ერთი საოჯახო „ტრიპტიქი“
ერთი საოჯახო „ტრიპტიქი“

როცა შენთვის უსაყვარლეს ადამიანებზე მსჯელობ, რა თქმა უნდა, ემოციები გეძალება… მით უმეტეს, თუ აწ გარდაცვლილებს იხსენებ და მით უფრო, თუკი ეს მამას, ბაბუას, დიდ პაპას ეხება. ამიტომ ჩემი მონათხრობი ვინმემ სუბიექტურობაში რომ არ ჩამომართვას, შევეცდები, ყოველგვარი მამაშვილური და შთამომავლური გრძნობებისგან დისტანცირებით გიამბოთ მამა-პაპაზე, ჩემს საოჯახო გენეტიკაზე. ამ ცხოვრებისეული ორომტრიალით გადაღლილთ იქნებ გაგიკვირდეთ კიდეც, რა დროს ეგ არისო, მაგრამ არის. არის იმიტომ, რომ ოჯახი პატარა სახელმწიფოა. პატარა კი ყოველთვის დიდის საწყისია. ამ ლოგიკით, ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია.

როცა ამ გადასახედიდან ჩემი ებრაელი მამა-პაპის ნაჯაფარს გონების თვალით ვუმზერ, თამამად შემიძლია ვთქვა: ბუზუკაშვილების საოჯახო აქტივი არ წარმოადგენს მარტოოდენ ამ ოჯახის ისტორიას. ეს ებრაული აქტივი ამ ქვეყნის ბექგრაუნდიც არის. არის, რადგან ამ ოჯახმა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ცივილიზებული სტანდარტით იცხოვრა. ამ მაღალ სტანდარტში ვგულისხმობ სამოქალაქო ვალდებულებათა ზედმიწევნით განაღდების უანგარო სტილს, მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა მოცულობით პაკეტს, რაც მომავალი თაობების სამოქალაქო ორიენტირებისათვის არის ნიშანდობლივი. ყოველივე აღნიშნული ილუსტრირებულია როგორც ქართულ, ისე საკუთრივ ებრაულ რელიგიურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ სხვა სეგმენტებში. ამიტომაც გთავაზობთ ამ სახელდახელო საოჯახო „ტრიპტიქს“.

დიდი პაპა

ევროპული განათლება ბუზუკაშვილების ოჯახში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დიდი პაპის, ევროპაში (კრაკოვსა და ვარშავაში) განსწავლული და ევროპაშივე რაბინად ნაკურთხი ელია ამშიკაშვილის მეშვეობით შემოვიდა. ელია მამაჩემის − დავით ბუზუკაშვილის დედის მამა გახლდათ. სწორედ ელიას აშენებულია ონის სინაგოგა, რომლის 120 წლისთავი შარშან სექტემბერში აღინიშნა. სინაგოგა მავრიტანული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია. ეს ის სტილია, ევროპის მოწინავე დედაქალაქების ლანდშაფტებს რომ ამშვენებს. ამ სინაგოგით ჩვენმა ოჯახმა საქართველოში მატერიალური კულტურის ძეგლი დატოვა. სხვათა შორის, ამ სინაგოგას საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლის სახელმწიფო სტატუსი ოფიციალურადაც აქვს მინიჭებული. კულტურული მემკვიდრეობის ეს არქიტექტურული ძეგლი ელიამ ევროპული საქმიანი სამყაროს მეგაგრანდების − როტშილდებისა და ნობელების შეწევნით ააგო. ამ ძეგლის ასაგებად გაწეული ძალისხმევით ელია ცივილიზებულ სულისკვეთებასაც ნერგავდა. როცა ონის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა სათანადოდ გაიშლება, ეს ძეგლი თავისი ულამაზესი ისტორიით სავალუტო შემოსავალს მოიტანს. კომუნისტური ათეიზმის ეპოქაში, როცა ეკლესია-მონასტრების ნგრევის ვანდალური კამპანია გაჩაღდა, ონის სინაგოგის გადასარჩენად ჩვენმა ოჯახმა მეტად სარისკო აქცია განახორციელა: ყველა ქალ-რძალი და ჩვილი ტაძარში გამოკეტეს. მათ ქცევას ონის მთელმა ებრაულმა თემმა მიბაძა. დიდი  ბაბუა – ელიას მძახალი მოსე ბუზუკაშვილი მოელაპარაკა რაჭის ერთ-ერთი სოფლის მეტად გაჭირვებულ მეძუძურ ქალებს, რომლებიც საკუთარი ჩვილებიანად ჩავიდნენ ონში და სინაგოგას წრე დაარტყეს. მათი მეშვეობით ებრაელი მამაკაცები სინაგოგაში გამოკეტილებს მალულად რძეს აწვდიდნენ. როცა მნგრეველები ტაძარს მიადგნენ, შიგნიდან და გარედან გამაყრუებელი წივილ-კივილი  ატყდა. ვანდალები გაოგნდნენ. დრო გაიწელა. ამასობაში კი ებრაელმა მამაკაცებმა თბილისში მთავრობაში საქმე „ჩააწყვეს“ და სინაგოგის ხელშეუხებლობის საბუთი მოიპოვეს. სინაგოგა გადარჩა. მადლიერმა მოსე ბაბუამ ის რაჭველი ქალები და ბავშვები ფინანსურად გულუხვად დაასაჩუქრა. ელია ამ დროისათვის უკვე ცოცხალი აღარ იყო. იგი 40 წლის ასაკში 1912 წელს, ერთ-ერთი საგანმანათლებლო მისიის დროს, ნალჩიკში (ყაბარდო) ფილტვების ანთებით დაიღუპა და ალაგირში (ჩრდ. ოსეთი) დაკრძალეს. სამმეტრიანი თოვლის გამო, დაკრძალვას მისი მრავალრიცხოვანი ოჯახიდან ვერავინ დაესწრო. გაზაფხულზე თოვლის დადნობის მერე კი რაბინებმა ოჯახს  ონში ნეშტის გადასვენების ნება არ დართეს – სადაც  ღვთის ნებით აღესრულა, იქვე უნდა განისვენოსო. და კიდევ: საჩხერეში სინაგოგის გახსნის ზეიმზე წმინდა საცავის კარის გაღების პატივი ელიას ოჯახმა 120 ოქროს თუმნად (ანუ 1200 ოქროს მანეთად) შეიძინა. ამ ინფორმაციას გვაუწყებს იცხაკ დავიდის თელ-ავივში გამოცემული ფუნდამენტური ნაშრომი – „ებრაელთა ისტორია კავკასიაში“ (ტ.2, გვ. 621).

 

სხვათა შორის, ელია ფინანსურად შეეწია რაჭველი ყიფიანების წამოწყებას, რომელიც დიდი დიმიტრი ყიფიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლის აგებას ისახავდა მიზნად. და კიდევ: ელიას ერთი უცხოელი მეგობარი, რომელმაც დიდ ბიზნესში მწვერვალებს მიაღწია, ცნობილ „ტიტანიკზე“ დაიღუპა…

 ბაბუა

ელიას სიძე (მამაჩემის მამა) არონ ბუზუკაშვილი გასაბჭოებამდე საერთაშორისო ასპარეზის მქონე ბიზნესმენი იყო: მარსელში კრამიტის მანუფაქტურებს ფლობდა. ლოძში (პოლონეთი) აბრეშუმს აწარმოებდა. სტამბულში, შუა აზიასა და ჩრდ. კავკასიაში ტყავ-ბეწვეულს, ბაქოში ნავთობს, მოსკოვში მაუდს (მოსკოვში მისი კომპანიონი იყო გენიალური მხატვრის პეტრე ოცხელის მამა, გრიგოლ ოცხელი). ჰყავდა საკუთარი გემი „კოსმოსი“. იყო მსხვილი საბიუჯეტო გადამხდელი, დიდი ქველმოქმედი, მედიასპონსორიც, მაგალითად, ებრაულ გაზეთ „მაკაველს“, სანამ კომუნისტები დახურავდნენ, ყოველ ნომერზე ურიცხავდა 75 გრ. ხალას ოქროს, ამის შესახებ გაზეთის სამივე ნომერი იუწყებოდა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 17/დიუმას 30-ში ბუზუკაშვილების საგვარეულო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის პროცესში სავალდებულო საბიუჯეტო გადასახადებთან ერთად ბაბუა არონმა მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ფინანსური შენატანები განახორციელა ქართველ დამშეულთა სასარგებლოდ და წითელი ჯვრის სასარგებლოდ. ებრაელი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ ჯვართან, როგორც ასეთთან, მიმართება არა აქვს, აცნობიერებს რა აღნიშნული ორგანიზაციის მისიას, ჰუმანიტარული მიზნებით ახორციელებს ფინანსურ საქველმოქმედო დახმარებას. იყო ებრაული თემის დიდი შემწე და თანამდგომი.

ამგვარი თავგამოდებული ძალისხმევით ჩვენი ოჯახი სხვა სივრცესა და გეოგრაფიაში − არ ვაჭარბებ − ფორბსელები ვიქნებოდით, მაგრამ პოლიტიკური ბედის ირონიით, რეპრესირებული ბაბუა არონი ბოლოს უბრალო მუშად და პროლეტარად აქციეს. არადა, მანამდე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მეწარმე ჰარიმანთანაც, რომელიც იმხანად ჭიათურის მარგანეცის საბადოებს ფლობდა. შემდგომში  −  სტალინისა და ბერიას ეპოქაში მისი შვილი ავერელ ჰარიმანი საბჭოთა კავშირში ამერიკის ელჩი გახდა. ბაბუა არონი მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ პერსონებთან, გენიალურ მარკ შაგალთან, ალიბეგ ჰიქმეთთან, მონია და დორა ოსტროვსკებთან, გრიგოლ და სავლე წერეთლებთან, გრიგოლ ოცხელთან, გრიგოლ წულუკიძესთან, დავით ბააზოვთან. ეს უკანასკნელი მამაჩემის და ბიძაჩემის ნათლია გახლდათ. და კიდევ: ბაბუას უფროსი ვაჟი, ბინიამინ ბუზუკაშვილი 1927 წელს მოსკოვში სიონისტობის ბრალდებით დაიჭირეს. 10 წელი აშხაბადის ციხეში ამოათია. 1937 წელს  ციხიდან გამოსვლისთანავე ჩინეთის საზღვარზე გადასვლის მცდელობისას დახვრიტეს და (იქედან ისრაელში გაპარვას აპირებდა)…

მამა

მამაჩემს – საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, დავით ბუზუკაშვილს საკუთრივ ჟურნალისტური პრაქტიკის გარდა, კიდევ მრავალმხრივი ინტერესები გამოარჩევდა: იყო ინტენსიური მკვლევარი, წარმატებული მთარგმნელი (მაგალითად, ჩეხოვის ქართულენოვან სამტომეულში დასტამბული გენიალური „თოლია“ მამას თარგმანია). გამომცემელი, ბიბლიოფილი, ქართული კულტურის მოამაგე და მეოხი. იყო მრავალი საინტერესო პუბლიკაციის, ნაშრომის, კრებულის, პიესის, საგამოფენო ვერნისაჟების ავტორი. როგორც ქართული, ისე საკუთრივ ებრაული თემატიკის უამრავი უცნობი და უნიკალური ფაქტი ამოწია მტვერწაყრილი არქივებიდან. თუმცა, მთელი ეს ძალისხმევა მას არ „დაუსაქონლებია“ რაღაც რეგალიებსა და ხარისხებში. სრულიად უანგაროდ და უხმაუროდ იღვწოდა და მამას ეს ღვაწლი ცალკე წერილის თემაა. ამიტომ ამჯერად რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ მისი მოგონებებიდან:

„…ერთხელ, ღრმად მოხუცი პაპამისი, მოსე ბუზუკაშვილი, ოთახში ტახტზე წამოწოლილი „ნინოშვილის გურიის“ რადიოდადგმას უსმენდა. ჩასძინებია და გურული ფირალების სროლის ხმაზე  გამოღვიძებულს თვალისგახელისთანავე მამაჩემისთვის უთხოვია: არიქა ბაბუ, გადაიხედე ფანჯარაში,  ისვრიან და ბოლშევიკები ხომ არ მიდიანო…“

„…ერთ შაბათ საღამოს ვახშმობისას სახლის წინ მანქანის დამუხრუჭების ხმა მოესმათ (მაშინ თბილისში მანქანები კანტიკუნტად დადიოდა). ბაბუამ ფანჯარაში გადაიხედა და სახლის წინ უშიშროების შავი „М1“− ის დანახვით გამწარებულმა შუქი ჩააქრეთო, იყვირა. მალევე კარში მაუზერიანი ლავრენტი ბერია გამოეცხადათ და ბაბუას ნიშნისმომგები ღიმილით მიმართა: − შენ რომ წესიერი ებრაელი იყო, შაბათს შუქს არ ჩააქრობდიო. გაფითრებულმა ბაბუამ ბებიას ძვირფასეულობით სავსე ზარდახშა გამოატანინა. ჩაკეტილი ზარდახშის გასაღები დამეკარგაო, ლუღლუღებდა შეშინებული ბებია. ლავრენტი პავლოვიჩმა მაგიდიდან აღებული დანით ვერცხლის ულამაზესი საკეტი უპრობლემოდ გახსნა და ზარდახშაში ჩაიხედა. მერე კმაყოფილმა მაუზერიანი ხელი ატირებულ მამაჩემს თავზე გადაუსვა და იმ ზარდახშიანად გაუჩინარდა. რაღაც დროის მერე მამამ ოპერაში ბებიას ერთ-ერთი ყელსაბამი ბერიას მეუღლის ნინა გეგეჭკორის ყელზე შენიშნა. ეს იყო ბაბუას მიერ პარიზიდან ჩამოტანილი უძვირფასესი კოლიე. ხავერდის დეკოლტირებულ კაბაზე ეკეთაო, გვითხრა.  რა გრძნობა უნდა დაუფლებოდა ყმაწვილკაცს, დედამისისთვის წართმეულ სამკაულს სხვა ქალზე რომ ხედავდა,  ჩვენთვის არ უთქვამს. მხოლოდ მწარე ღიმილით დასძინა: ძალიან, ძალიან უხდებოდაო…“

„…ეპიზოდი მამას ბიოგრაფიის მცხეთური პერიოდიდან: ერთხელ იგი ხელმძღვანელობამ დაიბარა და სოფელ წილკანში წასვლა დაავალა − საუფლო დღესასწაული დგება და მოსახლეობამ დაკეტილ ტაძარში შესვლა არ გაბედოსო. მეტი რა გზა იყო, მამაც წავიდა. ტაძრის ეზოში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი საკლავით, ღვინით, პურ-მარილით, სანთლებით. თუმცა, ტაძრის კარები ტრადიციულად ჩარაზული დახვდათ. მამამ ვერ გაუძლო გაწბილებული წილკნელების ცქერას და სოფლის ხელმძღვანელს ტაძრის კარის გაღება დაავალა. მანაც ზემოდან გამოგზავნილი კაცის დავალება უსიტყვოდ შეასრულა და  კარი გააღო. გახარებულმა წილკნელებმა საოცარი აღტკინებით ილოცეს, იდღესასწაულეს: ზღაპრული სუფრა გაშალეს და დილამდე მოილხინეს.

−  შენ ხომ რაიკომიდან გაგგზავნეს, არ შეგეშინდა, ვინმეს რომ დაებეზღებინე?  −  ვკითხე მამას ამ ამბის გახსენებისას.

− ვის უნდა დავებეზღებინე. ვინც საშიში იყო, საქმეში გავიყვანე: კოლმეურნეობის თავმჯდომარე თამადად დავნიშნე, პარტორგანიზაციის მდივანი − თამადის მოადგილედ. წილკნელები კი რატომ დამაბეზღებდნენ. სათითაოდ მლოცავდნენ: რამდენი წელია, ტაძარში შესვლა არ გვღირსებია, შვილო, შენ გაიხარეო“.

… მამას, ამ საოცრად ტრაგიკული ბედის კაცს, ქართული ღიმილის უნიკალური არქივიც ჰქონდა…

მარინა ბუზუკაშვილი

დატოვე კომენტარი