ერისკაცები ადამიანური იმიჯით
ერისკაცები ადამიანური იმიჯით
ეკატერინე გაბაშვილი

მამაჩემის არქივის ეს მასალები ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ცხოვრებისეული ფრაგმენტებია. ცნობისათვის: პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლისას ილიას გენიალური კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის და შეუყვარდა. მისი გრძნობა უპასუხო არ ყოფილა და ორმხრივი სიყვარული ლოგიკურ ფინალამდე – შეუღლების გადაწყვეტილებამდე მივიდა. დიდი პოეტის სატრფომ ილიას საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლაზე თანხმობა განუცხადა. როცა შეყვარებულებმა თავიანთი გადაწყვეტილება საპატარძლოს მამას მოახსენეს, რუსეთის საიმპერიო არმიის მაღალი ჩინის გენერალმა, რომ იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ჩემს ქალიშვილს სადღაც, მიყრუებულ პროვინციაში ვერ გადავკარგავო. სასიმამროს კატეგორიულობა შეუვალი აღმოჩნდა და საბოლოოდ სამშობლოში ილია სიყვარულში გაწბილებულ-ხელმოცარული გამოემგზავრა.

ქვემოთ შემოთავაზებულ ბიოგრაფიულ ფრაგმენტებში დღევანდელი გადასახედიდან მეტად საგულისხმოდ მოჩანს მე-19 საუკუნის საქართველოს ამ ორი დიდი ერისკაცის პიროვნული იმიჯი: მათი ხასიათის თავისებურებები, ადამიანური ურთიერთობები, გაჭირვებულისათვის დახმარების ხელის გაწვდენის იშვიათი და საშური თვისებები.

აღსანიშნავია, რომ მამაჩემს გამოსაცემად გამზადებული დარჩა წიგნი ილია ჭავჭავაძის შესახებ სახელწოდებით: „აი, ვინ იყო კიდევ ილია!“ (ეს  ფრაზა საბავშვო მწერალ ეკატერინე გაბაშვილის  ვაჟის – რევაზ გაბაშვილის მოხსენების ციტატაა. მოხსენების, რომელიც გასაბჭოების გამო საქართველოდან აყრილი და  უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი პარიზული ემიგრაციის მიერ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ საღამოზე წარმოთქვა).

თავდაპირველად გთავაზობთ ეკატერინე გაბაშვილის მოგონებას, რომელიც მამაჩემის მიერ გამოსაცემად გამზადებული ზემოაღნიშნული  წიგნიდანაა და შეყვარებულ ილიას წარმოაჩენს.

 

მარინა ბუზუკაშვილი

 

როგორ უყვარდა

 

როდესაც პოლტარაცკიმ განაახლა ნაცნობობა ილიასთან, სხვათა შორის, ილიას ცოლის შერთვაზე ერთხელ მიამბო შემდეგი:

გასაოცარი რომანტიკოსია ეს თქვენი ბრწყინვალე ლიტერატორი და პირველი სორტის ქართველი ილია. ბევრი ტანჯვა და „ვაი-ვაგლახი“ გადაიარეს ოლღამ და ილიამ, ვიდრე ერთმანეთს დაუახლოვდნენ და მერე შეუღლდნენ. მე ერთ ფაქტს იმის გადარეულის სიყვარულისას გიამბობთ, მხოლოდ და იქითგან შეგიძლიათ შეიტყოთ, თუ სადამდის ძლიერი იყო მისი რომანტიკული სიყვარული-ო…

ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის და მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. და თუ რამდენად ძლიერი იყო ილიას გატაცება თავის სატრფოთი, ერთი მაგალითი გვიამბო:

ილიას ჰყავდა ლალა (სახელი დამავიწყდა), შუა ხნის კაცი, ყოფილი ყმა, რომელიც უნივერსიტეტშიაც თან ახლდა და წამით არა შორდებოდა თავის საყვარელ აღზრდილ ნებიერს და ეხლაც ორ მიჯნურთა შუა, ეს ლალა იყო მათი მესაიდუმლე.

ერთ საღამოს, ჩვენთან უნდა შეგროვილიყვნენ საერთო მეგობრები. ილიას მსახურმა სუყველაფერი დაამზადა. ცხელ-ცხელი სამოვარი მოგვართვა და თითონ სადღაცა მიიმალა. ილია კი საშინელ მოუსვენრობას იჩენდა. ერთ ალაგას ვერა ჯდებოდა. ლაპარაკს სწყვეტდა, პასუხს შეკითხვებზე რიგიანად ვერ იძლეოდა და მოუთმენლად შედიოდ-გადიოდა. შუა ღამე გადასული იყო, როდესაც ქუჩის კარებში დარბაისელმა მსახურმა თავი შემოყო და ვერ წარმოიდგენთ თუ რა მოხდა. ეს ჩვენი ლიბერალი და თავისუფლების მოტრფიალე პოეტი, სწვდა თავის მოამაგე ლალას საყელოში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ისე დაუწყო ჯანჯღარი და თან უშვერად ლანძღავდა და აგინებდა: „მხეცო, ჩერჩეტო, უგუნურო, პირუტყვო, სად იყავი აქამდე? სად ოხრობაში დაეთრეოდი, განა არ იცოდი, რომ გელოდი, სული კბილით მეჭირა! რომ შემეძლოს კბილით დაგგლეჯდი“ და სხვა.

ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე

„ყმაწვილო, ყმაწვილო, ილიკოჯან, ნუ დამახჩვე, დამაცალე, მათქმევინე, რაშიც იყო საქმე!“ – ღრიალებდა საწყალი მოამაგე ბებერი. თან ჩვენ წავეშველეთ, შევთათხეთ ილია ამგვარი თავხედობისთვის და ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ თავისი ერთგული შიკრიკი, რომელმაც მხოლოდ ახლა მოახერხა უბიდან ამოეღო ხელის ოდენა საიდუმლო ბარათი და ბრძოლისაგან მიქანცულმა მოხუცმა გადასცა მოუთმენელ არშიყს და თან თავის მართლებას შეუდგა: ქალი „ვეჩერში“ ბრძანდებოდა ნამესტნიკთან. 12 საათზე მოვიდა, სანამ თავის ოთახში შევიდა, სანამ მოახლემ შენი ბარათი გადასცა, სანამ საპასუხო უსტარი დასწერა, დრო იყო საჭირო თუ არა?

– მაპატიე, მაპატიე, ჩემო კარგო მეგობარო! – ლმობიერად მხარზე ხელი დაადო, ილიამ ლალას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბარათი გადაიკითხა.

მერე რომ იცოდეთ, რა იშვიათი კაცი იყო, რა უზომოდ ერთგული და მოსამსახურე, როგორი დედაშვილური სიყვარულით უყვარდა, უვლიდა და ყოველს იმის სურვილს ასრულებდა. არც ერთი დედა, არც ერთი აღმზრდელი ვერ გამოიჩენდა ამოდენა ალერსს, ამდენ სინაზეს, როგორც ის უბრალო გლეხი თავის აღზრდილისადმი: გახდიდა ტანთ, როგორც ბალღს, ჩააწვენდა გამზადებულ ლოგინში, დაუჯდებოდა ფეხთით და… თან ზღაპრებს უამბობდაო. მანამ დაეძინებოდა ნებიერს და მერე პირჯვარს გადასწერდა სასოებით და ფეხის აკრეფით დადიოდა სამზარეულოში.

ამ სიტყვებით დაასრულა პოლტარაცკიმ ამბავი ილიას მიჯნურობის შესახებ“…

 

•••

 

ვინმე სოსიკო მერკვილაძის მოგონებები აკაკი წერეთელზე 1908 წლის 7 დეკემბრით არის დათარიღებული და წარმოაჩენს აკაკის ურთიერთობას გლეხებთან:

 

სხვიტორი

 

აკაკის სახლი მდებარეობს დაბა საჩხერეს გადაღმა აღმოსავლეთის მხარეს (სხვიტორს), სდგას მაღლობზე გონჯის ხევის მთის კალთებში. სახლი ქვითკირისაა, ძველებური ნაშენია და შეიცავს ათს ოთახს და ორ დიდ დარბაზს. ბუხრები გასაოცარი ხელოვნებით არის მოჩუქურთმებული…

ჩრდილო დასავლეთით დასცქერის გონჯის ხევის მთა, რომელიც აკაკის ეკუთვნის. დასავლეთით ჩამოურბის ღელე გონჯურა, რომლის სათავეშიც (აკაკის მამულია) დიდი ხანი არ არის, რაც აღმოჩნდა „აბანო“ გოგირდის წყალი, რომელიც რგებს დახუთულთა და ქარიანებს და რომელიც ჯერ-ჯერობით მოუწყობელია. სამხრეთ აღმოსავლეთით ჩამოურბის გიჟმაჟი ჩიხურა, რომელიც იქვე ორ ტოტად გარს უვლის აკაკის დედის, ეკატერინესგან გაშენებულ ბაღს, რომელშიც სხვადასხვა საუკეთესო გასაოცარ ხეხილის გარდა, რამდენიმე უზარმაზარი აუზი იყო და თითოეულ აუზში მოთავსებული იყო სულ სხვადასხვა ჯიშის თევზეულობა. მახსოვს, აკაკის დედის სიცოცხლეში დილით დარეკდნენ ბაღში დაკიდებულ ზარს და მის ხმაზე თევზები გამოდიოდნენ ჯილეებიდან და მოეფინებოდნენ აუზის მთელ ფსკერს. ამ დროს ეძლეოდათ თევზებს საჭმელი…

აკაკის წერეთლის სახლი

ცქვიტი, კამკამა მდინარე ჩიხურა სავსეა თევზით, ცოტა ზემოთ კი კალმახით.

აკაკი შინ იშვიათად არის. შინ მხოლოდ აკაკის უფროსი და, ანა არის და, შეძლებისდაგვარად, განაგებს ოჯახს.

… დედა აკაკისა, ეკატერინე შესანიშნავი და განვითარებული მანდილოსანი იყო. ზემო სართულის ერთი ოთახი წიგნთსაცავად ჰქონდა… მომეტებულ ნაწილს შეადგენდა საეკლესიო წიგნები და  ხელნაწერები, სამღვთო წერილებში გაბრძნილი ეკატერინე ერთ გასაოცარ მშრომელ მეურნე დედაკაცად ითვლებოდა მთელ მაზრაში. ზემოხსენებული ბაღიც ამ დაუღალავი ეკატერინესგან იყო გაკეთებული და კოპწია პატარძალივით მორთული და შემკული…

მოვიყვან ორიოდე მაგალითს… ექვსი ვერსის მანძილზე სასახლიდან აკაკის აქვს მამული „კვერეთი“ ზომით სულ ას დესეტინამდე. კურორტი მდებარეობს მთებს შუა და შემკულია ბაღ-ვენახებით, კამკამა წყაროებით და დამყნილი ხეხილით. ამ მამულსაც აკაკის განსვენებული დედის, ეკატერინეს ხელი ატყვია. იქ ეკატერინე თითო კვირაობით ადიოდა, დადგებოდა საკუთარი ეკლესიის გალავანში თავის სადგომად აშენებულ ფიცრულ სახლში, რომლის გვერდზეც მოშენებული იყო კრამიტით დახურული დიდი ოთახი მლოცველების ღამის გასათევად. ის ღვთისგან კურთხეული მანდილოსანი თავის ხელით მყნიდა არა თუ ბაღში, მთელ ტყეში მსხლებს, ვაშლებს, წაბლებს და ყოველგვარ ხეხილს უკანასკნელ სხმარტლამდე. დღესაც, რომ გაივლით ტყეში, ისეთი კარგი ჯიშის ხილი ასხია, გეგონებათ ტყეში კი არა, კარგი მეურნის დამუშავებულ ბაღში ვარო.

აკაკის მშობლები

აკაკის დედას პატარაობიდანვე შეესწავლა მკურნალობა. ერთი ოთახი სასახლისავე აფთიაქს წარმოადგენდა. ყოველდღე ხალხი მოდიოდა, რომელთაც აძლევდა სრულიად უსასყიდლოდ შესაფერ წამლებს. ხშირად მე თვითონ მიმიტანია განსვენებულისათვის გირვანქობით ქინაქინა, ზეთი და სხვა. რაც შეეხება სხვადასხვა წვეთებს, თვითონ ხდიდა. მთელი დარბაზი სავსე იყო გაბმულ თოკებზე ჩამოკიდებული სხვადასხვა ბალახეულობით, რომელსაც სამკურნალოდ ხმარობდა.

დედისგან გადმონაცემ და კარგად შესწავლილ მკურნალობას დედის გარდაცვალების შემდეგ განაგრძობს აკაკი და, ანა, რომელიც, დედის მსგავსად, სრულიად უსასყიდლოდ შველის ხალხს…

ზევით აღვნიშნეთ, რომ აკაკი ხშირად არ არის შინ-მეთქი. როცა კი ბრძანდება, მეტადრე თუ დარია, ყოველთვის სავსეა მისი სასახლე მნახველებით. ყველას სწყურია, ნახოს თავისი საყვარელი მგოსანი. გლეხს თუ თავადს, დიდსა თუ პატარას, ყველას სურვილი აქვს დასტკბეს აკაკის მკვირცხალი, მოსწრებული და მრავალმნიშვნელოვანი საუბრით. აკაკის შეუძლია მთელი დღე ისაუბროს და ამ ხნის განმავლობაში დაპყრობილი ჰყავდეს მსმენელის ღიმ-მოფენილი სახე თავისი გასაოცარი მჭერმეტყველებით…

აკაკის მამა, თავადი როსტომ როსტომის ძე წერეთელი, დიდი ყმოსანი თავადიშვილი იყო. შვილებს, დავითს და აკაკის, დაუტოვა მრავალი ყმა თავისი მამულით.

როცა ძმები, დავითი და აკაკი გაიყარნენ, გაყოფაზე მე თვითონ დავესწარი. აკაკიმ უარი განაცხადა ნაყმევების გაყოფაზე და გადაჭრით განაცხადა: „მე ყმები და ნაყმევები არ მინდაო“. ამაზე აკაკის ძმამ, განსვენებულმა დავითმა სთქვა: „მე, ჩემი ნახევრის მეტს არ ვირგუნებ და არც მინდაო“. რადგან აკაკი ვერავითარი გზით ვერ დაითანხმეს, მაშინ აკაკის დედამ, განსვენებულმა ეკატერინემ, აიღო ნაყმევების ნახევარი, რომელიც შემდეგ თავის შვილიშვილს (აკაკის შვილს) ალექსის გადასცა იმ დიდებულ ბაღთან ერთად, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე.

 

კვერეთი

 

ამ მამულში ათი გლეხია სხვადასხვა კუთხიდან მოსული და ჩასახლებული, რომლებმაც აკაკის პირობით მოსავლის მეოთხედი უნდა აძლიონ.

„კვერეთი“ ერთი საუკეთესო საფუტკრე ადგილია მთელ საქართველოში… იქ მდგმურ გლეხებს სხვათაშორის ჩაწერილი ჰქონდათ პირობაში, თაფლის მოსავლიდანაც უნდა ეძლიათ ნაწილი.

როცა ერთმა-ორმა გლეხმა თაფლი მოიტანა სასახლეში, აკაკიმ იკითხა, რათ მოიტანეს, გლეხებმა თაფლიო. როცა მოახსენეს, პირობაა და უნდა გავარიგოთო, მაშინ დაუძახა გლეხს და ჰკითხა:

– როგორ ჰყიდით თაფლს ბაზარშიო?

– ხან ორ მანეთად ვყიდით ფუთს, ხან მეტ-ნაკლებადაო, – უპასუხა.

– ჩვენი თაფლი რამდენი იყო? – ჰკითხა მგოსანმა.

– არ ვიცი, შენი ჭირიმე. ისე, საწყაოთი გავყავით და მოგართვით.

– არა, მაინც, რამდენია, სთქვით, უნდა ფული მოგცეთო.

– რათ ნებულობთ, ბატონო? ის თქვენი ხვედრია და იმაში ფულს არ ავიღებთ.

– როგორ შეიძლება, ფუტკარი ღვთისაა, თქვენ უვლით, მე რა წილი უნდა მედვას შიგ. არა, არა ძმებო, ფული წაიღეთ ან თაფლიო, – უთხრა მგოსანმა. არაფერ შემთხვევით თაფლი უფულოდ არ დაიტოვა.

 

საჩხერე

 

დარი მშვენიერი იდგა. ცხოველი მზის სხივები ტურფად ეფინებოდა ამწვანებულ მდელოსა და კორტებს.

… აკაკი ღია ფანჯარასთან იჯა. ამ დროს ცხენით ჩამოიარა… მოურავმა საჩინო ცქიტიშვილმა. მას გლეხი ნაყმევი ბოჭოიძე მოჰყვებოდა და მოერეკებოდა ხბოიან ძროხასა და ხარს. აკაკის დანახვისთანავე მოურავი ჩამოხტა ცხენიდან და თავი დაუკრა.

საჩხერე

– როგორ ხარ, საჩინო, საით ყოფილხარ?- ჰკითხა მგოსანმა.

– ღმერთმა გვიდღეგრძელოს თქვენი თავი. გახლავართ, ბატონო, ღვთისა და თქვენი იმედით. მე, ბატონო, ნაყმევებში გახლდით გაღმა – ბოჭოიძეებსა და ქველაძეებში.

ამ დროს გლეხიც მოვიდა და აკაკის დანახვაზე ნაღვლიანი სახე გაუბრწყინდა.

– ბატონი ადღეგრძელოს ღმერთმა.

– ოჰ, გაგიმარჯოს ღმერთმა, ჩემო ხახო. რა ამბავია, სად მიგყავთ ეგ საქონელი?

– გასაყიდად, ბატონო!

– შენია?

– დიახ, ჩემი გახლავთ.

– ბევრი გყავს საქონელი?

– რასა ბრძანებთ, შენი ჭირიმე. ამის მეტი არა გამაჩნია რა.

– მერე და, რათა ჰყიდი. განა გლეხკაცი როგორ იცხოვრებ უხაროდ?

– რასა ბრძანებთ,  ბატონო, –  ჩაერია მოურავი, – ეს ისეთი გლეხია, ბატონი ბატონად არ მიაჩნია და მოურავი მოურავად. ოთხი წელიწადი გადის, ამას ჩვენთვის არა მოუცია რა, არც ჭირნახულიდან, არც სამოსახლო და არც საბალახო.

– კი მაგრამ, თუ მეტი საქონელიც არა ჰყავს? – უთხრა აკაკიმ.

– არა, შენი ჭირიმე, ეს გამაჩნდა და მოურავმა გამომირეკა…

– როგორ შეიძლება, საჩინო, საქონლის გაყიდვა, რიღათი უნდა იცხოვროს მაგან?

– იმე, ბატონო, ერთს ბრძანებთ და მეორეს აღარ. ჩვენ რიღათი ვიცხოვროთ, შე დალოცვილო? – უთხრა წყენით მგოსანს მოურავმა.

– არა, ჩემო საჩინო! ეგ არ შეიძლება – უთხრა აკაკიმ მოურავს და ისევ გლეხს მიმართა – მაშ, მეტი აღარა გყავს აა?

– არა, შენი ჭირიმე.

– მოდი აქ, ხახო. აჰა, ეს, შენი დღევანდელი მოცდენის ქირა, – ამოიღო აკაკიმ ერთი მანეთი, მისცა გლეხს და უბრძანა – წადი და წაიყვანე შენთვის ეგ საქონელი და ოჯახს გაუფრთხილდიო.

გლეხს ცრემლები მოერია და ხელზე უნდოდა ეკოცნა აკაკისათვის, მაგრამ აკაკიმ ნება არ მისცა, ხელი უცებ გამოაცალა გლეხის ორივე გამოწვდილ ხელებს.

მადლიერი გლეხი შინისაკენ გაბრუნდა და ძალზე ნაწყენი მოურავი საჩინო კი სასახლეში.

 

ისევ საჩხერეში

 

აკაკი წერეთელი

ერთხელ პაპუნა წერეთლისაგან მოდიოდა აკაკი ჩემი თანხლებით. საჩხერის დუქან-ბაზარზე გამოვიარეთ. იქ ვნახეთ ალექსის ნაყმევი ქველაძე, რომელსაც ცალი ხარი ეკავა რქებზე გამობმული ბაწრით ხელში.

– ბატონი ადღეგრძელა ღმერთმა! – მისცა სალამი გლეხმა.

– გაგიმარჯოს! – უპასუხა აკაკიმ, – რა ამბავია, ხარი გიყიდნია?

– არა, შენი ჭირიმე, კი არ მიყიდნია, ვყიდი, შენი ჭირიმე, მაგრამ ნახევარ ფასად უნდათ – ვერ ველევი, მენანება მუქთად გადაგდება.

– მერე, რათა ჰყიდი, საუღლედ აღარ ვარგა? თუ ბევრი გყავს?

– რას მიბრძანებ, შენი ჭირიმე, ბევრი კი არა, ერთი უღელი ხარის მეტი არა გამაჩნია რა და შვილივით შევხაროდი, ისეთი ხარებია, მაგრამ რა ვქნა, რომ გაჭირვებულმა ვერა რა ვიღონე, ხელი ვერსად მოვინაცვლე.

– რა გაჭირვება გეწია ამისთანა?

– რა, შენი ჭირიმე და ფოსტის ფულში კიღამ ორივე წამართვა მამასახლისმა. არ ვიცი, ხვალ უკანასკნელი ვადა მაქვს ფულის გადახდისა და რამდენადაც იქნება უნდა გავყიდო. მეტი რა გზაა.

– და მერე რიღათი გინდა მოხნა და მოთესო? – ჰკითხა მგოსანმა.

– რიღათი უნდა მოვხნა, შენი ჭირიმე. თუ თოხით მოვთოხნი რამეს, თორემ მეტი ღონე აღარა მაქვს, შენი ჭირიმე.

– რამდენს გთხოვენ გადასახადს? – ჰკითხა აკაკიმ.

– თექვსმეტ მანეთს, შენი ჭირიმე.

– მოდი, აქ – უთხრა მგოსანმა, ამოიღო თექვსმეტი მანეთი და მისცა გლეხს.

– აჰა, წაიღე ეს თექვსმეტი მანეთი და გადაუხადე, მაგ ხარს ნუღარ გაყიდი, წაიყვანე შინ, – უთხრა მგოსანმა.

გლეხი სიხარულით აირია და ფულს არ ართმევდა.

– აა, შენი ჭირიმე, თქვენ როგორ გამოგართვათ ფული?

– წაიღე, გეუბნები და წაიყვანე ეგ ხარი შინ!

გლეხმა უარი ვეღარ გაუბედა, გამოართვა ფული და ცხენზე მჯდომ აკაკის მივარდა მუხლებზე საკოცნელად, მაგრამ მხიარულობით და მწუხარებით მოცულ გლეხის სახეს აკაკიმ ხელი დაუხვედრა.

– რასა შვრები? აბა, ეგ როგორ შეიძლება? წადი შენთვის შინ მშვდობით, – უთხრა ლმობიერად მგოსანმა.

გლეხი სახტად დარჩა, თითქო ენა დაებაო, წამს გონს მოვიდა და მიაძახა ცხენით მიმავალ აკაკის:

– ღმერთმა თქვენი თავი გვიცოცხლოს დიდხანს…