ღიმილის არქივიდან
ღიმილის არქივიდან

ღიმილის არქივიდან

ამჯერად მამაჩემის მეტად საინტერესო „ღიმილის არქივზე” შევჩერდები. ქართული ღიმილის არქივის უნიკალურ კოლექციას მამა ლამის მთელი ცხოვრება აგროვებდა. ამა თუ იმ საკითხის კვლევისას არქივებში, ძველ პერიოდიკაში, სამუზეუმო საცავებში, სხვაგანაც, თუკი სადმე წააწყდებოდა შარჟებს, კარიკატურებს, სატირას, გონებამახვილურ სხარტულებს, ფუნაგორიებს, შაირებს, ანეკდოტებს, კომენტარებს, ეპისტოლეებს, ციტატებს, აუცილებლად ამოიწერდა, ან მონიშნავდა, ფოტოგრაფს საგანგებოდ მიიყვანდა და გადააღებინებდა. იმ ყოველივეს  თემატურად ახარისხებდა. თითოეული კადრის ფირს თავისივე ხელნაკეთ სპეციალურ ციცქნა კონვერტებში ათავსებდა და ანბანური რიგით დიდ კატალოგში ინახავდა, დაფოფინებდა. ერთხელაც ის კატალოგი გადაუბრუნდა, შიგთავსი იატაკზე გაიშალა და ერთიანად აირია. თავიდან აწყობაზე კი უამრავი დრო დაეხარჯა. მერე კი ისევ ბლოკებად დაყო: მეცნიერების, ლიტერატურის, მხატვრობის, კინოს, მუსიკის,  სპორტის, „ღიმილის” გრიფით წიგნების და სხვ. 

იმ კოლექციით ორი დიდი გამოფენა მოაწყო. ჯერ რუსთაველზე მხატვრის სახლში, მერე კი საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის დიდ საგამოფენო დარბაზში. ორიგინალურ ვერნისაჟებს პრესაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოფენის სტუმრებიც ბევრს ხალისობდნენ. მერე კი საგამომცემლო ციკლი – „ღიმილი, ღიმილი” დააარსა და საინტერესო სალაღობო კრებულები გამოსცა.

არ ვიცი, სად გადააწყდა ინფორმაციას, მაგრამ, ამბობდა, უხსოვარ დროში პირველი შარჟის ავტორი შეყვარებული ქალი ყოფილა, რომელმაც მეზობელი სატრფოს პორტრეტი გამოქვაბულის კედელს მიახატა. შეყვარებულს მხიარულად ჩაუცინია და სულაც არ სწყენია, მხატვარმა რომ დიდი ცხვირი გამოაბა. ბუნებრივად ჩათვალა, რადგან შეყვარებულები ხომ ყველაფერს აზვიადებენ. მას შემდეგ საუკუნეებმა დაადასტურეს: შარჟი ისეთი პორტრეტია, ხაზგასმით რომ წარმოაჩენს პერსონაჟის განსაკუთრებით მომხიბვლელ უარყოფით ნიშან-თვისებებს

ვერიკო ანჯაგფარიძე
მ. ჭიაურელის „ვ.ანჯაფარიძე“

 მამაჩემის „ღიმილის არქივი” იმის დასტურიც გახლდათ, რომ შარჟის შესაქმნელად კრიტიკულ ხედვასთან ერთად, სიყვარულის დიდი გრძნობაც აუცილებელია. ის კოლექცია უამრავ საინტერესო  უცნობ შტრიხს ათვალსაჩინოებდა თითქოსდა ჩვენთვის კარგად ცნობილ მოღვაწეებზე. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ მთლად უთქმელობაც არ იქნება: ილია და აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი, ტიციანი და პაოლო, შალვა დადიანი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები, სხვები, სხვები – ამა თუ იმ სფეროსა და დროის ავტორიტეტები. შარჟების ავტორთა აღნიშვნაც ერთ რამედა ღირს: შმერლინგი, დონი, გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, გიგლა ფირცხალავა, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე და სხვ. როგორ არ აღვნიშნო, ვთქვათ, მიხეილ ჭიაურელის შარჟი ვერიკო ანჯაფარიძეზე, რომლის შემხედვარესაც ჩეხოვის ცნობილი რეპლიკა გახსენდება: „Жена есть жена!” (ცნობილია, რომ ჩეხოვმა ცოლის, როგორც ასეთის, ახსნას პიესის მთელი ორი თუ სამი გვერდი მიუძღვნა, მაგრამ მერე ყველაფერი წაშალა და საკუთარი სათქმელის აკუმულირება ამ ერთადერთი რეპლიკით გადაწყვიტა).

მოკლედ, ღიმილის იმ კოლექციის თანახმად, მეგობრული შარჟისა და კარიკატურის ჟანრთა ორიგინალურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, საზოგადოებრივი ცხოვრების სახიერად წარმოჩენისთვის მათი შესაძლებლობები მართლაც ამოუწურავი ყოფილა სწორედ რომ გამორჩეული ოპერატიულობით, იმპროვი­ზაციულობით, უშუალობით, უბრალოებით (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით). რა დასანანია, რომ ეს ჟანრი თანდათანობით დავიწყებას ეძლევა.

იმ საბჭოთა უძრაობის დროს, ანუ აკრძალვებისა და ტაბუების ეპოქაში გაჩნდა არაოფიციალური, მაგრამ ნიჭიერი სლოგანი, რომელსაც, დიდი ბოდიშის მოხდით, რუსულად შეგახსენებთ: „Советский народ самый читающий между строк в мире! ანუ ქვეტექსტების გაშიფვრაც ჩვენი სამწუხარო და სახუმარო ჟანრი გახლდათ. მახსოვს, „Вокруг смеха”-ს ერთ-ერთ  გადაცემაში ცნობილ და იმხანად ჯერ კიდევ საბჭოთა იუმორისტსა და სატირიკოსს მიხეილ ზადორნოვს ჰკითხეს (კვლავ დიდი ბოდიში რუსულად ციტირებისთვის): „Чем отличается юмор от сатиры”, რაზედაც მან მოსწრებულად მიუგო: „Юмор, это когда страшно хочеться смеяться, а сатира, когда хочется смеяться, но страшно”. ეს ღიმილიანი კალამბური, სწორედ რომ ზუსტად წარმოაჩენს იმ უძრაობის დროის არსსა და სულისკვეთებას. ფაქტია, სატირაცა და იუმორიც ამ ჩვენს სატირალსა და მეტისმეტად მოძრავ დროში სხვა დანარჩენთან ერთად მწვავე დეფიციტად გვექცა.

ღიმილის არქივის გამოფენაზე

ალბათ იფიქრებთ, ქვეყანა იქცევა და რა დროს ეგ არისო. მაგრამ ცხოვრება მიდის, სიცოცხლე კი მაინც ასე თუ ისე გრძელდება და ჩვენს ამ უღიმილო, გაბოროტებული სახეების შემყურეს, ტელე-ფეისბუქ სივრცეთა ღვარცოფის მომსწრეს, პროტესტის ნიშნად თუ ძალაუნებურად, ზოგჯერ რაღაც მხნე შეძახილის, დადებითი იმპულსის მოთხოვნილება გიჩნდება, რაც სულაც არ გახლავთ მკრეხელობა. პირიქით, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

მამას ის გამოფენები კომპოზიციურად ორიგინალური ნახატების, ფოტო­რე­პრო­დუქციების, აპლიკაციებისა და კოლაჟის პრიცნიპით იყო აგებული და მხოლოდ გამოჩენილ მოღვაწეთა სახეების ორიგინალურ გალერეას კი არ წარმოადგენდა, ჩვენს მიერ განვლილი კულტურული და პოლიტიკური გზის მრავალ მნიშვნელოვან მოვლენასაც აფიქსირებდა. გარდა საკუთრივ ნახატებისა, წარმოდგენილი იყო აგრეთვე ძალზე საინტერესო ანოტაციური მასალაც. საილუსტრაციოდ ზოგიერთ მათგანს აქვე შემოგთავაზებთ:

„თერძები თავინთ მამამთავრებად სთვლიდნენ ადამსა და ევას, რომელთაც თავიანთი სიშიშვლე დაიფარეს რა ფოთლებით, მათვე საწყისი დაუდვეს ტანსაცმლის მკერაობასა”.

… საგაზეთო ინფორმაციის თანახმად, მოთხრობა „ფერადი ბუშტების” ავტორი, ყოფილი „ცის. ყანწელი” პაოლო იაშვილი ყრილობაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც რუსულ გაზეთებში დაიბეჭდა სათაურით „Воздух нашей страны”. ამასთან დაკავშირებით პაოლო იაშვილის მეგობრულ შარჟს თან ერთვის ფუნაგორია:

„სტუმრებს მიუძღვნა პაოლომ სიტყვა ურითმო, შაირი

ასწიეთ, ყანწით დაცალეთ ჩვენი ცისფერი ჰაერი”.

… ფრაგმენტი აკაკი წერეთლის მიერ ბეჟან წერეთლისადმი მინაწერი წერილიდან: „რადგანაც ხვალ მივდივარ თბილისში და შენი უნახაობა კი ვერ მომითმენია, მიშუამდგომლე შენს ცხენთან, რომ მე თუ არა მცემს პატივს, ჩემს სადილს მაინც სცეს პატივი და სადილად ჩემთან ამოგიყვანოს. შენი აკაკი”…

და ბეჟან წერეთლისა და მისი ცხენის ვოიაჟის ამსახველ შარჟს თან ერთვის მენიუც, რაც ჩვენი დღევანდელი საყოველთაო შიმშილობის ფონზე, სადისტურს აღარ ვიტყვი და აქტუალურად მოჩანს:

„სადილი აკაკის სახლში. 25 მკათათვე, 1899 წელი:

წვანილი, ზურგიელი, სულგუნი, რაჭული ლორი ღომით.

რეზო ლაღიძე

                                        

                               შემწვარი:                                 ტკბილი:

 

ა) კალმახი ცივად            ა) გოჭი შინდის ჩურჩით            ა) მაყვლის ფელამუში

ბ) ინდოური ჩადებული   ბ) ვარიები ისრიმ მაყვლით        ბ) ნაყინვი

გ) ცივი დედალი             გ) სუკის მწვადები                    გ) ხილი

დ) ბეჭი საწებლით                                      

ე) ჩიხირთმა

                                                 

                                                      სხოლიო:

მოლხენა ქართული, ღვინის სმა სურვილისამებრ დაძალება აღკრძალული,

უკუღმართი „მრავალ ჟამიერ” და სხვა მაგვარი უარყოფილი

 დაბა საჩხერე”

… 1921 წლით დათარიღებული შალვა ქიქოძის შარჟის კომენტარი: „საიდან იყო არ იყო, ეს ამბავი გაიგო საფრანგეთის მთავრობამ, რომელიც გამბეტას გულს უფრო უფრთხილდება, ვიდრე საფრანგეთისას. იმავ დღეს თვით პრეზიდენტი მილერანი მოვიდა დელეგაციაში, საქმის გამო შალიკო (ქიქოძე) ამ დროს ბერლინს იყო წასული და სტუმარს თვით ლადო გუდიაშვილი დახვდა. მათი ბაასი დაახლოებით ასეთი იყო: ლადო გუდიაშვილი

ლადო: – თქვენ ვინ ბრძანდებით (წარმოიდგინეთ „მუსიოც” კი არ მიუყოლებია)?

მილლერანი: – მე, ბ-ნო რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლავართ, მილლერანი!

ლადო: – აჰააა! გამიგონია, გამიგონია! თქვენ ნიკო ფიროსმანიშვილს იცნობთ?

მილლერანი: (წითლდება) – არა, ბატონო, არ მქონია ბედნიერება.

ლადო: – ძლიერ სამწუხაროა!.. უკაცრავად, ამჟამად ერთობ ბევრი საქმეები მაქვს, შემდეგ შემოიარეთ.

მილლერანი წავიდა და ამგვარად გამბეტას გულის საკითხი ჯერჯერობით გამოურკვეველი დარჩა (აი, როგორ ეხმაურება გაზეთი „კვალი” (№8, 1901 წ., 18 ნოემბერი, გვ. 1) ტომით ებრაელ, 1838 წ. ქალაქ კაპორში დაბადებულ ლეონ გამბეტას: „იგი საფრანგეთის რესპუბლიკის ერთი დამაარსებელი, მისი სულის ჩამდგმელი და დამმაგრებელი იყო”).

… ისევ „გამბეტას გულის” გამო ლადო გუდიაშვილის წერილი პარიზიდან ავტოშარჟით, რომელიც არგენტინელი მხატვრის მიერ შესრულებულ ლადოს შარჟთან ერთად დასტამბულია ჟურნალ „ეშმაკის მათრახში”:

როდესაც ბ-ნი გული გამბეტასი პანთეონში გადმოასვენეს, მე იქ გეახელ, როგორც თქვენი წარმომადგენელი, დავალებისამებრ სიტყვაც წარმოვთქვი, თუმცა არ მახსოვს, რომელ ენაზე. გული საშინლად მომეწონა. მოგეხსენებათ თქმულება: „გული გულს იცნობსო”. ვეღარ გამიძლო გულმა, იმავე ღამეს მოვიპარე პანთეონიდან გამბეტას გული, შემოვჯექ პანთეონის სახურავზე, ჩემდა ბედათ მშვენიერი მთვარიანი ღამე იყო და შემოვძახე: „ოჰ, მთვარევ, მთვარევ! ამ გულის გამოგზავნა მინდა თქვენთვის, მაგრამ საზღვრებზე საფრანგეთიდან გამოსვლელებს სინჯავენ და კარგ გულს საქართველოში არავის ატანენ!”

…„ქართველთა და მაჰმადიანთა საკითხის” ილუსტრაცია გადმობეჭდილია ყოველკვი­რეული იუმორისტული ჟურნალის „მათრახი და სალამურის” 22-ე ნომრიდან: „მაშინ, როდესაც ბაქოელი ექიმი ბ-ნი სულთანოვი აჭარლებისა და ქობულეთელების თურქებათ გარდაქმნას ლამობს, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე გრ. რობაქიძე თვით სპარსეთის შუაგულში შეიჭრა და თავისი ლექსებით აღვიძებს მათ გულში გაქართველების სურვილს”.

… დოდო ანთაძისა და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძის შარჟს პიერ კობახიძის ფუნაგორია „ამკობს”:

დოდო ალექსიძე და ბადრი კობახიძე

 დოდომ აიღო დო-დო,

დიმიტრიმ უთხრა რე-რე,

რაც უნდათ იმას დგამენ,

რაც უნდათ იმას წერენ”.

… მწვერვალის პიკზე შემოსკუპული გალაკტიონი მთის ძირში შეჯგუფულ ქართველ მწერლებს ორაზროვნად ეპატიჟება: „– აბა, ძამიკოებო, ამოდით, ამოდით ჩემთან!”

და კიდევ: „მახარაძის რაიონის მერიის სასოფლო საბჭოს სოფელ ხვაბრეთის მკვიდრმა თევდორე თავბერიძემ, რომელიც ქაღალდის თამაშით ერთობოდა, ერთ დღეს სხვა რომ ვერაფერი ნახა, მეზობლის თხას ეთამაშა და თხის სვლებს თვითონვე აკეთებდა. მან იმ დღეს წააგო თხასთან თამაში და მას რქებზე 25-მანეთიანი ჩამოკიდა. როცა თხის პატრონმა ეს ნახა, თედომ უთხრა:

რა ვქნა ბატონო, ქაღალდში მომიგო შენმა თხამ და სიტყვას ხომ ვერ გავტეხო, და ფული არასგზით არ დაიბრუნა.

მეორე დღეს თედომ ისევ ითამაშა თხასთან ქაღალდი და ამჯერად მოუგო მას და რადგან თხას ფული არ ჰქონდა, დაკლა თხა და სხვა მეზობლებთან ერთად თხის პატრონიც დაპატიჟა”-ო.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ბოლოს იმ უნიკალური კოლექციის უდიდესი ნაწილი მამამ ცეკავშირში მის მიერვე დაარსებულ კოოპერაციულ მუზეუმში გამოფინა. ექსპოზიცია საკუთარი ხარჯებით საკომისიო მაღაზიებში შეძენილ ძველებურ ჩარჩოებში განათავსა. როცა სამსახურებრივი ტრავმით დახეიბრდა, ცეკავშირის თავმჯდომარემ გაქირავების მიზნით მუზეუმის ფართის დაცლა მომთხოვა. ექსპონატების გამოზიდვისას ბევრი რამ მომპარეს. ის ძვირფასი ჩარჩოები მოეწონათ და იმიტომ. მერე კი ჩვენი სახლის ნგრევისა და ხანძრის გამო, სხვის  სარდაფში ჩატანილი ის კოლექცია, ჩვენი ოჯახის არქივსა და ბიბლიოთეკასთან ერთად გამსკდარი მილის ნიაღვარმა ჩარეცხა და განადგურდა!

აი, ასე: ტრაგიკული და კომიკური ხომ ერთი ცხოვრებისეული „მედლის” ორი მხარეა.

მამას გამოფენა

 

 

 

მარინა ბუზუკაშვილი