფოტო შევნიშნე. გადმოვიღე და 24-ე გვერდზე გადაიშალა, სადაც გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი ბიბლიოგრაფიული ლიტერატურა იყო მითითებული. სიის პირველ ნომრად კი აღნიშნული გახლდათ: „დავით ბუზუკაშვილი. „თავი ჭირსა არ დამრიდად“ (გრიგოლ ფერაძის დაბადების 95 წლის გამო). გაზ. „ლიტერატურული საქართველო“. 17.VI.1994.“ გული თითქოს მომეწურა და კრებული მაშინვე შევიძინე. მამა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მითითებული პუბლიკაცით დავით ბუზუკაშვილმა ქართულ ოფიციალურ პრესაში გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის საკითხი პირველმა დასვა. ერთი წლის შემდეგ კი ქართულმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანის რანგში განამაღლა.

გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი სიკვდილის ფაქტს მამა მთელი ცხოვრება იკვლევდა. ერთ-ერთი ვერსიით, გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის გაზის კამერაში ხუთშვილიან პოლონელ ებრაელს ჩაენაცვლა, რომელიც თითქოს მისი სტუდენტი იყო. ამ ფაქტის დოკუმენტური დადასტურების შემთხვევაში ისრაელის „უმოთეი ჰასიდიმის“ ხეივანში მამა გრიგოლს სახელობითი ხის დარგვა ერგებოდა („უმოთეი ჰასიდიმის“ ხეივანში ყველა იმ ადამიანის სახელზე დარგული ხე შრიალებს, ვისაც კი ოდესმე სადმე რომელიმე ებრაელი განსაცდელისგან გადაურჩენია). მაგრამ არსებობს კიდევ ორი ვერსია: რომ მამა გრიგოლმა თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში მოკლული გერმანელი სამხედროს მკვლელობა თავის თავზე აიღო და რომ მამა გრიგოლმა სხვის მიერ მოპარული პურის ქურდობა დაიბრალა. რაკიღა დოკუმენტურად ფაქტის ოფიციალურად დადასტურება ვერ ხერხდება, მსოფლიოს ხალხთა წმინდანების ებრაულ ხეივანში, მოქმედი განაწესის მიხედვით, გრიგოლ ფერაძის სახელობით ხეს ვერ რგავენ. მამაჩემი მთელი ცხოვრება ცდილობდა როგორმე ნამდვილი ფაქტი დაედასტურებინა. მეგობრობდა გრიგოლ ფერაძის ძმისწულ ბატონ ვასიკო ფერაძესთან. უკვე ხანდაზმულ ასაკში მოსკოველი კოლეგების დახმარებით მამამ ისრაელში მიაკვლია ყოფილ ოსვენციმელ ტყვე ებრაელს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გრიგოლ ფერაძის თანამესაკნე ყოფილა. ხმა მიაწვდინა და მანაც წერილი გამოუგზავნა, სადაც, როგორც იმ ფაქტის მოწმემ და თვითმხილველმა, ზუსტად აღწერა გრიგოლ ფერაძის გარშემო ოსვენციმში განვითარებული მოვლენები. ამ მონაპოვრით მამაჩემი აღფრთოვანებული იყო. თუმცა, ხანდაზმულ, სამსახურებრივი ტრავმით დახეიბრებულ და ჩვენი პირადი პრობლემებით ღონემიხდილ მოხუცს ყოფილი ოსვენციმელის იმ წერილის გამოსაქვეყნებლად ძალა აღარ ეყო.  მეხვეწებოდა, შენ წაიკითხე და მიხედეო, მაგრამ მე, ჩემდა სამარცხვინოდ, თავი ვერ მოვაბი. გაზეთ „დრონის“ რედაქციაში ვმუშაობდი და ყოველდღიური მოვლენების ქრონიკა დროს აღარ მიტოვებდა. მერე კი ჩვენი სახლის დანგრევის, ხანძრის, იძულებითი ლტოლვილობისა და დაუსრულებელი სასამართლო პროცესების მორევში ჩაძირულმა თვალი ვეღარ მივადევნე სად ჩაიკარგა ის წერილი.

გრიგოლ ფერაძის თემამ კიდევ ერთხელ შემახსენა თავი, როცა აწ განსვენებული შესანიშნავი ქალბატონი, ისტორიკოსი, მეცნიერი, საზღვარგარეთ ქართული კვალის მკვლევარი თამილა მგალობლიშვილი გავიცანი. იგი თავად გამომეხმაურა, ჩვენს ოჯახზე გადაღებული ტელეფილმის ნახვის შემდეგ. სახლში მიმიწვია და მის მიერ ბრწყინვალედ გამოცემული გრიგოლ ფერაძის უნიკალური დღიური „იერიქონის ვარდები“ მაჩუქა. ქალბატონი თამილა ძალიან დამიმეგობრდა. წუხდა ჩვენი უსახლკარობის გამო და ისეთი რამ შემომთავაზა, ვერასდროს დავივიწყებ: – წარმომიდგენია, უმუშევრებს როგორ გიჭირთ თავშესაფრის ქირის გადახდა. ამიტომ ჩემს ახლობელ დედაოს მოველაპარაკე  და ერთ-ერთი სოფლის დედათა მონასტერში თქვენს უფასოდ დაბინავებაზე დავითანხმე, თუკი, თქვენი რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით, ეს ვარიანტი უხერხულობას არ შეგიქმნითო. იმხანად პარლამენტარ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც სთხოვა ჩვენს საქმეში გარკვევა. ამის შემდეგ კი ძალიან მალე გარდაიცვალა, რითაც ძალიან, ძალიან დამწყვიტა გული. იმ ხანმოკლე ნაცნობობისას ჩემდამი გამომჟღავნებულ მის კეთილგანწყობას არასდროს, არასდროს დავივიწყებ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

გული მწყდება, რომ მამაჩემი ვერ მოესწრო გრიგოლ ფერაძის დღიურის ნახვას. დღიურის, რომელიც 1936 წლის 5 ივლისიდან 28 სექტემბრამდე წმიდა მიწასა და სირიაში მისი მოგზაურობისას დაიწერა და დაკარგულად ითვლებოდა. როგორც ქალბატონი თამილა დღიურის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: „… სიმბოლურია დღიურის სათაურიც – „იერიქონის ვარდები“: იერიქონის ვარდი ხომ მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. იგი ბუნების საოცრებაა, ერთადერთი მცენარე, რომელსაც წყლისა და მიწის გარეშე შეუძლია სიცოცხლე, იგი არ კვდება. ის პალესტინისა და იორდანიის უდაბნოში იზრდება და ძლიერ სიცხეს და სიცივეს უძლებს.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ჯვარცმის შემდეგ, ქალაქ იერიქონის უდაბნოში მიმავალმა თვალცრემლიანმა ღვთისმშობელმა ის თავისი ცრემლით დანამა და ამით ვარდს უკვდავება მიანიჭა. იერიქონის ვარდი შობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების, ანუ მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა… როგორც ჩანს, წმ. გრიგოლ ფერაძეს… მაინც დარჩა იმედი, რომ როგორც იერიქონის ვარდებს ძალუძთ აღდგომა, ასევე ქართველებიც ოდესმე შეძლებენ დაუბრუნდნენ წმ. მიწის კუთვნილ სიწმინდეებს“…

როგორც აღვნიშნე, გრიგოლ ფერაძის დღიური დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა ისევე, როგორც მისი მდიდარი ბიბლიოთეკა და უნიკალური არქივი. მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინა დღიური გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფმა მამა ჰენრიკ პაპროცკიმ და პოლონურ ენაზე გამოსცა თავისი წინასიტყვაობით. ქალბატონ თამილას ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის უფლებაც მანვე დართო.

ვსარგებლობ შემთხვევით და წმინდა მამა გრიგოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვაქვეყნებ მამაჩემის ზემოაღნიშნულ წერილს „თავი ჭირსა არ დამრიდად“ (თუმცა, მამას წერილისათვის მეორე სათაურიც ჰქონდა შერჩეული – „მე მოვკვდე, ოღონდ შენ გაიხარო!“, რომელიც აბესალომის არიის ციტატა გახლავთ ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. საგულისხმოა, რომ მამამ ამ წერილის წერისას გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსრულების კიდევ ორი ვერსიის შესახებ არ იცოდა. აქვე უთუოდ უნდა ერთიც უნდა გავიხსენო:

მამა უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, ვეღარც მეტყველებდა და აღარ მახსოვს, ტელეფონით ვინ დარეკა. როცა შეიტყო, რომ მამა ვერ დაელაპარაკებოდა, მკითხა, ხომ არ იცით წერილის წერისას რომელი წყაროთი ისარგებლაო. მე, სამწუხაროდ, არ ვიცოდი. ვფიქრობ, იმ ზარის ავტორი გრიგოლ ფერაძისა და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტ ჰანს შვარცგრუბერის დიალოგით დაინტერესდა). და კიდევ: ქვემოთ მოხმობილი წერილი ერთ-ერთია ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შესახებ მამაჩემის პუბლიცისტური ციკლიდან. ციკლიდან, რომელსაც პირადად მე ზნეობის ანთოლოგიად მოვიაზრებ. ამ ციკლის ორი წერილი გრიგოლ ორბელიანსა და ნიკო ნიკოლაძეზე რუბრიკაში „ზნეობრივი ფაქტორი“ უკვე გამოქვეყნდა.

მარინა ბუზუკაშვილი

 

თავი ჭირსა არ დამრიდად

 

 

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1945 წლის იანვრის დამდეგს (მეორე ვერსიით – 1942 წლის 16 დეკემბერს) გაზის კამერისაკენ ფეხათრევით მიმავალ ერთ პოლონელ ებრაელს წინ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ ფერაძე გადასდგომია:

– ნუ სწუხხარ, მეგობარო, ახლავე გიხსნი. შენი სიკვდილი დანაშაულია – შინ ცოლი და ხუთი შვილი გელოდება. მე კი არავინა მყავს. შენს მაგიერ მე შევალ გაზის კამერაში. მოვკვდები შენი შვილების მომავლისათვის.

გაოგნებულ პოლონელს თითქოს ენა ჩავარდნია – მადლობის თქმაც ვერ მოუხერხებია.

გრიგოლი სასწრაფოდ ბანაკის კომენდანტ ჰანს შვარცგრუბერთან მისულა მოსალაპარაკებლად:

– ბატონო კომენდანტო, შეიძლება თხოვნით მოგმართოთ?

– თქვი, – მკვახედ უპასუხნია კომენდანტს.

– გაზის კამერისაკენ ჩემი მეგობარი მოჰყავთ, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის პატრონია. თუ ნებას დამრთავთ, მის ნაცვლად მე შევალ…

– რადგან ასე მთხოვ, უარს ვერ გკადრებ, მით უმეტეს, ღვთის მსახურს. ერთი ეს მითხარი, გერმანულ ენას ასე კარგად სად დაეუფლე?

– გერმანიაში, ბერლინში.

– ნიჭი გქონია. სადაური ხარ?

– საქართველოდან.

– სტალინის სამშობლოდან?

– დიახ.

– აქ როგორ მოხვდი?

– ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ.

– პროფესორი ხარ და თავს იკლავ?

– ღმერთი არა მკლავს და თავს მევე მივხედავ.

სწორედ ამ დროს გაზის კამერას ტყვეთა ახალი ჯგუფი მიაყენეს.

– რომელია შენი ნაცნობი?

– აი, ეს. – უპასუხია გრიგოლს.

კომენდანტმა ტყვეთა მცველს დაავალა სიკვდილმისჯილის გათავისუფლება და მის ნაცვლად გაზის კამერაში გრიგოლის შეშვება.

მხოლოდ ხუთი წუთი გახდა საჭირო, რომ გრიგოლ ფერაძე მარადიულ უკვდავებას ზიარებოდა, რაც საკონცენტრაციო ბანაკის ექიმმა, ულენ ბრუკმა გულგრილი ხელმოწერით დაადასტურა.

 

***

გრიგოლ ფერაძე!…

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მას გერმანიაში, პოლონეთში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში უფრო იცნობენ, ვიდრე მის სამშობლოში… მაგალითისთვის პოლონეთიც კმარა. ვარშავაში ორ ადგილას –  უნივერსიტეტისა და იოან კლემაქსის სახელობის ეკლესიის კედლებზე გაკრულ მემორიალურ დაფებზე ამოტვიფრულია ფერაძის სახელი და გვარი, რაც უკვდავების დასტურია.

გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე დაიბადა 1899 წელს სოფელ ბაკურციხეში, სადაც მამამისი მღვდლად იყო გამწესებული. მამა 1905 წელს გარდაეცვალა. დედამ, სალომე სამადაშვილმა, შვილი მამის კვალზე დააყენა. გრიგოლმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ აკადემია დაამთავრა და 1918 წელს ახლადდაარსებული თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1921 წლის მიწურულს გრიგოლ ფერაძე კორნელი კეკელიძის რეკომენდაციით თეოლოგიური ცოდნის სრულყოფისათვის გერმანიაში გაემგზავრა. გერმანულის, ძველი ებრაულისა და ლათინური ენების ცოდნის საფუძველზე ჩაირიცხა ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის კურსის დამთავრებისთანავე მიენიჭა თეოლოგიის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი. 1925 წელს სამუშაოდ გადავიდა ბონის უნივერსიტეტში, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წმინდანებად შერაცხული ქართველი ბერების ცხოვრება“ და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის წოდება. ამას მოჰყვა ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში მოგზაურობა ლექციების ციკლით საქართველოსა და სომხეთის ისტორიაზე. თანაც, ამ ქვეყნების უნივერსიტეტების  ბიბლიოთეკებში სრულყოფდა უცხო ენებს. 1932 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვევით, გრიგოლ ფერაძე სათავეში ჩაუდგა მართლმადიდებლური თეოლოგიის კათედრას, ხოლო 1936 წლის ზაფხულს გაემგზავრა პალესტინასა და საბერძნეთში:

„მხოლოდ 1936 წლის საზაფხულო არდადეგების დროს შევძელი განმეხორციელებინა მრავალწლოვანი სწრაფვა – მენახა წმინდა მიწა, რომელიც არის როგორც უდიდესი ტრაგედიების, ასევე მთელი კაცობრიობის ისტორიის შესანიშნავი ფურცლების მოწმე. მე აქეთკენ გული მეწეოდა არა მარტო როგორც სასულიერო პირს, არამედ როგორც ქრისტიანული ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარს. სწორედ პალესტინა და, კერძოდ ბეთლემი, სადაც იშვა მესია, წარმოადგენს სამშობლოს იმ მეცნიერებისა, რომელსაც მე ვემსახურები.

…არა ნაკლები როლი შეასრულა იმანაც, რომ ამ მიწამ მიმიზიდა მე, როგორც ქართველი“…

„იერუსალიმის პატრიარქთან სტუმრად ყოფნის დროს მე ძალიან გამახარა უწმინდესი პატრიარქის ტიმოთეს შემდეგმა სიტყვებმა: ჩვენს საპატრიარქოს თქვენს (საქართველოს – დ. ბ.) ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს“, – აღნიშნავს ფერაძე, რომელიც დიდად ამაყობდა იმითაც, რომ წარსულში ქართველები ფლობდნენ თვით გოლგოთას და უშუალოდ იმ ადგილს, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

მეტად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გრიგოლ ფერაძემ პარიზში მცხოვრები ემიგრანტი ქართველებისათვის დააარსა წმ. ნინოს სახელობის ეროვნული სამწყსო (სამრეკლო), რომელიც ამჟამადაც მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამრეკლოში ქრისტიანული დღესასწაულების დროს წირვა-ლოცვას ასრულებდა. პარიზშივე დააარსა ქართული ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. რომელსაც თავად რედაქტორობდა. მანვე დასტამბა რამდენიმე საინტერესო პუბლიკაცია. მათ შორის: „ბესიკ გაბაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსები უორდროპების კოლექციიდან“, „ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემები“, „ძველქრისტიანული ლიტერატურის ქართულად შესრულებული თარგმანები“ და სხვა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გრიგოლ ფერაძეს 1928 წელს კენტერბერიის მთავარი ეპისკოპისის ინიციატივით მიენიჭა ქრისტიანული ეკლესიის არქიმანდრიტის საპატიო წოდება. გრიგოლ ფერაძე ჩინებულად ფლობდა როგორც ქრისტიანული, ისე მუსლიმანური ქვეყნების ენებს. აგრეთვე ძველ ებრაულსაც, რომლიდანაც თარგმნა ბიბლიური ლიტერატურის სიამაყე – „ქებათა-ქება“. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების სწავლულთ მან ქართველ მეცნიერთა – კორნელი კეკელიძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სხვათა ნაშრომების საკუთარი თარგმანები გააცნო. მანვე ფასდაუდებელი დახმარება აღმოუჩინა ექვთიმე თაყაიშვილს: მეცნიერულად აღნუსხა საფრანგეთში დროებით გატანილი ეროვნული განძი და იგი გერმანელი ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში დატაცებისაგან დაიცვა.

მეტად საგულისხმოა გრიგოლ ფერაძის ბავშვობისეული მოგონება:

„ჩემი წინაპრები მწყემსები იყვნენ. ერთხელ, ქრისტეშობის ღამეს ისინი მწყემსავდნენ ცხვრის ფარებს საქართველოს ულამაზეს მდიდარ ბუნების წიაღში. იყვნენ შორს სახლებისა და თვით წმინდა ადგილებისაგან. მოულოდნელად, მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი მონასტერი ათეული კილომეტრის დაშორებით იყო, მოესმათ ზარების რეკვა, მწყემსების გული აავსო ზეციურმა ნეტარებამ. ცხვრის მწყემსებიდან ისინი სულიერ მწყემსებად გადაიქცნენ. ზამთრის დიდ ღამეებში ჩვენ, ბავშვებს ხშირად გვიამბობდნენ ბედნიერ მწყემსებზე – ჩვენს წინაპრებზე.“ მართლაც, მისი ოჯახის წინაპრებმა სასულიერო სფეროში გადაინაცვლეს და ეს საგვარეულო საქმიანობად ექცათ.

მეორე მსოფლიო ომმა მას ვარშავის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროს მოუსწრო. გესტაპომ იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით დააპატიმრა 1942 წელს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა (დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ ეხმარებოდა და იფარავდა ნაცისტების მიერ დევნილ ებრაელებს). საგულისხმოა გრიგოლ ფერაძის წერილი, რომელიც  ანდერძს წააგავს: „ბინა-ავეჯი გადაეცით კანცელარიის მუშაკს. ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ მეტროპოლიას. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით ჩვენი სამრეკლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ჩემი ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას“.

ცნობილი ქართველი რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე 1952 წელს ბუენოს-აირესიდან პარიზში ქართველთა საბჭოს წერდა:

„განსვენებული გრიგოლ ფერაძე ბრძანდებოდა ერთადერთი ქართველი დოქტორ-თეოლოგი, პროფესორი პატროლოგიისა ვარშავის უნივერსიტეტში და არქიმანდრიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა.

იერიქონის ვარდი

პირადად იყო უმწიკვლო ადამიანი, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე… ჰქონდა უძვირფასესი მეცნიერული წიგნსაცავი. ამას გარდა, ჰქონდა ისეთი საგნები. რომლებიც საქართველოსათვის დიდად მნიშვნელოვანი იყო.

ყველამ იცის, რომ ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურა, საიდანაც ჩამოიტანა ტყავზე ხელნაწერი პალიმფსესტები. ერთი ეტრატს წარმოადგენდა – მეხუთე თუ მეშვიდე საუკუნის ქართულ ისტორიულ საბუთს. ამას გარდა, მას ჰქონდა (არ მახსოვს, რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არ ჰყიდდა – საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო.

აღარაფერს ვამბობ ბიბლიოთეკის შესახებ… ქართულ უნივერსიტეტს უმზადებდა, ხოლო მისი ოცნება იყო სწორედ ამ უნივერსიტეტში პროფესორობა“.

გრიგოლის ძმისწული რომანოზ ფერაძე აღნიშნავს:

„გრიგოლი სწავლის დამთავრების შემდეგ დაჟინებით მოითხოვდა სამშობლოში დაბრუნებას… როდესაც მას საქართველოში დაბრუნებაზე იმედი გადაეწურა, კორნელი კეკელიძეს სწერდა: „ვინაიდან სამშობლო უარს მეუბნება დაბრუნებაზე, იძულებული ვარ შევეგუო ემიგრანტის მძიმე ხვედრს“…

 

***

რეზო თაბუკაშვილი გრიგოლ ფერაძეზე ფილმის გადაღებას აპირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა… თუმცა, ფილმის შემოქმედებითმა კოლექტივმა ტელევიზიით განაცხადა, რომ დაწყებულ საქმეს დაასრულებდა. ბატონმა რეზომ წამაკითხა ვარშავის მიტროპოლიტის წერილი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სთხოვდა, რომ წმინდანად შეერაცხათ მოწამეობრივი სიკვდილით გარდაცვლილი გრიგოლ ფერაძე. ადრე ამ საკითხის მოგვარება ძნელი იყო, ახლა კი ადვილია. ღირსეულ თანამემამულეს პატივიც ღირსეული უნდა მივაგოთ.

 

 

დავით ბუზუკაშვილი

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი