მასალა, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, მამაჩემის – დავით ბუზუკაშვილის მოგონება გახლავთ და მისი ბიოგრაფიის მცხეთურ პერიოდს ეხება. დროს, როცა მამა შემთხვევით შეხვდა თავის სათაყვანებელ ქართველ მოჭიდავეს, ლეგენდარულ სანდრო კანდელაკს.
მარინა ბუზუკაშვილი
„ყმაწვილკაცობაში დღენიადაგ იმაზე ვფიქრობდი, სანდრო კანდელაკი მენახა სადმე. მაოცებდა ამ კაცის ზებუნებრივი ძალა და ფიზიკური აღნაგობა…
1943 წელია, შემოდგომის სუსხიანი დილა. იმ დღეს სოფელში მივდიოდი. თბილისის სადგურში ხაშურის მატარებელი ჩამოდგა თუ არა, ჩემი ვაგონი მოვძებნე. შევნიშნე, კიბეს რკინის სახელური მოგლეჯოდა და ქვედა ჭანჭიკებიღა იჭერდა. გამცილებელს შევეხმიანე – ასეთი ვაგონით როგორ აპირებ-მეთქი მგზავრობას?
– რა ვქნათ, ხომ არ ჩავხსნით, სანდრო კანდელაკი გავაბრაზეთ და ჯავრი სახელურზე იყარაო, – მიპასუხა“. ეს ფრაგმენტი 1990 წლის 24 ივნისს გაზეთ „კომუნისტში“ დასტამბული რ. მჭედლიშვილის წერილიდანაა. ავტორს სანდრო კანდელაკისთვის თვალის შევლება ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. მე კი ორი წლის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი იმით, რომ შემეძლო ნებისმიერ დღეს შევხვედროდი ამ უჩვეულო ტანადობის კაცს და მომესმინა მისი ზღაპრული თავგადასავლები. ჩვენი გაცნობა 1949 წელს მოხდა.
იანვრის პირველ სამუშაო დღეს დილაადრიან ჩავედი მცხეთაში და რკინიგზის სადგურიდან ცენტრალურ ქუჩას ფეხით გავუყევი. ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი, რომ ჩემ წინ უეცრად ქვიტკირის ღობიდან გამოსული ვეება, მხარბეჭიანი კაცი აღიმართა. ცალ ხელში ხელადა ეკავა, მეორეში კი კალათი. ჩემს დანახვაზე თვითონაც შეჩერდა. გამომხედა. ხელადა და კალათი ყორეზე ჩამოდგა და დოინჯშემოყრილმა დამიწყო ყურება. როგორც კი მივუახლოვდი, მითხრა:
– კაი გამარჯობა შენი, პატარა კაცო! გატყობ, მცხეთელი არა ხარ.
– დიახ, თბილისელი ვარ.
– ამ უთენია რამ ჩამოგიყვანა?
– მატარებელმა.
– სად მიდიხარ ?
– სამსახურში.
– აქ, ჩვენთან, ყველა თბილისელს საუფროსო ადგილი უჭირავს და, ალბათ შენც იმათ ამქარს შემატებიხარ. გავეცნოთ ერთმანეთს. შენ, ალბათ, მიცნობ კიდეც.
– სამწუხაროდ, არ გიცნობთ, – ვუპასუხე დარცხვენილმა.
– მართალია, პირადად არა, მაგრამ სახელითა და გვარით უეჭველად გეცოდინები: მე მოჭიდავე სანდრო კანდელაკი ვარ!
ღმერთო ჩემო, სანდრო კანდელაკი, ჩემი თაობის სათაყვანებელი კერპი, ბეჭდაუდებელი ფალავანი!
– ბატონო სანდრო! როგორ არ გიცნობთ. ბედნიერი ვარ, რომ პირადად შეგხვდით.
– რადგან ერთმანეთი გავიცანით, მოდი, სახელდახელოდ სტუმარ-მასპინძლობა გავმართოთ. აი, იმ სახლიდან რომ გამოვედი, ჩემს მშობლიურ სოფელ ნიჩბისში მივდიოდი სიყრმის მეგობრებისათვის ახალი წლის მისალოცად. მე ჩემს გზას მაინც არ დავთმობ, მანამდე კი…
ეს თქვა თუ არა, ამხელა კაცი ბზრიალასავით დატრიალდა და იქვე ყორეზე ჩინებული სუფრა გაშალა. გაზეთზე დააწყო კალათიდან ამოღებული დედას პურები, ყველი, მოხარშული ქათამი, ყურძენი, ჩურჩხელები, ვაშლი, მსხალი და კაკალი. ხელადიდან ქარვისფერი ღვინო ჩამოასხა, ჭიქა ასწია და ცას შეღაღადა:
– ჰე, ღმერთო, რომელმან შეჰქმენ სამყარო ძალითა მით ძლიერითა, კიდევ მრავალ ახალ წელს დაგვასწარი ჯანმრთელნი და საღსალამათნი, მზეგრძელნი და ცას შებერებულნი, გვაცოცხლე და გვახარე, ამინ! გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ხომ გახსოვს დიდი შოთას ანდერძი? – მკითხა და თან სულმოუთქმელად დაცლილი ჭიქა კვლავ შეავსო და გადმომილოცა.
სადღეგრძელო რამდენიმე სიტყვით გავამდიდრე და ჭიქა მეც დავცალე. თან დედას პური მოვიტეხე. თვალს ვერ ვაცილებდი ბუმბერაზ კაცს, რომელიც საოცარი პეწითა და მარიფათით მმასპინძლობდა. ბატონმა სანდრომ ჭიქა კვლავ ასწია და მომმართა:
– ჩემო დავით, ამ სასმისით ღვთით კურთხეულ საქართველოს ვადღეგრძელებ. ღრმად მჯერა და მწამს, რომ სამოთხის დარი ეს არე-მარე ღმერთმა თავის დასასვენებელ ადგილად შეარჩია, მაგრამ, გაიგო რა, რომ ქართველებს საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნდათ, ეს წალკოტი მათ დაუთმო. საქართველოს გაუმარჯოს! – ამის თქმა და ჭიქის დაცლა ერთი იყო.
სულითა და გულით წარმოთქმული სადღეგრძელო მეც შევსვი.
ქუჩა თანდათან გამვლელებით ივსებოდა. ბატონ სანდროს უკლებლივ ყველა ახალ წელს ულოცავდა. თავის მხრივ, ჩემი მასპინძელი მარჯვენა ხელის გაღეღილ მკერდთან მიტანითა და იმავე ხელის თითებით ჰაეროვანი კოცნით ესალმებოდა ახლობლებს. ზოგს ღვინო შეასვა და ჩემი თავი გააცნო – რაიონის ახალი მუშაკია და სტუმარს პირველი მასპინძლობა მე გავუწიეო, – თავს იქებდა.
შემდეგი სადღეგრძელო, ბატონმა სანდრომ საქართველოს ძველ დედაქალაქს – მცხეთას, და მის ორ თვალმარგალიტს: მთის თხემიდან ამაყად გადმომყურე ჯვრის მონასტერსა და არაგვისპირიდან ცაში ატყორცნილ სვეტიცხოველს მიუძღვნა. სადღეგრძელო რომ შევსვი, ბატონმა სანდრომ ჭიქა ხელში შემატოვა:
– ახლა, კეთილი ინებე და რამდენიმე სადღეგრძელო შენც წარმოთქვი.
მე თავის მართლებას მოვყევი, რომ ღვინის სმისა და თამადობის დიდი სპეციალისტი არ ვიყავი, მით უმეტეს, ბატონი სანდროს ფონზე.
სანდრო ახარხარდა:
– აპ, აპ, აპ! სადღეგრძელოს წარმოუთქმელობას არაფრის გულისთვის არ გაპატიებ. შენი ხნის რომ ვიყავი, ყოველი ჭიდაობის წინ 8 ლიტრ ღვინოს ვსვამდი და ამდენივეს კიდევ გაამრჯვების შემდეგ. შენ ახლა სმის იშტაზე მომიყვანე და ახლა მეუბნები, ღვინოს არა ვსვამო! გაგონილა? ასეთი ოინები ჩემთან არ გაგივა.
ამ სიტყვებს რომ ამბობდა ბატონი სანდრო, სიცილს ვერ იკავებდა.
ზუსტად ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს „M-1“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გაჩერდა, მძღოლმა ახალი წელი მოგვილოცა და ბატონ სანდროს შესთავაზა:
– ნიჩბისში მივდივარ და თუ იქეთ მოდიხართ, თქვენც წაგიყვანთ.
– როგორ არა, – გაუხარდა ბატონ სანდროს და გამომხედა, – რა ბედი გქონიაო.
მერე მძღოლს სთხოვა, სუფრის ალაგებაში მომეხმარეო. სინამდვილეში მასაც რამდენიმე სადღეგრძელო შეასვა, რის შემდეგაც გამომეშვიდობნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ნიჩბისისკენ გაეშურნენ.
შემდეგ შეხვედრებზე ბატონი სანდრო ყოველთვის იგონებდა ჩვენს გაცნობას და დაუზარებლად მოყვებოდა საინტერესო ამბებს თავისი სპორტული ცხოვრებიდან“.
დავით ბუზუკაშვილი